რაგბის პრინციპები მინისტრის ცხოვრებაში
14-04-2014
რაგბის პრინციპები მინისტრის ცხოვრებაში
"ხეხილის დარგვა, მოვლა-პატრონობა მინდა"

"მენატრება დასვენება, მაგრამ როცა პაციენტის მაჯას იღებ ხელში, ამაზე ვერ იფიქრებ, სანამ არ იგრძნობ, რომ მაჯისცემა გარანტირებულად ჩადგა მწყობრში"


ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრისას ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღებიდან" მარტვილელი გოგოლი მახსენდება, თავს რომ იწონებს საქართველოში წინაპრების ცხოვრების 200-წლიანი ისტორიით და სიამაყით ქართველობს. რუბრიკაში, რომელიც მინისტრების აპოლიტიკურ ისტორიას მოგითხრობთ, საშუალება მომეცა, გამეგო, ვისი გორისაა ქართული ჯანდაცვის ნომერი პირველი მცველი. არც ქართველი სერგეენკოები აღმოჩნდნენ ნაკლები ისტორიის მქონე, მათი
ამბავიც თითქმის ორი საუკუნის წინ გოგოლივით დასავლეთ საქართველოდან დაწყებულა. ღირსეულმა შთამომავალმა წინაპრების ვინაობა მოწიფულობაში დაადგინა, მანამდე კი...


უბნის პედიატრის გავლენა

ბიჭი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე წიგნის ჭიად ითვლებოდა, თურმე ხშირად ავადმყოფობდა. დღეს მიიჩნევს, რომ სწორედ უბნის პედიატრის გულისხმიერებამ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი. მაშინ არ იცოდა, რომ
მამის პაპა, პირველი გაქართველებული სერგეენკო, სამხედრო ექიმი ყოფილა.

დავით სერგეენკო: - შესანიშნავი სპეციალისტი იყო ჩემი პედიატრი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვაკითხავდი. ის მიგვარებდა ყველა პრობლემას. პროფესიული არჩევანიც პედიატრის ჩემ მიმართ დამოკიდებულებამ განაპირობა. არადა, იშვიათად ირჩევდნენ ვაჟები ამ სპეციალობას - პედიატრიის ფაკულტეტზე 150 სტუდენტიდან მხოლოდ 35 გახლდათ ვაჟი.  

ბრიტანულ-უკრაინულ-მეგრულ-გურული მიქსი

- ერთ დღეს გადავწყვიტე, მომეკვლია, ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი. დუმბაძის გოგოლისა არ იყოს, ბაბუაჩემის მამაც დიდი ხნის წინ, 1877 წელს ჩამოსულა საქართველოში. პროფესიით სამხედრო ექიმი, ყირიმის ომის მონაწილე, ომის შემდეგ სწვევია საქართველოს და ქუთაისის გუბერნიის მთავარ ექიმად დაუწყია მუშაობა. ქუთაისის არქივში დაცული მასალების მიხედვით აღვიდგინე სურათი, თუ რას საქმიანობდა ბაბუაჩემი. სამეგრელოში ექიმების დანიშვნის შესახებ და სხვა განკარგულებებზე მისი ხელმოწერები საუკუნისწინანდელ რეალობას მიცოცხლებს. ყველაზე ახალი დოკუმენტი 1907 წლით არის დათარიღებული. ბაბუაჩემიც  მათ შორის ყოფილა, ვისაც დიდი შრომა გაუწევია, რომ წყალტუბო გამხდარიყო ფართო მასშტაბის კურორტი; მონაწილეობდა მის განვითარებასა და წყლების სამკურნალო თვისებების მეცნიერულ შესწავლაში.

