"ივენთი ჰოლი” და "ბლუ ივერია” - კვირის პალიტრა

"ივენთი ჰოლი” და "ბლუ ივერია”

"ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა. თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული! ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილოკავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს”, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში, სადაც ქართული ენის შელახვის, მოსპობის მცდელობის საფრთხეებზეც ისაუბრა. უწმინდესი და უნეტარესი ქართული ენის განადგურების მცდელობის საკითხს გლობალურად განიხილავს და აცხადებს, რომ ენის დაქცევიდან ქვეყნის დაქცევამდე ერთი ნაბიჯიც აღარაა დარჩენილი.

12 წლის თინათინს, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლედ ითვლება, ბოლო დროს პრობლემები შეექმნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გოგონა საშინაო დავალებებსა და საკონტროლო წერაში დაბალ შეფასებებს იღებს. როგორც გაირკვა, ბავშვს, რომელიც ანბანის შესწავლის დღიდან მშვენიერი ქართულით წერდა, დაავიწყდა ზოგიერთი ასო-ნიშანი. მაგალითად ღ-ს ნაცვლად გ-ს წერს, წ-ს ნაცვლად ც-ს, ყ კ-ში ერევა და ა.შ. მშობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვს პრობლემები ინტერნეტთან ურთიერთობის შედეგად დაეწყო. გოგონა მეგობრებს სკაიპსა და ინტერნეტგვერდებზე ლათინური ანბანით უკავშირდება. ლათინურ ანბანს იყენებენ სატელეფონო შეტყობინებათა გაგზავნის დროსაც. შესაბამისად, მიმოწერა ქართულ ენაზე, მაგრამ ლათინური ანბანით აქვთ. როგორც გაირკვა, საბედნიეროდ არსებობს იმის საშუალება, რომ ინტერნეტით ნებისმიერი მიმოწერა ქართველებთან ქართულ ენაზე ვაწარმოოთ.

ქართველი ერი მსოფლიოში ერთ-ერთია 14 ერთაგან, რომელსაც საკუთარი ანბანი აქვს და უბრალოდ უგუნურობაა ასეთი ერის წარმომადგენლები მიმოწერისთვის სხვა ანბანს რომ იყენებენ.

