უზნეობის სერიალები - კვირის პალიტრა

უზნეობის სერიალები

"ვის სჭირდებოდა იმის გაგება, ვენესუელაში რომელი მამიდაშვილი რომელ ბიძაშვილს შეიყვარებდა"

ვინც ჩვენი უწმინდესის საშობაო ეპისტოლე წაიკითხა, ალბათ დამეთანხმება, რომ ძნელია უფრო მეტი სიმძაფრითა და ტკივილით გადმოსცე სამშობლოს და თითოეული აქ მცხოვრების სიყვარული, მათი ბედისა და გადარჩენისთვის ვედრება და ფიქრი. რამდენი რამ წერია აქ საგულისხმოდ და სამომავლო იმედად, მაგრამ გვესმის კი ცოდვილებს, ამქვეყნიური კეთილდღეობის მაძიებლებს, სულიერი მამის შეგონება?

ამონარიდი საშობაო ეპისტოლედან: "დღეს ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებას უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისთვის"...

"ვეფხისტყაოსნის" შემქმნელ ერს არ უნდა სჭირდებოდეს ამის შეხსენება, მაგრამ ქართველმა, როგორც ჩანს, დაივიწყა საკუთარი მისია ღვთის წინაშე და ახლა უგემოვნო სერიალების მეხოტბედ იქცა. ან ვის სჭირდებოდა იმის გაგება, ვენესუელაში რომელი მამიდაშვილი რომელ ბიძაშვილს შეიყვარებდა, რაზეც აგებულია ამ სერიალთა სიუჟეტები. ხალხი ვიცი, არც ერთ სერიალს არ უშვებს უნახავს და იმის მაგივრად, რომ შრომასა და ლოცვაში გაატაროს დრო, იმაზე ფიქრით იღლის ტვინს, რომელიღაც ხუანსა თუ ჩიმაროს რა ფერის წინდა მოუხდება. ესეც არ იკმარეს, ახლა გადმოაქართულეს და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისეთი სერიალები შექმნეს, უზნეობაში ვენესუელურ "შედევრებსაც" გადააჭარბეს. რაც ამ პროექტებში თანხა იხარჯება, იმის მცირე ნაწილით ხომ არაერთი მართლაც შედევრის დაწერა და გადაღება შეიძლება. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული ქართული კინოსთვის არავის ემეტება დაფინანსება, ამ უხამს სიუჟეტებში კი იფლანგება მილიონები...

ამონარიდი ეპისტოლედან: "არ შემიძლია, არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას. რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების  ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. ყოველი სიტყვისთვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე.

განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებლები. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ...

მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი დედასთან მიმართებაში"...

მეტი რაღა უთხრას, მეტი რითღა შეევედროს ერის სულიერი მამა თავის შვილებს, რათა მათ დამღუპველ ცოდვაზე ხელი აიღონ? დედა - ჩვენი არსებობის, ჩვენი სიცოცხლის არსი და მადლი... ქართველი კაცი რომ საკუთარ დედას წაბილწავს, ის ხომ ქართველად არ იწოდება; ის ხომ არც სამშობლოს დაინდობს; არადა, დედამიწის ზურგზე დედაშვილობის განცდა ისე მძაფრად, სად შეგხვედრიათ, როგორც საქართველოში: დედაეკლესია; დედაენა; დედამიწა; დედასამშობლო; დედაქალაქი; დედაბოძი...

ამ ყველაფრის კვალად კი ქართველ "ვაჟკაცებს" ვინ ჩივის, ქართველი ასულები - მომავალი დედები, ასე "ტკბილსიტყვაობენ" საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად: - მამაჩემის საყვარელი ვიყო, თუ ვიტყუებოდეო(?!)...

მეტი უბედურება და გადაგვარება რაღა უნდა იყოს წმიდა ნინოს, თამარ მეფის და ქეთევან დედოფლის სამშობლოში...

ვინ დაუდგინათ, ვინ განუსაზღვრათ ზნეობის კრიტერიუმად ეს საშინელი ცოდვიანი ფრაზეოლოგია ჩვენს შვილებს? ალბათ იმ იდეოლოგებმა, რომლებმაც "უწყინარი" ხუანა და ჩიმარო შემოგვაჩვიეს თავიანთი აწეწილ-წაბილწული სიუჟეტებით  და ცხოვრების წესად უქციეს ქართველებს...

გასაგებია, რომ ვიღაცას აზიატობად და წარსულის გადმონაშთად მიაჩნია ჩვენი გულისტკივილი. აფსუს, წარსული იძახონ და 800 წლის წინ რაც შექმნა შოთა რუსთაველმა, დღეს იმის ერთი ბწკარის დაწერის შნო და ნიჭი მაინც თუ აქვს ვინმეს? არც აინტერესებთ, მაინცდამაინც ცუდს და ბილწს ისრუტავენ, თორემ უცხოეთშიც რამდენია კარგი გადმოსაღები...

სად არის გამოსავალი?..

ამონარიდი ეპისტოლედან: "ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა - უარსაყოფი...

ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც ძირითადად აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება... იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან. აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული"...

რა გინდა რომ ქნა. ახალი დროის "გადემოკრატებულ" ქართველებს ისტორიის საწყისი მაინცდამაინც 2003 წლიდან ჰგონიათ და მიაქცევენ ყურადღებას ამავე ეპისტოლეში მოყვანილ ჭკუისსასწავლებელ მწარე გამოცდილებას? - "განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ"...

უბედურება კიდევ ის არის, რომ  ამ შეცდომების "შემოქმედნი" წახალისებულნი და დაწინაურებულნი არიან...

ეგებ ახლა მაინც გაიგოთ "ახალი" საქართველოს აღმშენებელნო" - "ადამიანს მხოლოდ საკუთარი  ძალით სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს, წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება"...

P.S. ამბობს ჩვენი უწმინდესი, ყველაფერს ამბობს და აკეთებს ჩვენი სულების გადასარჩენად. სიბრძნეს კი სიბრიყვით ვერასოდეს შეიგნებ! აკი სახარებაც ამას ქადაგებს: ვისაც ყურნი აქვს, ისმინოსო!.. შეგნებისა და მოსმენის უნარი მოგვცეს ღმერთმა!