"მამების ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"მამების ქვეყანა"

"მომლაპარაკებელი კაცი არ ჩანს ხელისუფლებაში"

მწერალ გურამ ოდიშარიას თბილისურ ბინაში  აფხაზეთი ცოცხლობს. აფხაზეთი "იღვრება" კედელზე დაკიდებული ტილოებიდან, მცენარეებიდან და მასპინძლის დახვედრიდან. საუბარში ხელი რომ არ შეგვიშალოს, მეტისმეტად ალერსიან და ანც დალმატინელს ცალკე ოთახში დროებით "ატყვევებენ". რადგან ახალი წლის დასაწყისი განვლილის შეფასებისა და ახლის მოლოდინით არის სავსე, ამ განწყობას ვერც ბატონ გურამ ოდიშარიასთან საუბრისას ავცდით:

- 2010 წელი 21-ე საუკუნის საიუბილეო წელია და ამ წლის ბოლოს განვლილი 10 წელიც გვექნება შესაფასებელი, რომელიც მოვლენებით სავსე და რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს, სამწუხაროდ, სისხლიანი კონფლიქტები ჰქონდა და ასეთ დროს შერიგება დიდხანს ჭირს. ახლა მხოლოდ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კი არა, ქართულ-რუსული კონფლიქტი გვაქვს. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც სოხუმი უღელტეხილით დავტოვე, დავწერე, აფხაზებთან ომამდე დავმარცხდით, რადგან ეს ომი ვერ შევაჩერეთ და, პირიქით, ხელი შევუწყვეთ-მეთქი. ასეთივე იყო აგვისტოს ომიც. ჩვენ დამარცხებული ამ ომამდე ვიყავით, რომელმაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დაპირისპირების შედეგები გააფორმა. ზოგი ამბობს, ადრე თუ გვიან, რუსეთთან ომი მოხდებოდაო, მე კი ვფიქრობ, რომ ომის თავიდან აცილება ყოველთვის შეიძლება. პატარა ქვეყანას დიდი დიპლომატიურობა მართებს.

90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში განხეთქილებას მოჰყვა. ახლაც ასევეა. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები იყვნენ გასული წლის აქციების ორგანიზატორები. დაპირისპირება ძალზე გამწვავდა. საზოგადოებაში სიძულვილს ვხედავ, დედის გინებამდე მისულ ერთმანეთის კრიტიკას რომ ვუსმენ, ისეთი განცდა მაქვს, დაპირისპირებულმა მხარეებმა "ბნელ კუთხეში" რომ მოიხელთონ ერთმანეთი, ისვრიან კიდეც.

მმართველმა გუნდმა მთელი ქვეყნის სიმართლე და ჭკუა უნდა მოაგროვოს და სამშობლოს სამსახურში ჩააყენოს. გაეროში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ ახალგაზრდული ენერგია გვაქვსო, მაგრამ ქვეყნის მართვას ენერგიასთან ერთად გამოცდილებაც სჭირდება. ყველა შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული კაცი ხომ არ არის? მიმოიხედეთ გარშემო ქვეყნებში. მთავრობაში ყველგან მამების თაობაა. ბევრ ენაში სამშობლოს სინონიმი  მამულია  (რუსულად - "ოტჩიზნა", გერმანულად კი "ფატერლენდ"), ანუ მამების ქვეყანა. ჩვენ კი მამების თაობა ძალიან გვაკლია ქვეყნის მმართველობაში. ბევრი ადამიანის პოტენციალი გამოუყენებელია. ხელში ოქროს მონეტები გვიჭირავს და მდინარეში ვყრით. ჩვენი ოქრო წყალს არ უნდა გავატანოთ.

მომლაპარაკებელი კაცი არ ჩანს ხელისუფლებაში. ასეთი ხალხი კი ძალიან გვჭირდება, რადგან უამრავი საკითხი დაგვიგროვდა შინაც და ქვეყნის გარეთაც.

რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, ერთი პატარა საქართველო რუსეთში გვაქვს და მათ აქედან პატრონობა სჭირდებათ.

მამაჩემი სამხედრო იყო და მისი მონაყოლი მახსენდება: მეორე მსოფლიო ომის დროს ლევიტანის განცხადებების მერე ყოველთვის მუსიკას რთავდნენ და ეს, ძირითადად, გერმანული მუსიკა იყოო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი გერმანიას ეომებოდა, ქვეყანაში გერმანული მუსიკა ისმოდა. ამით სტალინი ამბობდა, მე ვებრძვი ფაშიზმს, მაგრამ არა ვარ გერმანული კულტურის მტერიო.