ქართული ენის დამცველი, "ენის პალატის” ყოფილი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ერთი მომცრო მონაკვეთია ქართულ ენასთან დაკავშირებით შექმნილი უზარმაზარი პრობლემიდან: "ეს საკითხი ისევე სწორად გასათვლელი და გადასაწყვეტია, როგორც ბევრმა, ტერიტორიულად თუ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჩვენმა ტოლმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს. კომპიუტერი და ვინდოუსი სრულად უნდა გაქართულდეს, რაზეც ენის პალატამ წლების განმავლობაში იმუშავა. მემორანდუმიც გაფორმდა "მაიკროსოფტთან,” რაც შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "იუ-ჯი-თის” გადაეცა სამოქმედოდ. როგორც ვიცი, ვინდოუსის ნაწილიც გაქართულდა, მაგრამ რა? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა პირობა შეიქმნა კომპიუტერის ქართულ ენაზე გამოსაყენებლად, არაფერი შეცვლილა. არადა, ქართული ანბანის გამოყენება ალტერნატივა კი არა, ერთადერთი შესაძლებლობა უნდა იყოს ამ ჭკვიან მანქანასთან ენობრივი ურთიერთობისას. საქართველომ ეს საკითხი ისევე უნდა გადაწყვიტოს, როგორც გააკეთეს თუნდაც ებრაელებმა. აბა, ერთი ჰკითხეთ ისრაელს, როგორ არის იქ საქმე, კომპიუტერთან ურთიერთობა მხოლოდ ებრაულ ენაზე ხდება, რაღა თქმა უნდა, თუ მიმოწერა არ აქვთ ინგლისურენოვან მხარესთან. ასე ხდება ჰოლანდიაში, თურქეთსა და უამრავ ქვეყანაში. ფრანგებმა იმისათვის, რომ ინგლისური სიტყვა არ გამოეყენებინათ, კომპიუტერსაც კი შეუცვალეს სახელი და ორდინატორი დაარქვეს. ამაში გამოიხატება ენისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება. საფრანგეთში ერთი უცხო სიტყვაც რომ შეიტანონ ენაში, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაა საჭირო. ჩვენთან კი... გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე და ნახეთ, რამდენი ბრენდის მაღაზიაა, რომელთა მეპატრონეები ქართული წარწერის გამოყენებასაც კი არ კადრულობენ. ამიტომაც საზოგადოების და ცალკეული ორგანიზაციის მცდელობა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, თუ სახელმწიფო და მთავრობა არ იზრუნებს ენის დაცვის საკითხზე. თუმც, სამწუხარო ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ მიაჩნია ენის დაცვა პრობლემად. ენის დაცემა კი ერის დაცემას იწვევს. რასაც ხელს არ უშლის დღევანდელი ხელისუფლება, პირიქით უშვებს ქართული ენის სამარცხვინო, დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნას. მაგალითისთვის თუნდაც ერთი, სასტუმრო "რედისონის” ამბავი კმარა. თუ მიაქციეთ ყურადღება, სასტუმროს ადრე ეწერა "რედისონ სას”, არადა, უნდა ყოფილიყო "რედისონ სას ივერია”. მოგეხსენებათ, "ივერიის” დაწერის თანხმობას დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ პოლიტიკური პარტიების ჩარევით. მერე რატომღაც გადაწყდა, რომ დაეწერათ "რედისონ ბლუ ივერია,” მართლაც რომ ბლუ არის ივერია, ბრმა არის საქართველოს მთავრობა და დამუნჯებული და დაყრუებულია ქართველი ერი, როდესაც ამას ითმენს. რას ჰქვია ბლუ ივერია? რუსებმა არ დააწერინეს ბლუ, რადგან გალუბოი სხვა ასოციაციებს აღძრავსო. ამიტომაც რედისონმა კეთილი ინება და რუსულენოვან ტერიტორიებზე "რედისონ სას” დაწერა, სას დაახლოებით ბლუს ნიშნავსო. აქ მთავარი ის არის, რომ რუსეთის მოთხოვნას გაუწია ბიზნესმენმა ანგარიში და რადგან რუსებს ბლუ არ მოსწონდათ, სხვა სიტყვა გამოიყენეს. საქართველოში კი ქართული ინტერესები არ არსებობს და შესაბამისად, მათთვის ანგარიშგაწევასაც არავინ ითხოვს ხელისუფლებიდან.

ამას წინათ მესმის ტელევიზორიდან, საინფორმაციო გამოშვებაში ვიღაც ამბობს, "ივენთი ჰოლში” ვიყავითო, მერე სხვამ გაიმეორა იგივე და ასე გაგრძელდა რამდენიმე შემთხვევაში. რა გამოდის, ჟურნალისტები, რომლებიც ტელევიზიიდან ენის ბედს უნდა განსაზღვრავდნენ, თავად უთხრიან სამარეს ენას. რას ჰქვია "ივენთი ჰოლი”? ვინმე გაბედავდა ეთქვა ქართულ წინადადებაში "ვ ზალე მეროპრიატიი” ან "ვ ბალშომ ტეატრე” ვიყავიო? ვინმე გაბედავდა საბჭოთა საქართველოში რომელიმე რუსული ლოგოტიპი ისევე გაემეორებინათ, როგორც რუსებს ჰქონდათ? ეს შეუძლებელი იყო. ახლა კი რა ხდება? "ივენთი ჰოლის” ანუ ღონისძიებების დარბაზის თქმა არ შეგვიძლია, სიტყვები სადმე გვაქვს საძებნელი? ერთხელ ოტია იოსელიანმა თქვა, ენა უდრის ერს ან პირიქით, ერი უდრის ენასო. ამიტომაც სახელმწიფოს, ხელისუფლებას უნდა შეეძლოს ენის დაცვა, რომ ერი დაიცვასო. თუ არ დაიცავს ენას, მაშინ ხომ შეუძლებელი იქნება სამყაროს ქართულ ენაზე აღქმა? რაღა ერი ვიქნებით მაშინ?”