"იანეთიდან" დანახული პრეზიდენტი და მედია" - კვირის პალიტრა

"იანეთიდან" დანახული პრეზიდენტი და მედია"

"მერე რა მოხდა, თუ პრეზიდენტის კოჭლობას ყინულის მოედანზე გადაიღებს ჟურნალისტი?"

სიტყვის თავისუფლებას თითქოს უამრავი დამცველი ჰყავს, მაგრამ მაინც მუდმივად დასაცავები ვართ…პრესაში თუ ინტერნეტბლოგებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო. შინ თუ გარეთ, თითქმის ყოველდღე ვმსჯელობთ არსებულ პრობლემებზე, ათასჯერ გააზრებულს ისევ ვაანალიზებთ, მაგრამ მთავარი, -  როგორი ხვალინდელი დღე გაგვითენდება, არავინ ვიცით... ამჯერად ამ კითხვით რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტ, მედიაექსპერტ ია  ანთაძეს მივმართეთ, რომლის ბლოგსაც "იანეთი" ჰქვია.…

- ათასი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მედიასივრცეში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გამოსავალი ვერავინ ვიპოვეთ. მაგალითად, აღარც კი ვიცი, რით შეიძლება წელს შარშანდელზე უკეთესი გახდეს ქართული ჟურნალისტიკა. ამგვარ შედეგს, თეორიულადაც კი გამოვრიცხავ. საქართველოს მედიასივრცეში უზარმაზარი პრობლემაა, რომელთაგან #1 თავად ხელისუფლების სურვილია - აკონტროლოს საინფორმაციო პოლიტიკა. როგორ აკეთებს ამას და რა მეთოდებით, ეს ცალკე საკითხია.

გარდა ამისა, არსებობს პროფესიონალიზმის პრობლემაც, მაგრამ ბუნებრივია, "მაცენზურებელ ვითარებაში" ძნელია პროფესიონალებზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არის გარემო, რომელიც თავისი წიაღიდან პროფესიონალებს აძევებს და ტოვებს მხოლოდ დაბალი პროფესიული დონის ჟურნალისტებს, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან ცენზურას.

- თქვენს ბლოგს "იანეთი" რატომ დაარქვით, სადაც მედიაპრობლემებზე საკმაოდ მკაცრი დებატები იმართება?

- ეს სახელი მე არ დამირქმევია,…ერთმა ბლოგერმა, სოლომონ თერნალელმა უწოდა. ასეთი "სათაური" ერთი შეხედვით გამაღიზიანებელია იმიტომ, რომ ია ანთაძის ბლოგია "იანეთი" და გამოდის, თითქოს ჩემს მიმდევრებზეა ლაპარაკი. სინამდვილეში ასე არ არის.…არადა, "იანეთი" ძალიან ლამაზი სახელია, რამდენიმე სოფელს ჰქვია საქართველოში. ჩვენ კი ინტერნეტკლუბს დავარქვით ეს სახელი და 24-საათიან რეჟიმში გულწრფელად, ღიად ვსაუბრობთ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე. თავს ისეთი თემებისგანაც არ ვიკავებთ, რომელთა აფიშირებას საერთოდ  კოლეგიალობის გამო ვერიდებით. მაგალითად, სოლომონ თერნალელმა დეტალურად აღწერა ხელისუფლების ხერხები და მეთოდები ჟურნალისტთა დასამორჩილებლად, პროფესიონალთა "ჩამოსალაბორანტებლად" და ა.შ.

- ბევრმა ჩვენმა კოლეგამ მოაწერა ხელი ჟურნალისტთა ქარტიას, სადაც პროფესიული ეთიკის პრინციპებზე შეთანხმდით. რა მოჰყვა ამ ყველაფერს?

- ერთადერთი, რაც უნდა მოჰყვეს, ეს გახლავთ ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, - ვართ თუ არა ჩვენ პროფესიული ეთიკის დამცველი ჟურნალისტები. ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას, ბუნებრივია, სჭირდება სახსრები, თუნდაც რეგიონებში გადასაადგილებლად. მხარდაჭერას გვპირდებიან დონორი ორგანიზაციები. სულ მალე მოვისმენთ მათ რჩევებსაც და სურვილებსაც. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმსჯელობდით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჟურნალისტის ეთიკის პრინციპები, რომელსაც სულ უფრო მეტი ჩვენი კოლეგა გაიზიარებდა. კვლავაც ველით ხელმომწერთა შემომატებას.…

- როგორ ფიქრობთ, "მაესტრო", რომლის მენეჯმენტიც შეიცვალა, შეძლებს სატელევიზიო პოლიტიკის ვაკუუმის შევსებას?

- გააჩნია, რა იქნება "მაესტროს" ორიენტირი, - აირჩევს გზას, ალტერნატიული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და იქნება ოპოზიციური ტელევიზია, თუ არჩევანს საზოგადოებისთვის კეთილსინდისიერი, დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებაზე გააკეთებს! ჯერჯერობით, ეს ყველაფერი გასარკვევია და სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა ვუყუროთ "ახალ მაესტროს", რომ დასკვნის გამოტანა შევძლოთ.

- თქვენი აზრით, როგორი არჩევანი მოუტანს "მაესტროს" წარმატებას?

- შეიძლება მას, როგორც  ოპოზიციურ არხს, უფრო ბევრი მაყურებელი ჰყავდეს, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, იყოს კეთილსინდისიერი და დაბალანსებული და ამ ტელევიზიაში არ ჩაიდოს პოლიტიკური ფული. აი, ეს არის მთავარი, დანარჩენი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

- არ ვიცი, ნანა ფაჟავამ მოაწერა თუ არა ხელი ჟურნალისტთა ქარტიას, მაგრამ საინტერესოა, როგორ აფასებთ მასთან და კახა მიქაიასთან დაკავშირებულ ინციდენტს ზუგდიდში?

- მათ ჩვენს ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ. რაც შეეხება ინციდენტს ზუგდიდში, ჩემი აზრით, ამ ჟურნალისტთა ქმედებებში არაეთიკური არაფერი ყოფილა, ხელისუფლების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. მერე რა მოხდა, თუ პრეზიდენტის კოჭლობას ყინულის მოედანზე გადაიღებს ჟურნალისტი? პრეზიდენტიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, არ შეიძლება  ფეხი იღრძოს? ბი-ბი-სიმ ისეთები გადაუღო ჩვენს პრეზიდენტს, ეს ვის უკვირს?! სიმართლე გითხრათ, არც ბი-ბი-სის გადაღებული კადრები ყოფილა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. უბრალოდ, საზოგადოებრივი ინტერესი იყო ძალიან მაღალი იმის მიმართ, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მაშინ, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა. არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა იმით, რომ პრეზიდენტმა თავისი ჰალსტუხი დაღეჭა. იგი ძალიან ნერვიულობდა და იმ  მომენტში წონასწორობა ჰქონდა დაკარგული. სწორედ ეს იყო ამ კადრში ნაჩვენები. ის, რაც  პირად ცხოვრებაში შეჭრაა და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა არ გახლავთ, შეიძლება არაეთიკური…იყოს. მოკლედ, საზოგადოებრივი და პირადი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.