"დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოსწავლეთა თანდასწრებით პანღურები ურტყა მისმა კოლეგამ(!)" - კვირის პალიტრა

"დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოსწავლეთა თანდასწრებით პანღურები ურტყა მისმა კოლეგამ(!)"

მაია კობახიძე: "ვაცხადებ, ახლაც სკოლაში მიმდინარე პროცესს მართავენ ტარას შავშიშვილი, ლალი რამინაშვილი და ამავე სკოლის საინფორმაციოს მენეჯერი თეა მიოტიშვილი. მერწმუნეთ, რამინაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები და პასუხი უნდა აგოს!"

ორმოცდამეცამეტე საჯარო სკოლაში რამდენიმე დღეა სასწავლო პროცესი ჩაშლილია. მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგების უმრავლესობა სკოლის ყოფილი დირექტორის, მარიამ-ლალი რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. იგი სკოლაში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების გამო გაათავისუფლეს და ახალი დირექტორი, ეკა გახარია დანიშნეს, თუმცა, ის სკოლაში არ შეუშვეს.

პედაგოგები უკან დახევას არ აპირებენ. "სასწავლო პროცესი აღდგება, თუ გაიწვევენ ახალდანიშნულ დირექტორს და სკოლის მართვა გადაეცემა დირექტორის მოადგილეებს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შეიძლება მასწავლებლებმა მიმართონ უკიდურეს ზომას - შიმშილობას", - განაცხადა პედაგოგმა ინგა თუთბერიძემ. უკან დახევას არც განათლების სამინისტრო აპირებს და ამ პროცესს მართულს უწოდებს. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, სკოლაში არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა. მარიამ რამინაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და სასამართლოში სარჩელი შეაქვს, დარწმუნებულია, რომ სიმართლეს დაამტკიცებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მომავალში გაირკვევა, თუმცა ცალსახაა, სკოლაში ვითარება იძაბება. დაპირისპირება მოხდა პედაგოგების იმ ნაწილთან, რომლებიც აქციას არ უერთდებიან და სასწავლო პროცესის აღდგენას ცდილობენ. მათ სირცხვილის კორიდორიც კი მოუწყვეს.

განათლების სამინისტრომ იმის დასამტკიცებლად, რომ პროცესები 53-ე სკოლაში მართულია, ვიდეჩანაწერებიც გამოაქვეყნა. "ფირზე ნათლად ჩანს, რომ დირექტორის მოადგილე, შორენა ნოდარიშვილი-გამყრელიძე მიზანმიმართულად შლის გაკვეთილებს. ფირზე ასახულია, თუ როგორ უშლიან ხელს გაფიცული მასწავლებლები იმ პედაგოგებს, რომლებსაც გაკვეთილის ჩატარება სურდათ. ადგილი აქვს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც... მარიამ რამინაშვილის და, ლიკა რამინაშვილი ორგანიზებას უწევდა #53-ე სკოლის წინ გამართულ აქციას, უზრუნველყოფილი იყო გაფიცული მოსწავლეებისთვის წარწერიანი მაისურები და საკვები. მთელი დღის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავდნენ #53-ე საჯარო სკოლის ბავშვების მშობლები, რომლებიც გვთხოვენ, დროულად უზრუნველვყოთ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება. სასწავლო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა გულისხმობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს შეფასებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოსწავლეების გამოყენებას პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ ბრალდებებს ეხმიანება ყოფილი დირექტორი, რომელიც გაფიცვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და განათლების სამინისტროს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა მოკვლევის მიზნით უკვე გადაეცა პროკურატურას.

მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე აცხადებს, რომ  სკოლის დირექტორი დამნაშავეა და პროცესები მართულია:

