ფრანკენშტაინი
21-04-2014
ფრანკენშტაინი
ივლისის თოვლში დაბადებული

მკითხველო, თქვენ ახლა "უცნაური" წიგნი გიჭირავთ ხელში. თუმცა, შეიძლებოდა, ეს სიტყვა ბრჭყალებში არც ჩაგვესვა - "ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე" მართლაც ბევრი რამით არის უჩვეულო: ნოვაციით (განსაკუთრებით, მისი შექმნის დროს თუ გავითვალიწინებთ); ავტორისა და თვით წიგნის "თავგადასავლით" და, რაც მთავარია, იმით, რომ თითქმის საუკუნის თავზე იგი ახალი კინოჟანრის, ხოლო კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ლამის მთელი "საშინელებათა ინდუსტრიის" საწყისად იქცა.

მართლაც აღარავინ დაობს, რომ 1910 წელს მერი შელის
რომანის მიხედვით გადაღებული მუნჯი ფილმი დღეს ასე უცნაურად პოპულარული "საშინელებათა ფილმების" წინაპარია, რომელთა რაოდენობა აღურიცხავია და მხატვრული დონის სრული არარსებობის მიუხედავად, ამ კინომაკულატურით უზარმაზარ ფულს შოულობენ მისი მწარმოებლები.

იმავეს თქმა შეიძლება ასეთივე თანამედროვე ლიტერატურის დიდ ნაწილზე. თითქმის 200 წლის წინ 18 წლის გოგონას მიერ დაწერილი
"დოქტორი ფრანკენშტაინი" კი კლასიკად იქცა და დამსახურებულადაც. შესაძლოა, არ გიზიდავდეს მსგავსი სიუჟეტები, შესაძლოა, წიგნში მხოლოდ დადებით ემოციას ეძებდე ადამიანი, მაგრამ მაინც არ შეიძლება "პროფესიონალმა მკითხველმა" სიამოვნება არ მიიღოს ამ წიგნით - კალმის ოსტატის ბრწყინვალე ნაოსტატარით.

წინასიტყვაობის მცირე ფორმატი მწირი არჩევანის საშუალებას გვაძლევს: ან ნაწარმოებზე უნდა ვთქვათ მეტი, ან მის ავტორზე. ამიტომ ვარჩიე, მერი შელის ცხოვრების გზა გავიხსენოთ, მით უმეტეს, რომ ეს გზა თვითონ არის რომანი - დიდი სიყვარულით, უამრავი სიკვდილით, მოგზაურობებით, გაქცევებით, დიდ ადამიანებთან შეხვედრებითა და ამქვეყნიური საზრუნავით სავსე...

დასაწყისში ამ წიგნის "უცნაურობა" ვახსენე. მართლაც, უცნაური თვით ის წელიც იყო შვეიცარიაში, როდესაც "ფრანკენშტაინის" იდეა დაიბადა - 1816 წელი "ამინდის ისტორიაში" (ალბათ, სინოპტიკოსები წერენ ასეთ ისტორიას) იმით შევიდა, რომ ივლისში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში, თოვლი მოვიდა. შვეიცარიაში თოვლი არც მაშინ უკვირდათ, თუნდაც ივლისში, მაგრამ ალპებში და არა ჟენევის ტბის სანაპიროზე.
ის ზაფხული ლორდმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა და მისმა თანამემამულემ და თანამოკალმემ - პერსი ბიში შელიმ, ფაქტობრივად, სახლის ვერანდაზე  გაატარეს, წვიმას უყურებდნენ და საუბრობდნენ. პერსი შელის მაშინ ჯერ კიდევ უკანონო მეუღლე მერი გუდვინი არასოდეს ჩარეულა მათ საუბარში: "მე ამ საუბრების უცვლელი, მაგრამ უტყვი დამსწრე ვიყავი. ერთხელ ისინი სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხზე მსჯელობდნენ, მათ შორის, სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლოზე, მის ამოხსნასა და ოდესმე ადამიანის მიერ იმის შეძლებაზე, რომ ჩამქრალი სიცოცხლე აღედგინა," - წერდა მერი შელი წლების შემდეგ. დასაძინებლად გვიან წასულან და სწორედ იმ ღამეს უნახავს სიზმრად "საიდუმლო მეცნიერებათა ფერმკრთალი ადეპტი", რომელიც საკუთარი უმსგავსო ქმნილებისკენ დახრილიყო. მერე ისიც დავინახე, როგორ შეირხა, დაეტყო სიცოცხლის ნიშანი ამ ქმნილებას და მოუხერხებელი მოძრაობებიც დაიწყოო...

სიზმრების ახსნა მისტიკოსებს მივანდოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიზმარს მიზეზი ჰქონდა: რამდენიმე დღით ადრე ბაირონს შეუთავაზებია მეგობრებისთვის, - მოდი, ყველამ მოვიფიქროთ და მოვყვეთ რაიმე საშინელ ამბავსო.
დიდი პოეტის ამ ახირებას ორი უკვდავი (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) პერსონაჟის დაბადება მოჰყვა: ფრანკენშტაინისა და ვამპირის. საქმე ის არის, რომ ამ "თამაშში" მონაწილეობა ბაირონის მდივანმა და პირადმა ექიმმა, ჯონ პოლიდორიმაც მიიღო და მალე მანაც გამოაქვეყნა რომანი - "ვამპირი", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

...ყველაფერი კი ლონდონში დაიწყო: ლიტერატურულ წრეებში ცნობილ, მაგრამ მიზეზთა გამო ათვალწუნებულ და ნახევრად მივიწყებულ კაცს - უილიამ გუდვინს იმ დროისთვის უკვე ცნობილი, მაგრამ საზოგადოებისა და საკუთარი ოჯახისგანაც ასევე შერისხული ახალგაზრდა პოეტი პერსი შელი ეწვია. საქმე ის იყო, რომ ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე შელი გათავხედდა და გამოსცა ბროშურა სათაურით: "ათეიზმის აუცილებლობა", რის გამოც ოქსფორდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სამი თუ ოთხი წლით ადრე კი, სრულიად ახალგაზრდამ, მავანი მედუქნის ქალიშვილი შეირთო ცოლად და ეს იმით ახსნა, რომ მისი დახსნა უნდოდა ტირანი მამისგან. თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნებოდა მიზეზი - ჰარიეტი ძალიან ლამაზიც ყოფილა. მაგრამ მზეთუნახავიც რომ ყოფილიყო, შელის დიდგვაროვანი ოჯახი "მედუქნის გოგოს" რძლად არ იგუებდა და ასეც მოხდა.

ასე იყო თუ ისე, როდესაც 1813 წელს შელი გუდვინს ეწვია და იქ მისი 16 წლის, მეოცნებე თვალებით მომზირალი ქალიშვილი გაიცნო, მალევე შეუყვარდა და მისგან - ორი შვილის მამისა და ოჯახზე მზრუნველი კაცისგან, მხოლოდ 22 წლის "ბიჭი" დარჩა. შეყვარებულები ინგლისიდან კონტინენტზე გაიპარნენ და ამით  მერის მამის სახლისკენაც მოიჭრეს გზა, იმის მიუხედავად, რომ შელი ძალიან უყვარდა უილიამ გუდვინს და ხშირად არცთუ უანგაროდ.
მომავალი მწერალი ქალის ცხოვრება უდავოდ ცალკე რომანის სიუჟეტია (და არის კიდეც ასეთი წიგნი) - თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მან ყველაფრის ნახვა მოასწრო. მუდმივად ცუდ პირობებში ყოფნამ, ალბათ, გამოუცდელობამაც, პირველი შვილის დაბადებისთანავე გარდაცვალება გამოიწვია. სიკვდილსა და გაჭირვებას მანამდეც "ახლოს იცნობდა" მერი - დედამისი, იმ დროისათვის ცნობილი მწერალი მის დაბადებას შესწირვია. დედა, უფრო სწორად, უნახავი დედის ხატება ყოველთვის იდეალად ჰყავდა დასახული. მამამ მეორე ცოლი მალევე შეირთო, იმას თან საკუთარი შვილებიც მოჰყვა, შემდეგ საერთო შვილიც გაუჩნდათ. ოჯახში მთავარი პრობლემა მუდმივად საკვების უკმარისობა იყო და ამიტომ საჭმელზე საუბარი სასტიკად აკრძალა მისტერ გუდვინმა. ერთი სიტყვით, მიუხედავად მაშინდელი პურიტანული საზოგადოებრივი განწყობისა, მერის დიდად არ გასჭირვებია თამამი ნაბიჯის გადადგმა - ცოლიან კაცთან ერთად გაქცევა. უფრო მეტიც - მათ შვეიცარიაში მალე მერის დედინაცვლის ქალიშვილი, კლერიც, შეუერთდათ, რომელიც შემდეგ ბაირონის საყვარელი გახდა და შვილიც გააჩინა მისგან.

მალე მეორე შვილი, გოგონა, შეეძინა მერის, შემდეგ - ვაჟიც. ლონდონში სასოწარკვეთილმა "მედუქნის შვილმა" თემზაში დაიხრჩო თავი და იმის მიუხედავად, რომ მერისა და პერსის მართლაც ქენჯნიდათ ამის გამო სინდისი, მათ საშუალება მიეცათ, ოფიციალურად დაქორწინებულიყვნენ და მერი უკვე მისის მერი შელი გახდა.
თითქოს ლაგდებოდა ცხოვრება, პერსი უკვე დიდ პოეტად აღიარეს, მერის რომანიც პოპულარული გახდა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო უბედურებათა მთელი კასკადი: პერსის სასამართლომ პირველ ცოლთან საერთო შვილების ნახვა აუკრძალა, არადა, მათ წამოყვანას და აღზრდას აპირებდნენ; შემდეგ თავიანთი ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ. მალე კიდევ ეყოლათ პატარა, მაგრამ სიხარულის გასიგრძეგანებაც არ დასცალდა მერის - პერსი შელი ორ მეგობართან ერთად იახტის ჩაძირვას შეეწირა ხმელთაშუა ზღვაში.

ამ ტრაგედიებს შორის იყო დიდი სიყვარულით სავსე რვა წელი და ამ სიყვარულის შემდეგ თითქმის 30 წელი მოგონებებით ცხოვრება: მერი შელი თვითონვე ამბობდა, რომ დანარჩენი წლები, თუკი რამეს წერდა ან სხვის ნაწერებს ასწორებდა, ერთადერთი მიზნით - ნაბოლარა ვაჟს, მშობლებივით, არასოდეს ეფიქრა ლუკმაპურზე.
"უცნაურობით" დავიწყეთ და ამითვე დავასრულოთ: ძალიან რომანტიკული, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და ძალიან ლამაზი მწერალი ქალი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერსონაჟით შევიდა.  
14 თებერვალი 2017 23:34
Avtori vinaris?
ნონა
22 აპრილი 2014 19:50
ავტორს მადლობა...

რედაქტორის რჩევით