დედაჩემის წინაპრების ისტორიაც უცხოელთან არის დაკავშირებული. XIX საუკუნის შუახანებში, როდესაც პირველი რკინიგზა - თბილისი-ფოთის მაგისტრალი გაჰყავდათ, საქართველოში ჩამოსულა ბრიტანელი ინჟინერი, ჩემი დიდი ბაბუა, სამწუხაროდ, გვარი ჯერ ვერ დავაზუსტე. ცოლად შეურთავს ჩემი დიდი ბებია, თურმანიძის ქალი, მერე მათმა მონაგარმა, ისევე, როგორც სერგეენკოებისამ, იმრავლა და საბოლოოდ მე გახლავართ ბრიტანულ-უკრაინულ-მეგრულ-გურული სისხლის მიქსი. რთული გენეალოგია მაქვს, ნახევარი მსოფლიოა თავმოყრილი.

ჩემმა მშობლებმა, პროფესიით ფიზიკოსებმა, უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი. მამა 1990 წელს გარდაიცვალა, დედა 80 წლის ხდება, საოცარი მეხსიერება აქვს, ყოველ წელს დაბადების დღეს ზუსტად დაბადების დროის მიხედვით მილოცავს. მე და ჩემი მეუღლეც ერთი პროფესიის ვართ. ერთმანეთი რუსთავში, სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობისას გავიცანით. დაქორწინების შემდეგ ის ყველაზე საპატიო საქმით, შვილებისა და ოჯახის მოვლით არის დაკავებული.  ორი ქალიშვილი გვყავს - 21 წლის ტყუპი, ექიმობა ისურვეს, ბეჯითი გოგონები არიან...

ჩხირკედელა

-  ბოლო წლებში შევისწავლე ტექნოლოგიები და საჩხერეში ძველი სარეცხი მანქანის ძრავისგან გავაკეთე მეტალის დასამუშავებელი აპარატი. მარტივი კონსტრუქციაა, ნოუ ჰაუ არ არის. ეს საქმე ჩემი ერთ-ერთი ჰობი, მსუბუქი გატაცება იყო. თავისუფალ დროს ვჩხირკედელაობდი, მაგრამ ახლა საქმის გამო განზე გადავდე. მანამდე რამდენიმე დანაც გავაკეთე და მეგობრებს ვაჩუქე.

ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების მცირე კოლექციაც მაქვს, თუმცა, გაჩუქება უფრო მიყვარს, ვიდრე შენახვა. მაქვს XIX საუკუნის ხმალიც. ცეცხლსასროლი იარაღი მომწონს, მაგრამ არასოდეს მისვრია ცოცხალი არსებისთვის. ტექნოლოგიური ღირსებებით ულამაზესი ინჟინრული ნაკეთობაა ნაგანი, რომლის 1895 წლის მოდელი, ალბათ, საუკეთესოდ მიიჩნევა. შესაძლოა პარაბელუმი გაუტოლდეს მახასიათებლებით. როგორც მანქანებშია როლს-როისი ან პორშე, იგივეა იარაღებში ნაგანი.

სროლა მიყვარს. აი, ნახეთ, ეს არის ტირიდან წამოღებული სამიზნე აბრა, 25 მეტრიდან შევძელი თავში მომეხვედრებინა, მაგრამ ეს მაინც არ არის ის შედეგი, რაც უნდა იყოს.

საყვარელი წიგნი - "უცხო სიტყვათა ლექსიკონი"


დავით სერგეენკო ხშირად საგონებელში აგდებს ჟურნალისტებს უცხო სიტყვათა გამოყენებით, რომელთაც იქვე განმარტავს ხოლმე. ამიტომაც ჩემი კოლეგები ხშირად ხუმრობენ, რომ მინისტრს ტვინის ნაცვლად "გუგლი" აქვს და ყველაფერზე იძლევა პასუხს.

- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა,  თან უცნაურობა მჭირდა, ჯერ კლასიკა წავიკითხე, მოგვიანებით კი  კარლსონსა და პეპის ჩავუჯექი.  ჩემი საყვარელი წიგნები იყო "უცხო სიტყვათა ლექსიკონი", "მითოლოგიური ლექსიკონი" და სხვა ასეთი გამოცემები. ზეპირად ვიცოდი, რომელ გვერდზე რა ეწერა, რომელ სიტყვას რა განმარტება ჰქონდა და სანაძლეოს ვიგებდი.