- ეს პროცესი რომ მართულია, ეჭვს არ იწვევს. 53-ე საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა და პედაგოგთა ნაწილმა აირჩია აბსოლუტურად მიუღებელი გზა თავის გადასარჩენად და ამ პროცესში ჩართო მოსწავლეთა დიდი ნაწილი. პირადი მიზნებისთვის ბავშვების გამოყენება ეწინააღმდეგება პედაგოგის ეთიკის ყოველგვარ ნორმებს და იკრძალება ბავშვთა უფლებათა კონვენციით. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, - ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ რამინაშვილის დასჯას. ის არის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორის, ტარას შავშიშვილის უახლოესი მეგობარი. ყველას ახსოვს, რა მოხდა მაშინ სკოლაში - შავშიშვილმა სკოლიდან გარიცხა მოსწავლე სრულიად უსაფუძვლოდ და ამას მხარი დაუჭირეს შაშკინმა და სააკაშვილმა. შავშიშვილი დასჯის ნაცვლად დააწინაურეს, გადაიყვანეს მასწავლებელთა პროფკავშირების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილედ და მის ადგილას რამინაშვილი დანიშნეს. ამ ალიანსმა არაერთი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ორგანიზაციასაც. ეს ხალხი 2008 წლიდან გვებრძოდა. "პროფესიული სინდიკატი" 2008 წელს ყოფილი ხელისუფლების დავალებით დააფუძნეს ტარას შავშიშვილმა, ლალი რამინაშვილმა და ეკატერინე ჩერქეზიშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალმა" "პროფესიული სინდიკატი" არ ცნო პროფესიულ კავშირად და ყვითელ პროფკავშირად აღიარა. ისინი ყოფილი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ - პედაგოგებს აშანტაჟებდნენ. წლებია ვითხოვთ რამინაშვილის დასჯას! 2013 წლის თებერვალში ჩვენ მივმართეთ განათლების სამინისტროს, რადგან ლალი რამინაშვილი და ტარას შავშიშვილი საჯარო სკოლების დირექტორებს ემუქრებოდნენ. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 2 თვე იკვლევდა საქმეს და დასკვნის საფუძველზე ტარას შავშიშვილი გათავისუფლდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. გაუგებარი და აღმაშფოთებელია, განათლების სამინისტრომ მაშინვე რატომ არ მოახდინა რეაგირება ლალი რამინაშვილის საქმიანობაზეც და რატომ გამოიჩინა ლოიალურობა? მაშინვე უნდა გადაეგზავნათ მისი საქმე პროკურატურაში. მივმართავ 53-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, გააანალიზონ რამინაშვილის საქმიანობა, არსებული დარღვევები, ხელოვნურად შექმნილი მოვლენები და აღადგინონ სასწავლო პროცესი. წლების მანძილზე სკოლის დირექტორებს მართავდნენ თეა თუთბერიძე, ტარას შავშიშვილი, ლალი რამინაშვილი და იმ პერიოდის განათლების სამინისტროს ოფიციალური პირები. ვაცხადებ, ახლაც სკოლაში მიმდინარე პროცესს მართავენ ტარას შავშიშვილი, ლალი რამინაშვილი და ამავე სკოლის საინფორმაციოს მენეჯერი თეა მიოტიშვილი. მერწმუნეთ, რამინაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები და პასუხი უნდა აგოს!

- აქციაში მონაწილე პედაგოგები აცხადებენ, რომ თუ გაკვეთილზე არ შევლენ, განათლების სამინისტრო მათაც გაათავისუფლებს, თქვენ ამ პედაგოგებს არ დაიცავთ?

- თუ გაფიცვის პერიოდში გაათავისუფლებენ, ეს კანონდარღვევა იქნება და ამაზე არ ვაპირებთ გაჩუმებას. ვფიქრობ, აქციაში მონაწილე პედაგოგები არ არიან გარკვეული, როგორი დამნაშავეა რამინაშვილი და ამიტომ დგანან მის გვერდით. ისინი გამოიყენეს პირადი პოლიტიკური მიზნებისათვის, უამრავი დეზინფორმაცია მიაწოდეს მშობლებს, მასწავლებლებსა და ბავშვებს. არადა, უდავოა, ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, სულ ცოტა, სამსახურიდან გათავისუფლებით.

- თუ აქტიური "ნაციონალი" იყო, იქნებ მართლაც ამ ნიშნით დევნიან, ამას გამორიცხავთ?

- ასე რომ ყოფილიყო, მაშინ გაუშვებდნენ სამსახურიდან, როცა ახალი მინისტრი დაინიშნა, მით უფრო, რომ 2013 წლის თებერვალ-მარტში შიდა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დირექტორებზე ზეწოლისა და დაშანტაჟების საქმე. მათ ჰქონდათ საფუძველი, რომ ლალი რამინაშვილს ეგო პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ მაშინ ეს არ გააკეთეს. ვის აძლევს ხელს დღეს ეს აქციები? მათ "ნაცმოძრაობა" მფარველობს. წარმოიდგინეთ, პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებას ცდილობდნენ, სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დაწყებითი კლასის მასწავლებელს, ქალბატონ ნატო ფურცელაძეს მოსწავლეთა თანდასწრებით პანღურები ურტყა მისმა კოლეგამ. ეს უკვე საგანგაშოა(!).

თეა ხურცილავა