"დაკარგო ხელი - ტკივილია, სამშობლოს დაკარგვა კი უფრო დიდი ტკივილი!"
28-04-2014
"დაკარგო ხელი - ტკივილია, სამშობლოს დაკარგვა კი უფრო დიდი ტკივილი!"
კიკა ჭალელი - ქართველი ემიგრანტი  "ამერიკის ხმიდან"

2014 წლის 27 მარტს ვაშინგტონში 95 წლის უხუცესი ემიგრანტი, პეტრე ხვედელიძე გარდაიცვალა. კარი, რომელიც მუდამ ღია იყო საქართველოდან ჩასული საქმიანი თუ გზააბნეული სტუმრისთვის, აღარ გაიღება.

პეტრე ხვედელიძეზე ბევრი რამ იცის მკითხველმა, მაგრამ მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ამბავი კინოკადრებად ცოცხლდება: თმათეთრი მოხუცი თითქმის ყოველდღე დადიოდა ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ავღანეთის მისიაში მონაწილე დაჭრილი ქართველი მეომრები მკურნალობდნენ. სი
არული ცოტა უჭირდა, ხელჯოხსაც ხმარობდა, მაინც რაღაც ძალა არ ასვენებდა, რომ არ მისულიყო და იმ ბიჭებს არ მოჰფერებოდა. არ ვიცი, როგორ ამხნევებდა, მაგრამ აუცილებლად გადასცემდა ფიქრს, რომელსაც მთელი არსებით გრძნობდა: "დაკარგო ხელი - ტკივილია, მაგრამ დაკარგო სამშობლო - უფრო დიდი ტკივილი, დაკარგო თვალი - მძიმეა, მაგრამ დაკარგო სამშობლო - უფრო მძიმე! და ვიდრე
სამშობლოიანი კაცი იქნები, სადაც არ უნდა იყოს შენი სამშობლო, თუ მისი არსებობა  გემახსოვრება, უფრო ბედნიერი იქნები, ვიდრე სხეულით ჯანსაღი, მაგრამ უსამშობლო!"

პეტრე ხვედელიძემ იცოდა, რას განიცდიდნენ დაჭრილები. თვითონ არაერთი განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი, იყო ვიეტნამის ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა. "მართალია, ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ისეთი ჭრილობები მქონდა, წლები დასჭირდა მათ მოშუშებას... ვიეტნამის ომიდან დაბრუნებულს 6-თვიანი ჯოჯოხეთი მქონდა გამოვლილი, ნერვები საშინლად გაფუჭებული, ძალიან ფეთქებადი ვიყავი და უძილობაც მაწუხებდა". მაშინ ალბათ ის ასულდგმულებდა, რომ სადღაც შორს სამშობლო ეგულებოდა...

იყო დრო, როცა სპორტულ შეჯიბრებაზე მოასპარეზე ქართველებს თუ ნახავდა უცხოეთში, არც ცდილობდა, გამოლაპარაკებოდა, რადგან კა-გე-ბეს ფხიზელი თვალი ყველაფერს ხედავდა... და ისიც შორიდან, უსიტყვოდ ეფერებოდა თითოეულს...

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს პეტრე ხვედელიძე გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. ტუსაღობაში 9 თვე გაატარა. ომში ნანახმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი და კიდევ უფრო გაუმძაფრა შეურიგებლობის გრძნობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ... ტყვეობის შემდეგ  სამშობლოში დაბრუნება აღარ უფიქრია. 1942 წლის გაზაფხულზე ბრანდენბურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ ირიცხება... 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილიდან ქართულ ლეგიონში გადადის, საიდანაც სამხრეთ საფრანგეთში გზავნიან, მისი ლეგიონი შარლ დე გოლის ნაწილებს უერთდება. 1948 წელს ლეგიონი მონაწილეობს ვიეტნამის ომში, საიდანაც მძიმედ დაჭრილ პეტრეს უკან აბრუნებენ. სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, 1951 წელს, როგორც ინვალიდი, სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდება და რადიო-ტელევიზიის საქმის შესწავლას იწყებს. 1956 წელს, 38 წლის ასაკში, პეტრე ხვედელიძე საფრანგეთიდან საცხოვრებლად აშშ-ში გადადის.