კარგად მახსოვს გაგრა

- კარგად შემიძლია აღვიდგინო გაგრის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, სად რა შენობა იდგა, რა ფერის ჭიშკარი ჰქონდა ეზოებს,   აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია გავიხსენო ყველაფერი.  
1987 წელს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და ინტერნატურა გავიარე სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოში. მერე ვმუშაობდი უბნის პედიატრად ბლაბურხვაში, სოფელია გუდაუთასა და გაგრას შორის. ვმორიგეობდი  გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში. ორი წელი ვიმუშავე სოხუმში, 1989 წლის ზაფხულში გუდაუთიდან  რუსთავში გადმოვედი. იმ დროს, აფხაზეთში, უკვე გართულებული იყო ვითარება. 

რაგბი

სამედიცინო ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, იმ წელს გაგრიდან ვბრუნდებოდი, უბილეთოდ ვმგზავრობდი და ტამბურში  სამედიცინო ინსტიტუტის მორაგბეთა გუნდის მწვრთნელი, ცხონებული რეზო ჩხეიძე გავიცანი. მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ. გადამიბირა, რომ წვრთნებს შევუდგებოდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, ბევრს ვმოგზაურობდით. მოგვიანებით ჩემი საეკლესიო მოძღვარიც ყოფილი მორაგბე გახდა, ის, ვისაც ხშირად მოწინააღმდეგის სახით ვხვდებოდი მოედანზე. ბედნიერი ვარ, რომ სპორტის ეს სახეობა ავირჩიე და წლები გავატარე ამ სამყაროში, რომელმაც ბევრი რამ მომცა - არა მხოლოდ პატარა გამარჯვებებით მოგვრილი სიხარული, არამედ ღირებული თვისებები და ჩვევებიც, რაც ახლაც მეხმარება საქმიანობაში. არ მინდა მიწყინონ ფეხბურთელებმა და სხვა გუნდური სპორტის მიმდევრებმა, მაგრამ რაგბიში კატეგორიულად იკრძალება შემდეგი: არ უნდა იკადრო უკადრებელი, მაგალითად, ფეხის დადება, რაგბიში ეს არათუ იკრძალება, დიდი სირცხვილია და შესაძლოა, გუნდმა გაგრიყოს. კარგია, თუ დიდი რაგბი ითამაშე, დიდ გუნდებში დიდ გამარჯვებებს მიაღწიე, მაგრამ ამ სპორტით  მიღებული ცოდნა მიგყვება მუდმივად და გიადვილებს ცხოვრებას, ბევრის გადალახვას შეგაძლებინებს. ჩემთვის განსაკუთრებულია ადამიანი, რომელსაც რაგბი აქვს ნათამაშები. ე.ი. პირველი, მეორე, მესამე დონის სელექცია - ფილტრაცია აქვს გავლილი და უკვე ხვდები, ვისთან გაქვს საქმე, მიენდო თუ არა, რადგან საერთო ღირებულებები გაქვთ ბევრ საკითხში. კომფორტული და ღირსეული ურთიერთობების კოდია რაგბი.

საჩხერეში როგორ მოვხვდი?


- ჩემი მეგობრები მუშაობდნენ საჩხერის საავადმყოფოში. გაჩნდა საჭიროება, რომ იმ საავადმყოფოს პედიატრიც ჰყოლოდა. შემომთავაზეს კონსულტანტობა, მაგრამ სამ ადგილზე ვმუშაობდი, უარი ვთქვი. მოგვიანებით, მეგობრებმა მითხრეს, რომ საჩხერის საავადმყოფოს განვითარება იყო აბსოლუტურად საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი და სხვა რაიონების მკვიდრი მოსახლეობისთვის უკეთესი სამედიცინო დახმარების გარემოს შექმნას. გადავწყვიტე, ჩემი ცაიტნოტური რეჟიმის მიუხედავად, მაინც გამომენახა დრო. ასე რომ, რამდენიმე თვე ვიმუშავე პედიატრ-კონსულტანტად და შემდეგ შემომთავაზეს, საავადმყოფოს ჩავდგომოდი სათავეში.

