"იცხოვრო, რათა მოჰყვე" - კვირის პალიტრა

"იცხოვრო, რათა მოჰყვე"

გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლისა აღესრულა

მარკესს ორი საფლავი ექნება?!

ნობელის პრემიის ლაურეატი, ერთ-ერთ საუკეთესო ესპანურენოვან მწერლად აღიარებული გაბრიელ გარსია მარკესი, 87 წლისა მექსიკაში გარდაიცვალა. გამორჩეული მესიტყვე 1927 წლის 6 მარტს დაიბადა კოლუმბიაში. 1967 წელს მისი საყოველთაოდ ცნობილი "მარტოობის ასი წელიწადი" 30 000 000 ეგზემპლარად გაიყიდა, 1985 წელს კი რომანმა "სიყვარული ჟამიანობის დროს" მწერლის ნიჭის თაყვანისმცემელთა არმია გაზარდა". მისი "პატრიარქის შემოდგომა", "პოლკოვნიკს არავინ სწერს", "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი", "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" მკითხველს დღემდე აღაფრთოვანებს. 1982 წელს მარკესს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა...

ახლობლები ვერ თანხმდებიან, სად უნდა დაიკრძალოს დიდი მწერლის ფერფლი. მარკესი, რომელსაც მშობლიური კოლუმბია მემარცხენე შეხედულებების გამო 1981 წელს დაატოვებინეს, ბოლო 35 წელი მექსიკაში ცხოვრობდა. კოლუმბიის ელჩმა მექსიკაში ჟოზე ორტიზიმ ახლობლებს შესთავაზა, ფერფლი თანაბრად გაიყოს და ორივე ქვეყანაში დაიკრძალოს. მის წინადადებას მწერლის ოჯახის წევრები ოფიციალურად არ გამოხმაურებიან, თუმცა, ვარაუდობენ, რომ საკითხი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკების დონეზე გადაწყდება და შესაძლებელია, ლეგენდარულ მწერალს ორი საფლავი ჰქონდეს.

გაბრიელ გარსია მარკესმა კარიერა ბოგოტის ყოველდღიურ გაზეთ "ელ-ესპექტადორის" რეპორტიორობით დაიწყო, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში მუშაობდა.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც პირველად გაზეთში პუბლიკაციების სერიად გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, რაც კონტრაბანდისტული საქონლის სიჭარბემ გამოიწვია. ამ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში (1981 წელს) პერსონა ნონ გრატად აქცია სამშობლოში...

მარკესმა მერსედეს ბარჩა პარდო მაშინ შეიყვარა, როცა გოგონა 13 წლისა იყო და მხოლოდ 14 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 1959 წელს პირველი შვილი, როდრიგო შეეძინათ, 1962 წელს მეორე - გონსალო.

სამწერლო კარიერის დასაწყისში მარკესი საბავშვო მოთხრობების შექმნაზე ოცნებობდა. რამდენიმე მოთხრობა დაწერა კიდეც და საცდელად თავის პატარა ბიჭებს წაუკითხა. მათი ვერდიქტი კი სასტიკი აღმოჩნდა: "შენ ბავშვები ასეთი სულელები გგონივართ?!" - ამგვარი რიტორიკული კითხვით მიმართეს მამას, რითაც საბოლოოდ დააკარგვინეს საბავშვო მოთხრობების წერის ხალისი...

1965 წელს "მარტოობის ასი წელიწადის" წერას შეუდგა. დღედაღამ მუშაობდა და  ვეღარც იმაზე ფიქრობდა, რომ მის ცოლ-შვილს ყოველდღიური სარჩო სჭირდებოდა.  მარკესი წერდა... მერსედესი კი ვალებს იღებდა. მალე ვალმა 10 000 დოლარს გადააჭარბა! როგორც ამბობენ, წელიწად-ნახევრის შემდეგ მარკესს რომანის 13 ათასი გვერდი დაუგროვდა, ოჯახი კი ისე გაღატაკდა, გამომცემლისთვის ტექსტის გასაგზავნადაც კი აღარ მოეპოვებოდა თანხა. ამჯერადაც მერსედესმა იხსნა, სახლის ნივთები გაყიდა და სამი უზარმაზარი ბანდეროლის გასაგზავნი ფული იშოვა...

1999 წელს გაბოს, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, ექიმებმა ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი ლიმფომა, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მსოფლიოს ელვისებურად მოედო ამბავი მწერლის გარდაცვალების შესახებ, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ "ლა რეპუბლიკაში" მცდარი ინფორმაცია გამოქვეყნდა. სწორედ ამ პერიოდში ხალხმა აღტაცებით მიიღო ამავე გაზეთში დაბეჭდილი ე.წ. "ანდერძი", კოდური სახელწოდებით "ჩალის თოჯინა", რომელიც რატომღაც მარკესს მიაწერეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მექსიკელმა მეზღაპრემ, ჯონი ველჩმა, თავისი მოხეტიალე თოჯინების თეატრისთვის დაწერა. ერთი ვერსიით, ანდერძის ავტორი არგენტინის ელჩი პერუში აბელ პარენტინი გახლდათ.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მემუარები, რომელსაც სათაურად სამი ესპანური სიტყვა უძღოდა: Vივირ პარა ცონტარლა ("იცხოვრო, რათა მოჰყვე"). გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა...