თურქეთისკენ მიმავალი საქართველო... - კვირის პალიტრა

თურქეთისკენ მიმავალი საქართველო...

"გამიგე, მაგფერი სამუშაო თუ გამოჩნდეს სადმე და შევუთვლი ჩემ დას ქუთაისში"

- უიმე, ლუიზა, აგი შენ ხარ, ცავ?

- კი, ლიანა, კი! - პასუხობს ქალბატონი მეწვრილმანეს და თან უცნაურ ფერად შეღებილ თმას ისწორებს, - ორი დღეა  ჩამოვედი რიზედან და წამოვიყვანე აგერ ბაზარში ჩემი ბაღანა. არ მომყვებოდა, მარა ვუთხარი, - არ გრცხვენია, დედა, თვეობით ვერ გნახულობ, მონატრებული მყავხარ და აგი  რაცხა ორი დღე იყავი ჩემ გვერდით-მეთქი, მარა არ შობა, გარბის ამხანაგებთან, - ამთავრებს საყვედურით და თან სიამაყით უყურებს 14-იოდე წლის ლამაზ გოგონას.

- მონატრებული გეყოლება, აბა, რა! მაი ბაღანა რაც გაჩნდა, მას მერე თურქეთში ხარ... ახლა ვის უვლი, რამდენს გაძლევენ?

- ახლა ერთი ბაბუ მყავს მოსავლელი, ადრე რომ იყო იმას კი ჯობია, პამპერსიც არ სჭირდება და უფრო ხასიათიანიც კია. ფულსაც რა უჭირს, 500 დოლარს მაძლევენ. აგიც კაი ფულია ჩემდა და ჩემი ბაღნებიზა, - პასუხობს ლუიზა და განზე გამდგარ შვილს კაბაზე ქაჩავს, - მოი, დედა, მომეხმარე ამ ჩანთის აწევაში! - ჩანთა სავსეა ნავაჭრი კარტოფილით, სტაფილოთი, მწვანილეულით, ანუ ყველაფერი იმით, რისი მოყვანაც საკუთარ ბოსტანშიც შეიძლება. უცნაურია ადამიანი - უნებურად  გულში იმის თვლას ვიწყებ, რამდენს დახარჯავდა ლუიზა იმ ბაბუის მოვლით ნაშოვნი ფულიდან ბაზარში... მაგრამ ანგარიშს მეწვრილმანე ქალის შეძახილი მიშლის, - კაი ფულია მაგი, ცავ, გამიგე, მაგფერი სამუშაო  თუ გამოჩნდეს სადმე და შევუთვლი ჩემ დას ქუთაისში, - ეხვეწება ლუიზას და ისიც აიმედებს.

ჩვენ, ყველანი - ლუიზა, მეწვრილმანე და კიდევ რამდენიმე მგზავრი ოზურგეთში ვდგავართ მიკროავტობუსების გაჩერებაზე, სოფელში მივდივართ, ოღონდ რომელში, არ დავასახელებ. განა ვინმეს ვუფრთხილდები! აზრი არ აქვს - თვიდან თვემდე მთელი გურია ასე მიედინება თურქეთში თურქების მოსავლელად (და არა მარტო...)

მერე ჩვენი ავტობუსი მოდის და ყველანი ვსხდებით. ლუიზას ახლა იქ აყრიან შეკითხვებს და ისიც პასუხობს: - ახლა მშვენიერი ბაბუა ვიპოვე, კი არის 88 წლის, მარა არაა იმფერი საწმენდი და სასიკვდილე ამას წინაზე რომ მყავდა, - ძინავს მკტარივით მთელი დღე... ლოცვის დრო რომ მოაწევს, უნდა გავაღვიძო და ჩევიყვანო ჯამეში - იქვე, ეზოში აქვს. გამოვა ხოჯა და შეიყვანს შიდ. როცა დაამთავრებს, მომიყუდებს კარზე.

- მაგ თუ ჭამს შენს გაკეთებულ საჭმელს, წინანდელი ბაბუა რომ იწუნებდა - ქრისტიანის გაკეთებული არ მინდაო.

- აგი ჭამს. პირველად კი ეუცხოვა, მარა... ახლა გაახელს თუ არა თვალს, მეხვეწება, შენი მხარის კერძი გამიკეთეო...

