ვაი პიროტექნიკისაგან! - კვირის პალიტრა

ვაი პიროტექნიკისაგან!

გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის პირველ დღეებში პიროტექნიკური ნაწარმის წყალობით 70-მდე ადამიანი დაზიანდა. ტელევიზიით აჩვენეს 13 წლის ბავშვი, რომელსაც ასაფეთქებელმა თვალი დაუზიანა. ამბობენ, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა კიდეც. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს.

თუნდაც არსებობდეს, ზუსტი მაინც ვერ იქნება, რადგან ბევრი ამ დროს ექიმს არ მიმართავს და ოჯახურ პირობებში მკურნალობას ამჯობინებს. მოსახლეობამ ხშირად არც კი იცის, როგორ გამოიყენოს ეს ნაწარმი და ყიდულობს ნივთს, რომელმაც შეიძლება ახალი წლის პირველი დღეებიც ჩაუმწაროს და მის ჯანმრთელობასაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ბესო წულაძე: "იანვრის პირველ დღეებში მართლაც აქვს ადგილი დაზიანების შემთხვევებს. პაციენტების უმეტესობა მოზარდია. ძირითადად კიდურები, სახის არე და თვალი უზიანდებათ, ამის მიზეზი კი გაუფრთხილებლობა და პიროტექნიკური ნაწარმის უხარისხობაა".

იაფფასიანი პიროტექნიკური ნაწარმი საქართველოში ძირითადად ჩინეთიდან შემოაქვთ და ზოგიერთები ამ გზით გვარიან თანხასაც იჯიბავენ, მაგრამ პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არავინაა. რას უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი, თუ არა გულგრილობას და განუკითხაობას, რომელიც ამ სფეროშია გამეფებული და რომლის შესახებ ხშირად ვწერთ ხოლმე?!

ძველით ახალი წელი ახლოვდება. დარწმუნებულნი ვართ, ბევრი ჩვენგანი ამ დღესასწაულსაც რაკეტების, შუშხუნებისა და მაშხალების თანხლებით შეხვდება. ამიტომაც გირჩევთ, ფრთხილად იყოთ და ზედმიწევნით შეასრულოთ პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს დასახიჩრებულ თვალს ან დამწვარ ხელს მეკვლის ცუდ ფეხს, ან შავ კატას ნუ დააბრალებთ!

ხათუნა ჩიგოგიძე