ამას წინათ ახალგაზრდა მომღერალი გოგონა ამბობდა, არ ვიცი, რა დაკარგა პაატა ბურჭულაძემ რუსეთშიო. მას არა აქვს უფლება, რომ პაატა ბურჭულაძის დონის ხელოვანი განსაჯოს.

ამერიკელების უსაყვარლესი პრეზიდენტი იყო ლინკოლნი, რომელმაც ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოხდა, რომ შარშან მეტი მტერი გყავდათ, ვიდრე წელსო, ასე უპასუხა, - მტრებს ჩემებურად ვანადგურებ, ჩემთან ვიბარებ და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ისინი ჩემი მეგობრები ხდებიანო. უდიდესი ნიჭია მტრის მეგობრად ქცევა. ეს უნდა შევძლოთ ქართველებმა. რუსეთი რომ აგრესორია, ეს ტალიავინის დასკვნაშიც არის ნათქვამი, მაგრამ ამავე დასკვნაში ჩვენთანაც აქვთ შენიშვნები და მერჩივნა, არ ყოფილიყო. ტალიავინის დასკვნა ერთი კაცის შეფასებები ხომ არ არის?

მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი, ინგლისელებმა კი არ დაგვიპყრეს, არამედ ჩვენ მივეცით ინდოეთიო. ინდოელები რომ გაერთიანდნენ, ამის მერე შეძლეს ინგლისელებისაგან გათავისუფლება.  რუსეთმა კი არ წაგვართვა ტერიტორიები, ჩვენ მივეცით უფლება, ასე მოგვქცეოდა. ნაკლი და მარცხის მიზეზი უპირველესად საკუთარ თავში უნდა დავინახოთ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დაშვებულმა შეცდომებმა მიგვიყვანა ქართული ტერიტორიების დროებით დაკარგვამდე. მინდა, ხელისუფლებამ შეცდომები მეტად გააანალიზოს, იფიქროს, რა ხდებოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წლების განმავლობაში. ასევე გასაანალიზებელია 7 ნოემბრის მოვლენები, ამისთვისაც უცხოელების კომისია ხომ არ არის საჭირო? აჯობებს, ხელისუფლებამ თავად შეაფასოს ობიექტურად, რაც მოხდა. სიმართლე უნდა ითქვას, ოღონდ სიყვარულით, თანაგრძნობის გარეშე კრიტიკას ფასი არა აქვს.

- ვიცი, რომ აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სოხუმში იყავით.

- გასული წლის მაისში ვიყავი სოხუმში. მასპინძლებს ვთხოვე, ბაზარში წავეყვანე და ძალიან გამიხარდა, რომ იქ აფხაზურის გარდა,  მეგრული და ქართული ლაპარაკიც გავიგონე. ქართველების სიძულვილი არ მიგრძნია. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრ აფხაზს ქართული სისხლი აქვს. ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ბევრი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა. სოხუმში ბევრმა მკითხა თბილისში მცხოვრებ ბიძაშვილებზე, დეიდაშვილებზე და მოკითხვა დამაბარა.

ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ   ასიმილაციის საფრთხე გააძლიერა. ახალგაზრდა თაობამ აფხაზურად წერა-კითხვა არ იცის. იქაური ხელისუფლება საკანონმდებლო აქტებით ცდილობს აფხაზური ენის გადარჩენას.

- რადგან ენის საკითხი ახსენეთ, მინდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლის იმ ნაწილზე გკითხოთ, სადაც მეგრულად და სვანურად ბიბლიის თარგმნის მცდელობასა და ქვეყნის დაშლის საფრთხეზე საუბრობს.

- სვანურ და მეგრულ ენებს გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ ეს არ უნდა გულისხმობდეს ქვეყნის დაშლის საფრთხეს. როდესაც ქვეყანა ერთი გუნდი იქნება, ასეთი სურვილი აღარ  გაუჩნდება მტერს. ეტყობა, ვიღაც ხედავს, რომ ქართველების ერთიანობა მყიფეა.

ჩვენს საზოგადოებას აკლია დუღაბი, რაც ერს კრავს. თუ ოპოზიცია, ხელისუფლება და საზოგადოება ერთ მიზანს არ დაისახავენ და საქვეყნო საქმის კეთებას არ მოჰკიდებენ ხელს, რთული მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ.

ქართველების ერთიანობას რომ დაინახავენ აფხაზები და ოსები, უფრო ადვილად მოვლენ ჩვენთან. ბევრს უთქვამს, ტელევიზიით სულ მიტინგები და ქართველების ერთმანეთის გინება ისმის. ვისურვებდი, რომ 2010 წელს ისეთი ერთიანობა ყოფილიყოს საქართველოში, აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ერთად ცხოვრება მონდომებოდეთ.