"ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა" და ან ცაში გაფანტული მილიონები! - კვირის პალიტრა

"ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა" და ან ცაში გაფანტული მილიონები!

2, 5, 7, 12  თუ 15 მილიონი

"თქვენს გაზეთში გამოაქვეყნონ, რაში რა დაიხარჯა და გვითხრან, რა საჭირო იყო ეს ზარ-ზეიმი"

"ხოსე კარერასი აქ მუქთად არ ჩამოვიდოდა"

იანვრის პირველი დღეები საქართველოში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ახალ წელს ყველა ქალაქში ზეიმით შეხვდნენ, მაგრამ გამორჩეული მაინც ბათუმი იყო. 30-31 დეკემბერს 200-მდე სანტა-კლაუსმა და თოვლის ბაბუამ სადღესასწაულო აღლუმი მოაწყო ქალაქის ქუჩებში, 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე მშვენიერი და გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელგანთქმული საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ, მათ შორის - ხოსე კარერასიც. კონცერტს ამშვენებდა ლაზერშოუ და ფეიერვერკი.

ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - რა თანხა დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებში? ამ კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს მივმართეთ: "მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო ღონისძიებები მთელ საქართველოში ჩატარდა და არა მხოლოდ თბილისში ან ბათუმში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად შეხვდა ახალ წელს. რაც შეეხება ხარჯებს, ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებს ექნებათ".

KvirisPalitra.Geზუსტ ციფრს ვერ ასახელებს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც: "ოფიციალური მონაცემები, თუ რა დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებში, ჯერჯერობით ხელთ არა გვაქვს. ისე კი, საშობაო-საახალწლო დღესასწაულებისთვის ბათუმის ბიუჯეტში 391 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხაში შედიოდა ქალაქის მორთვა, განათება, აქსესუარები, სადღესასწაულო ღონისძიებები. 50 ათასი ლარი კი ცალკე გამოიყო ფეიერვერკებისთვის. რაც შეეხება კონცერტს, პრეზიდენტმა კი თქვა, ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყოო, მაგრამ ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაცილებით მეტი დაიხარჯა. ყველა სხვადასხვა ციფრს ასახელებს - 5 მილიონს, 7 მილიონს და ა.შ.…ამ თვის ბოლოს საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს და იმედია, ყველაფერი გაირკვევა".

საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ გაწეული ხარჯები სრულიად ზედმეტი იყო: "საახალწლოდ დახარჯულ თანხაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მინდა ყურით მოთრეული ციფრებით მანიპულირება, თუმცა ვიცი - ერთი ან ორი მილიონი ნამდვილად არ იქნებოდა და თუნდაც 1-2 მილიონი იყოს, მიმაჩნია, რომ ამ თანხით გაცილებით სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე ერთჯერადი ღონისძიებები და კონცერტებია. მართალია, ბათუმში გამართული კონცერტი ძალზე თვალწარმტაცი იყო, მაგრამ არა მგონია, ეს კონცერტი ხალხის კეთილდღეობაზე ყოფილიყო გათვლილი. ჩემი აზრით, სახელმწიფოს, სადაც ერთ მილიონამდე კაცი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, საკონცერტოდ საქმე არა აქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ომი და დაკარგა ტერიტორიები. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მოსიყვარულე ხელისუფალს განწყობაც ადეკვატური უნდა ჰქონდეს. საზეიმოდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს. ალბათ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა დასავლეთს დაანახონ, რომ ქვეყანა გადარჩა, სახელმწიფო შედგა და რომ ყველაფერი კარგადაა".

ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრებს ეჭვქვეშ აყენებს "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურმან დუმბაძეც: "ექსპერტები, სპეციალისტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, ვინც ამ სფეროში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებებში ათჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული, ანუ დაახლოებით 12-15 მლნ ლარი. ზუსტი ციფრი კი არავინ იცის, იმიტომ, რომ ვერც ქალაქის ბიუჯეტში ამოვიკითხეთ, ვერც სახელმწიფოს ბიუჯეტში და ვერც ვერსად. ცხადია, ხოსე კარერასი აქ მუქთად არ ჩამოვიდოდა. როგორც ამბობენ, მისი ჩამოყვანა ჩვენს ბიუჯეტს სულ მცირე, 100 ათასი ევრო დაუჯდა. მინდა გითხრათ, რომ ბათუმის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ევროპის მოედანზე არ ყოფილა, იქ იყვნენ დედაქალაქიდან ჩამოსული სტუმრები, სავარაუდოდ, მთავრობის წევრები და მათთან დაახლოებული პირები, რამდენიმე ათასი კაცი. როცა კარერასი მიუახლოვდა მიკროფონს, უკვე 12 საათი სრულდებოდა, ვიღაცამ მაშხალა ააფეთქა, კარერასი შეშინდა და მოტრიალდა, ვახტანგ კახიძეს კი სადირიჟორო ჯოხი ხელში გაუშეშდა. ახალი წელი არის სახალხო ზეიმი, საქართველოში ამ დროს ოჯახებში იკრიბებიან, წარსულს იხსენებენ, მომავალს ლოცავენ და რა საჭიროა ამ ტრადიციის მოშლა? აბსურდია, როცა ამტკიცებენ, ამ კონცერტის შემდეგ ტურისტთა რიცხვი გაიზრდება ბათუმშიო. მეეჭვება, კარერასს ბათუმი დაამახსოვრდეს, მგონი უფრო სიმღერის დაწყებამდე მის სიახლოვეს აფეთქებული მაშხალა გაახსენდება და სხვა არაფერი".

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ეს საკითხი სულ სხვა კუთხით განიხილა: "ეჭვი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებებში ძალიან ბევრი "შავი ფული" დაიხარჯა. სრულიად კანონიერიც რომ იყოს და ბიუჯეტში აღინუსხოს საზეიმო კონცერტზე დახარჯული თანხა, ვთვლით, რომ ეს არის სრულიად უაზრო ხარჯი. სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი გართობა არის ქვეყნის პრესტიჟის, მისი ძლიერების დემონსტრირება, როგორც ამას თვლიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-14, მაგრამ ავიწყდება, რომ ის ძლევამოსილი ევროპული სახელმწიფოს მმართველი იყო, სააკაშვილი კი - დაშლილ-დანაწევრებული და შეურაცხყოფილი სახელმწიფოს მეთაურია. ჩვენთვის ნამდვილად არ არის ცნობილი ზუსტი ციფრი, მაგრამ ვიცით, რომ მარტო საახალწლო განათების ერთი დღე ქვეყანაში ჯდებოდა 800 ათასი ლარი. გარდა ამისა, რა დაუჯდა ქვეყანას ჭაღები, ნაძვის ხეები, დეკორაციები, გირლანდები, მოსართავი საშუალებები და უცხოტომელი სანტა-კლაუსები, არავინ იცის. ადგნენ და თუნდაც თქვენს გაზეთში გამოაქვეყნონ, რაში რა დაიხარჯა და გვითხრან, რა საჭირო იყო ეს ზარ-ზეიმი. თუ არ გვეტყვიან, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყოველივე ემსახურება პიარს, საარჩევნო კამპანიას და იმის ილუზიის შექმნას, თუ რა ბედნიერად ცხოვრობს ქართველი ხალხი".

P.S. იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა ჩვენს სახელმწიფოს ახალი წლის აღნიშვნა, აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რასაც ნებისმიერ პიროტექნიკურ კომპანიაში გეტყვიან: ერთი წერტილიდან გაშვებული ერთწუთიანი ფეიერვერკის ღირებულება 100 დოლარიდან იწყება და 2 ათას დოლარამდე ადის. უფრო ძვირფასი სადღესასწაულო ფეიერვერკები კი წუთი 5-10 ათასი დოლარიც ღირს. წარმოიდგინეთ, რამდენი ფეიერვერკი ვიხილეთ სამდღიანი ზეიმის დროს თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მიუმატეთ ამას სხვა ხარჯებიც და დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ...

ხათუნა ჩიგოგიძე