სწავლა სიბერემდე

- საავადმყოფოს დაპროექტების სტადიაში ჩართვის გამო მომიწია საფუძვლიანად შემესწავლა არქიტექტურისა და ტექნოლოგიური ნორმები, რადგან ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული, რა სიგანის უნდა იყოს კარი, კორიდორი, კონდიცირების და განათების ნორმები, სამედიცინო აირების მომარაგება და ა.შ. სპეციალური, სტანდარტების წიგნის ყიდვა დამჭირდა.

სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვანია გულმოდგინედ სწავლა, ინფორმაციის მოძიება, რომელიც მერე დაგჭირდება. ვერაფერს დავაბრალებ სწავლის ხარისხს, მე მქონდა არასრულფასოვანი დამოკიდებულება, რის გამოც შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ გამაჩნდა წარმატებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, საერთოდაც, წარმატებაზე არ ვფიქრობდი. ახლაც ჩემთვის წარმატება არის არა კარიერული წინსვლა, არამედ ის, რომ პაციენტი იყოს უკეთ. 33 წლის ასაკში, როდესაც  ბავშვთა ქირურგიაში, რეანიმაციაში დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ჩემი ცოდნით პაციენტებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენებდი და დავიწყე სამედიცინო ლიტერატურის შესწავლა. ფაქტობრივად, პაციენტის საწოლთან წიგნით ვიდექი.  რამდენიმეწლიანი გადამზადება დამჭირდა იმისათვის, რომ კარგად მომევლო ჩემი პაციენტებისთვის.

ფერმერობა მინდა და ჯინო მენატრება

- ექიმი რომ არ ვიყო? ფერმერი, აგრონომი გავხდებოდი.  ვხედავ სიბერეს სოფელში, სიმშვიდეში. ხეხილის დარგვა, მოვლა-პატრონობა მინდა. რაღაცები აქამდეც გამიკეთებია, ღვინის დაყენების ტექნოლოგია შევისწავლე და როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, თურმე კარგადაც გამომდის... ახლაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში ჩემს ძაღლთან ერთად. კანე-კორსო მყავს, ჯინო, უსაყვარლესი ძაღლი. იმის გამო, რომ ვეღარ ვასეირნებდით, სიმამრთან მყავს ბულაჩაურში.

მენატრება სიმშვიდე და დასვენება, მაგრამ როცა პაციენტის მაჯას იღებ ხელში, დასვენებაზე ვერ იფიქრებ, სანამ არ იგრძნობ, რომ მაჯისცემა გარანტირებულად ჩადგა მწყობრში.
ნინი
15 აპრილი 2014 12:39
ყველაზე მაგარი მინისტრი და საუკეთესო ადამიანი. გაიხარეთ და გაძლება მოგცეთ ღმერთმა!!!
nodari
15 აპრილი 2014 00:36
ბ-ნი ირაკლი მენაღარიშვილის მერე ჯანდაცვას არ ყოლია ესეთი გონიერი,კეტილშობილი და კარგი მენეჯერი როგორც ბ-ნი დავით სერგეენკო ბრძანდება. გისურვებტ წარმატებებს და ვიცი რომ ეცდებით გამოასწოროთ ბევრი წინა მინისტრების დროს დასვებული შეცდომები, რაც საკმაოდ რთულია მაგრამ მე მჯერა თქვენი.
mananach
14 აპრილი 2014 17:29
ყოველთვის მიყვარდა ეს ადამიანი თავისი განათლებით, კულტურით, პროფესიონალიზმით.ფიზიკურადაც მშვენიერი მამაკაცია.ვამაყობ და მიხარია რომ ასეთი მინისტრი მყავს

რედაქტორის რჩევით