ქსელში გახლართული მსოფლიო - კვირის პალიტრა

ქსელში გახლართული მსოფლიო

"მობილური ტელეფონის გამოსხივება საფრთხეში აგდებს ტვინის ათასობით ნეირონს"

"ზოგჯერ ანტენები კორპუსების მოპირდაპირედ არის აღმართული და მისი ბინადარნიც გამუდმებული დასხივების არეში იმყოფებიან"

ხომ გინახავთ, ობობა მსხვერპლს ქსელში როგორ ახვევს. საბრალო, რაც უფრო ფართხალებს თავის დასახსნელად, მით მეტად იხლართება ბადეში. ეს სურათი გამახსენდა, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ მეცნიერს (ჯემალ ბერიძე, ვანო ზურაბიშვილი, ალბერტ ასანიძე, თეიმურაზ სვანიძე) ვუსმენდი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ელექტრომაგნიტური ტალღებით დაქსელეს დედამიწა. ამის გამო დედამიწაზე ელექტრომაგნიტური ველის დონე ბუნებრივთან შედარებით 500 000-ჯერ გაიზარდა. ფიჭური კავშირები, ინტერნეტი, ტელევიზია... ქმნიან მუდმივად ცვლად ველებს, რომელიც თურმე ჩვენს ორგანიზმშიც შემოედინება.

- მაგალითისთვის მოვიყვანოთ მობილური ტელეფონით თუნდაც ერთი ზარის განხორციელების სქემა. როდესაც საუბარს ვიწყებთ, ჩვენი სიტყვები ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჯერ საბაზო სადგურამდე მიაქვს, იქიდან კომუტაციის ცენტრებში, ამ ცენტრებიდან მიმღებ აბონენტთან არსებულ უახლოეს სადგურამდე, შემდეგ კი - აბონენტამდე. ამ ერთი ზარის გზასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ყველგან წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი. ახლა გავიაზროთ მილიარდობით ტელეფონი, მასზე ერთდროულად მოსაუბრე მილიონობით ადამიანი და შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველის დონე. ამას დავამატოთ კომპიუტერებისა თუ ტელევიზორებისგან შექმნილი ელექტრომაგნიტური ველები და მივხვდებით, რა სივრცეში ვცხოვრობთ.

- მძიმე სურათია, მაგრამ ტექნოლოგიურ პროცესებს ხომ ვერ შევაჩერებთ. რა ვქნათ?

- ამაზე მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ფიქრობენ. თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე დიდი გამოსხივება მობილურ ტელეფონებს აქვს, რომელიც საფრთხეში აგდებს ჩვენი ტვინის ათასობით ნეირონს.

მობილური ტელეფონებიდან მოლუსკების ნეირონებზე დასხივებულმა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოკვლევამ ბევრი გააოგნა - მოლუსკების სიცოცხლისუნარიანობა ორჯერ შემცირდა. სხვა კვლევებით მაღალი გამოსხივების ელექტრონული ველი, რომელიც ადამიანის სხეულში აღწევს, შლის სისხლის პლაზმას, თავისა და ზურგის ტვინის უჯრედებს. რაც ლეიკემიის წინა პირობაა.

- მაგრამ ამ ტექნოლოგიების გარეშე ადამიანი ხომ უმწეოა.

- როცა მეცნიერები ტექნოლოგიებს ქმნიან, მათგან თავის დაცვის გზებსაც ეძებენ - როგორ უნდა ვიცხოვროთ მათთან ერთად ისე, რომ ნაკლებად დავზიანდეთ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახური აკონტროლებს გამომსხივებელ ობიექტებს - უამრავ სადგურსა და ანძას. არსებობს ნორმები, რომლითაც იცავენ არა მხოლოდ ადამიანს, სამყაროსაც. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება. მართალია, არსებობს "რადიოსიხშირული დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება (რსდ.ემგ) სანიტარიული წესები და ნორმები", მაგრამ არ არსებობს ნორმების შესრულებაზე კონტროლის სამსახური. ანუ ვისაც რაც უნდა, იმას აკეთებს, ვისაც სადაც უნდა, იქ დგამს ანტენას (საბაზო სადგურს), საიდანაც ელექტრომაგნიტური ტალღები ძირითადად პირდაპირი ხედვის არეში ვრცელდება. ზოგჯერ ანტენები კორპუსების მოპირდაპირედ არის აღმართული და მისი ბინადარნიც გამუდმებული დასხივების არეში იმყოფებიან. მაკონტროლებელი სამსახური რომ არსებობდეს, არ დაუშვებდა საცხოვრებელი სახლების წინ ასეთი ანტენების აღმართვას, ან მფლობელებს აიძულებდა, იმგვარად განელაგებინათ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვათ. ასე რომ, ჩვენ უზარმაზარი უხილავი პრობლემა გვაქვს, რომელსაც სწორედ უხილაობისა და საზოგადოების გულგრილობის გამო, სახელმწიფო უხილავადვე ტოვებს. ეს კი დანაშაულია. თუ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ამ საკითხში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, შესაძლოა, მძიმე დაავადებების ფონმა მოიმატოს. სიცოცხლეზე ძვირფასი კი არაფერია ამქვეყნად.