- მაგფერი სამუშაო, ეგება, ჩვენდაც  გეიკითხო! - მიაძახეს ქალებმა ლუიზას და წამით მომეჩვენა, რომ საქართველოში ქალი არ იყო დარჩენილი, თურქეთში სამუშაოდ წასვლას არ ნატრობდა...

ის იყო, გავიფიქრე, - რა სჭირს ჩვენს ქალებს-მეთქი,  რომ ლუიზამ გააგრძელა:

- მთლა დავარდნილი ბაბუის მოვლაში 600-700 დოლარსაც იძლევიან. მე არ შემხვთა ჯერჯერობით მასეთი. თუმცა, უფრო უკეთესი ვარიანტი გამომიჩნდა,  მარა ჩვენებურმა ქალმა გამომაცალა ხელიდან. ამას წინათ თურქეთში რომ მივდიოდი, გვერდით თურქი კაცი დამიჯდა. ამდენ წელიწადში თურქული კი ვისწავლე და გავაგებინეთ ერთმანეთს რაცხა, - მითხრა, სტამბოლში სამი მაღაზია მაქვს, საჭმელ-სასმელი გექნება, მაღაზიაში გამუშავებ და 700 დოლარს მოგცემ, შენი ტელეფონი მომეცი, რომ დაგირეკოო. მობილური გაფუჭებული მქონდა. მივეცი ამხანაგის ნომერი. დოურეკა იმას. იმ გოგომ - მე წამიყვანეო. ასე გადამაგდო იმ ჩემმა მეგობარმა.

- ლუიზა, დავუშვათ და წავედი თურქეთში, ღამე სად გავათიო? - შეეკითხა  ახალგაზრდა ქალბატონი, შიშით და ინტერესით.

- ღამის გასათევის მეტი რაა, თუ გინდა, ბინა იქირავე, მარა მაგი ნამეტანი ძვირი ღირს, მაგათ ფულზე 200 ლირა მაინც ჯდება, აგი ჩვენი 160 ლარია და მთელი ნამუშევარი ისევ მაგენს თუ მიეცი, რაღა გამოვიდა... ისევ დამქირავებელთან ჯობს ღამის გათევა - წინასწარ უნდა მოელაპარაკო.

- რას ამბობთ, ქალბატონო, რა იცით, უცხო კაცი სად წაიყვანს, - შევეკამათე ლუიზას.

- იმაზე უარესში სად უნდა წეიყვანოს, ჩვენმა ქმრებმა რომ წაგვიყვანეს, თვითონ კი არიან ჩრდილში წამოწოლილი და ჩვენ კი გაგვყარეს სამუშაოდ! - მიპასუხა უკმეხად და ლაპარაკი განაგრძო, - გეიხედეთ,  მარტო ოზურგეთის ქუჩებში რა ხდება. ჩვენი ბაღნობისას აგი ქუჩები სავსე იყო ხალხით, ახლა იმის მესამედი აღარაა, ქალები თურქეთში არიან სამუშაოდ წასულები!

იქნებ შეკამათება აღარც ღირდა, მაგრამ გული ყოველთვის ხომ არ დაგეკითხება და ლუიზას ვუთხარი, - საუბედუროდ, უცხოს სამსახურს მივეჩვიეთ, თორემ რამდენიმე ძროხა რომ იყოლიოთ და ყველი გაყიდოთ, ოჯახის სარჩენ ფულს როგორ ვერ იშოვით, თან შვილების გვერდით იქნებით-მეთქი...

- შენ იყოლიე მაგი ძროხა, თუ ძალიან გინდა და თუ კაი გგონია მაგის ფუნაში ამოსვრა! - მითხრა ლუიზამ და გაბრაზებულმა შემოხედა. მივხვდი საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და ფანჯარაში დავიწყე სევდიანად ყურება, სადაც ლუიზას გოგონას სევდიან თვალებსაც შევხვდი, - მას თავი ღია სარკმელში გაეყო და დედის ლაპარაკს ყურს არ უგდებდა.

უფრო მომერია სევდა - როდემდე ვივლით ქართველები ასე? აგერ ორი საუკუნე სრულდება, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილმა იკითხა, - "უცხოობაში რაა სიამეო" და ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არ არის!