ცხოვრება ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცისა - კვირის პალიტრა

ცხოვრება ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცისა

აღმაშენებლის გამზირზე, სათნოების სახლ "კათარზისის" ფოიეში, ნელ-ნელა იკრიბებიან ხანდაზმული ადამიანები. ყველამ იცის, რომ როგორც შარშან, წელსაც, სადილის შემდეგ, შინ 10 კვერცხითა და ერთი პასქით დაბრუნდება - ეს მათი სააღდგომო საჩუქარია.

აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ლილი გადელია ორი წელია, "კათარზისის" ბენეფიციარია. ერთოთახიანი ბინა, რომელიც სახელმწიფომ მისცა, ნასესხები 300 დოლარის საფასურად დაკარგა. ახლაც ახსოვს ის დღე, როდესაც "კათარზისის" კარს თვალცრემლიანი მიადგა.

- კარგა ხანს ვერ გავბედე შესვლა, ვიდექი და ვტიროდი. მერე მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა, რატომ ტირით, შემობრძანდითო. ძლივს მოვუყარე თავი სათქმელს - პედაგოგი ვარ, აქ გაჭირვებამ მომიყვანა-მეთქი. დამამშვიდა, თქვენ თუ პედაგოგი ხართ, მე ექიმი ვარ და გაჭირვებამ მეც აქ მომიყვანაო. შვება ვიგრძენი. იმ დღის შემდეგ ყოველდღე აქ ვარ... ცხოვრება რთულია, არავინ იცის, ვის რა მოელის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სიბერეში ყოველდღიური ლუკმაპური საძებნელი მექნებოდა, მაგრამ...

მთავარია, სულიერად არ დაეცე. 1949 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაგრამ ერთი ქულა დამაკლდა. გამოცდები რომ დამთავრდა, ნიკო კეცხოველმა გამოაცხადა, ვისაც ქულები დაგაკლდათ, შეგიძლიათ სოხუმის ინსტიტუტში ჩააბაროთო. ასე ჩავედი სოხუმში და დავრჩი 45 წელი. გალელი ქმარი მყავდა, ორი შვილი შეგვეძინა. გოგონა პატარა გარდამეცვალა, ვაჟმა კი ცოლად აფხაზი გოგონა შეირთო, სამი შვილი გაუჩნდათ. სოხუმში არ მიშვებენ, მწვანე პასპორტი უნდა გქონდესო, არადა, არ მინდა, ისე მოვკვდე, შვილი და შვილიშვილები ვერ ვნახო...

წლებია, ყველა დღესასწაულს მარტოობაში ვატარებ... ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. პენსია 150 ლარი მაქვს, სოციალური დახმარება - 60 ლარი. წინასწარ ვიღებ თანხას და ქირას ასე ვიხდი, ნათესავებიც ცოტას მეხმარებიან...

სანამ დერეფანში მოხუცები შეგროვდებიან, სამზარეულოში შევდივარ. ქალბატონები ენდროიან დიდ ქვაბში კვერცხებს ალაგებენ. როგორც მზარეულის დამხმარე მეუბნება, ერთ დღეში 3 500 კვერცხი უნდა შეღებონ.

მოსაცდელში, სავარძელში ჭაღარა მამაკაცი შევნიშნე. უცნაურია, 71 წლის მოხუცი თავის სახელსა და გვარს არ მეუბნება, მაგრამ მთხოვს, ფოტო გადამიღეთო. თოჯინების თეატრში უმუშავია კომენდანტად. სწორედ მაშინ გავიცანი ლეილა აბაშიძე, უიმედოდ შემიყვარდა და ცოლის მოყვანა აზრადაც აღარ მომსვლიაო, - მეუბნება...

- ყველაზე ძველი "კათარზისელი" ვარ. 23 წელია, ყოველდღე აქ დავდივარ, ეს არის ჩემი სახლი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან. გამსახურდიას დროს ბინა დამეწვა, 12 წელი სასტუმრო "საქართველოში" ვცხოვრობდი. 20 წლის ვიყავი, ლეილა აბაშიძე რომ გავიცანი. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული, - მეუბნება და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, - მე, რეზო ჩხეიძე და ლეილა ვართ... ქალბატონ ლეილას ეს ფოტო, აბა, როგორ ემახსოვრება, მე კი ყოველთვის გულისჯიბით დავატარებ... დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ. შინაც სულ მისი ფოტოები მაქვს გაკრული... ყველა სპექტაკლზე ვარდები მიმქონდა... ცოტა ხნის წინ სოციალური აგენტი იყო მოსული და როდესაც ლეილას ამდენი ფოტო ნახა, ჩაიცინა, ამის შემხედვარე უცოლოდ დარჩებოდი აბა რაო!..

დაწესებულებას ამჟამად 310 ბენეფიციარი ჰყავს - 60-დან 90 წელს გადაცილებული. მათგან 10 მუდმივად აქ ცხოვრობს.

ნანა მუსხელიშვილი, "კათარზისის" პრეზიდენტის მოადგილე: - ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო შემოწირულობაა. აღდგომას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და დაპურდეს. როგორც ყოველთვის, ამ დღეს ორი ათას ადამიანზე მეტი მოდის...

მივუყვები აღმაშენებლის გამზირს და ვფიქრობ: "ნეტავ, მე როგორი სიბერე მექნება?!" ვინ იცის... ერთ დროს ეს ადამიანებიც ხომ ბედნიერები იყვნენ...

იხილეთ ასევე: "ლეილა რატომღაც დაივიწყეს, რის გამოც გული ძალიან სწყდებოდა" - ქართული კინოს განუმეორებელი "ჭრიჭინა" და "მაია წყნეთელი"

ფოტოგალერეა

თორნიკე ყაჯრიშვილი