მადლი უხმაუროდ უნდა აკეთო... - კვირის პალიტრა

მადლი უხმაუროდ უნდა აკეთო...

"ყველას მადლობა ამდენი სიხარულის მონიჭებისთვის"

"მასალა დაიბეჭდა თუ არა, დილიდანვე დახმარების მსურველთა ზარი არ შეწყვეტილა"

"კვირის პალიტრას" ტრადიციად ექცა მცდელობა, საზოგადოებას გააცნოს უმწეო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. წერილების დაბეჭდვისთანავე რედაქციაში ზარები არ წყდება. - სად მივიდე, როგორ ვნახო, რით დავეხმარო? - კითხულობენ უცნობი მოქალაქეები. ამასთან, უმწეოთა შემწეობის მსურველები თითქოს ერთმანეთთან პირშეკრული არიან, ვინაობის გამჟღავნებაზე ყველა უარს ამბობს, - მადლი უხმაუროდ უნდა აკეთოო. ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე "კვირის პალიტრამ" მკითხველს მოუთხრო 72 წლის უსინათლო მოხუცის, ნაზი გაბედავას ოჯახის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. უკიდურესად ღატაკ ოჯახში ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, 13 წლის ინგა და 16 წლის მურმანი. ინგა დაბადებიდან ინვალიდია, მენჯებში ამოვარდნილობის გამო არასოდეს გაუვლია ფეხზე. მუდმივად მოხრილი ჯდომისგან ხერხემალი გაუმრუდდა, ზამთრობით სიცივეში ყოფნის გამო კი ფილტვებში წყალი ჩაუდგა.

საქველმოქმედო ფონდის "მომავლის გზის" ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი: "სამედიცინო დასკვნების შესაბამისად, ინგა გაბედავას გამოჯანმრთელებისთვის 8.000 ლარია საჭირო. გოგონას ბედით ბევრი მკითხველი დაინტერესდა. სპეციალურად მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე გაჩნდა შემოწირულობები ოჯახების სახელით, 15-20 ლარის ოდენობით. ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც ოჯახი ამაზე მეტის გაღებას ვერ ახერხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც არ ულხინთ, მაგრამ გაჭირვებული მოყვასისთვის პურის ფულს იკლებენ. სწორედ ეს არის სათნოება. გოგონას დასახმარებლად განსაკუთრებულ ინტერესს უცხოეთში მცხოვრები ქართველები გამოხატავენ. თურმე ერთმანეთს აძლევენ "კვირის პალიტრის" და ჩვენი ფონდის ინტერნეტმისამართებს და სთხოვენ გაბედავებზე წერილი წაიკითხონ. ორიოდე დღის წინ ამერიკიდან რამდენიმე ქართველმა ინგა გაბედავას ანგარიშზე 500 დოლარი გადმორიცხა. ღმერთმა ქნას, ეს პროცესი არ შენელდეს".

შობის დღესასწაულის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვინახულე ინგა. მის სახლში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ნაძვის ხე შემატებია ოთახს. ეს ხე-დედოფალა საგანგებოდ ჩემთვის მოწყობილ საღამოზე მაჩუქესო, - მითხრა ინგამ. - ამ დღეებში ბევრი ხალხი მოდიოდა. მოჰქონდათ ტომრით კარტოფილი, ზეთი, ნამცხვრები, ტანსაცმელი... ერთმა კაცმა მურმანს ახალთახალი ტანსაცმელი მოუტანა. ყველას მადლობა ამდენი სიხარულის მონიჭებისთვის. ორი ქალი იყო მოსული, თქვეს, მძახლები ვართო, მათთვის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს უთხოვიათ, ნახეთ და დაეხმარეთო. გულში მიხუტებდნენ, მე კი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან საკუთარი დედისგან მიტოვებულს ერთბაშად ამდენი დედა გამომიჩნდა.

ნაზი გაბედავას ოჯახის შესახებ მასალა დაიბეჭდა თუ არა, ორშაბათს დილიდანვე დახმარების მსურველთა ზარი არ შეწყვეტილა... ვინმე კახა აღელვებული მთხოვდა გაბედავების ზუსტი მისამართი მიმეცა, მოგვიანებით ისევ დამირეკა და კიდევ უფრო აღელვებულმა მითხრა, რომ უმწეო ოჯახი მოინახულა და ნანახს ძალიან განიცდიდა. მე სისტემატურად ვიზრუნებ ამ ბიჭზე, ერთი კაცის შენახვა არ გამიჭირდებაო. სხვა უცნობმა მამაკაცმა სახელის თქმაზეც კატეგორიული უარი მითხრა, ჩქარობდა, ფულს ანგარიშის ნომერზეც გადავრიცხავთ, მაგრამ ფიზიკურადაც გვინდა ვნახოთ ბავშვები და სხვა საჭირო ნივთებითაც დავეხმაროთო. იმავე დღეს, ვინმე ნინომ დამირეკა და გაბედავების მისამართი მთხოვა, შევთავაზე, იქნებ ხვალ დილით ერთად ავიდეთ-მეთქი, რას ამბობ, რა დამაძინებს ხვალ დილამდე, წერილის წაკითხვის შემდეგ პირში ლუკმას ვერ ვიდებ, მე უკვე კუკიაზე ავდივარ, ბავშვებს უნდა დავეხმაროო.

 

ინგა გაბედავას დახმარების მსურველთ შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონებზე:

ჯეოსელი 700 566, მაგთი 200 366.

საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი, 220 101 502. მიმღების ანგარიშის ნომერი 149043301. მიმღების დასახელება: "სიღარების დაძლევის ფონდი ქველმოქმედთა სახლი - მომავლის გზა"