18 წელი რადიო "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში წამყვანი გახლდათ კიკა ჭალელის სახელით. მის გადაცემებში უმთავრესი - სიმართლე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პირუთვნელი ანალიზი იყო. იმავდროულად, ამერიკის ქართველთა სათვისტომოს გამგეობაში საქმიანობდა და უანგაროდ ეხმარებოდა ემიგრანტ ქართველებს.
პეტრე ხვედელიძემ, მდიდარი პირადი არქივის საშუალებით, ემიგრაციის ისტორიის საინტერესო ფურცლები შემოუნახა საქართველოს. მისი მიმოწერა უდიდეს ქართველ მოღვაწეებთან, საფრანგეთში მცხოვრებ ლევან ზურაბიშვილსა და რევაზ გაბაშვილთან, ორ წიგნად გამოსცეს ციცინო და სოფიკო ჯერვალიძეებმა სათაურით - ,,პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით"".
1961 წლის  31 მარტს რეზო გაბაშვილი პარიზიდან პეტრე ხვედელიძეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც ულოცავს და სატკივარზეც ელაპარაკება...

"აქ დონდუამაც კი ჯვარი დაიწერა და სერგო ტარასაშვილიც გარდაიცვალა: - ვერ მოესწრნენ თქვენი კენედის მაგარი სიტყვების განხორციელებას დე ფაქტო! ალბათ, ვერც ჩვენ მოვესწრებით რასმე, მაგან თუ ისევ ვერ შეუთანხმა სიტყვები საქმეს, როგორც ყველა "დემოკრატმა"  იცის ხოლმე. მილიონებს, დროს, ენერგიას ხარჯავენ, აუარებელ კარგ სიტყვას და ერთი ხეირიანი ნაბიჯი კი ვერ გადაუდგამთ... სულ დათმობაზე არიან სულძაღლებთან და ლამის არის ქვეყანა ხელთ ჩაუგდონ ერთი მხრით, მოძალადე ბოლშევიკ რუსებს, და მეორე მხრით, "მშვიდობიანად" შემოპარულ ემიგრანტ რუსებს, ის კი არ იციან, რომ "შემპარავი ძაღლი - მყეფარზე უარესიაო". არ ესმით, რომ თავში თუ არ ჩაჰკრეს, რუსისგან მშვიდობიანობას და მეგობრობას ვერ ეღირსებიან"...
საინტერესოა 1985 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ბატონი პეტრეს პენსიაში გასვლას უკავშირდება:
"პატივცემულო ბატონო ხვედელიძე:

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა თქვენ მიერ 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაწეული სამსახურის გამო აშშ-ის მთავრობისთვის; მადლიერება თითოეული იმ წელიწადისთვის, რომელიც "ამერიკის ხმის" ქართულ განყოფილებაში გაატარეთ. ჩემთვის პატივია, მადლობა მოგახსენოთ რადიოსადგურ "ამერიკის ხმის", ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოს და ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობის სახელით თქვენი დაუღალავი და კეთილსაიმედო საქმიანობისთვის. თქვენი კოლეგები და მეგობრები მიერთდებიან და ჩემთან ერთად მომავალში წარმატებებსა და ბედნიერებას გისურვებენ.

პატივისცემით - ჩარლზ ზ. ვიკი, ამერიკის საინფორმაციო ოფისის დირექტორი".

P.S. ზოგიერთმა ემიგრანტმა უცხოეთში პატარა საქართველო მოიწყო, ციმბირშიც კი მოაშენა ვაზი... პეტრე ხვედელიძემ ვაშინგტონში შეიქმნა საქართველო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქართველების მოვლითა და პატრონობით. მისი საქართველო თითოეული სული იყო, რომელიც შორეული სამშობლოდან ჩავიდოდა მასთან. მისი საქართველო იყო ის ემიგრანტებიც, რომლებიც ენით აუწერელ სიღატაკეში ახერხებდნენ და წერდნენ, გამოსცემდნენ წიგნებს, ეწეოდნენ მნიშვნელოვან შრომას. სამშობლოში დაბრუნება კი ოცნება იყო... რატომ არ დაბრუნდაო? - იკითხავთ.

ჯერ კომუნისტური რეჟიმის გამო, მერე ის საქმეები ხომ უნდა დაესრულებინა, რასაც, მართალია, ვაშინგტონში, მაგრამ საქართველოსთვის აკეთებდა, მერე... კიდევ იყო ბევრი საქმე და ალბათ, ძალიან დიდი ემოცია, რომლის ატანაზეც შიშნარევად ფიქრობდა... როგორია ამდენი ხნის ნანატრ სამშობლოში დაბრუნება!
ფიქრობდა წინაპართა სოფელ ჭალაზე... იმ ეზოსა და სახლზე, სადაც გაიზარდა თბილისში. უყვებოდა თბილისელ ქართველ მეცნიერს, პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძეს: "ეს იყო ძველებური, ძველი თბილისის სახლი... დიდუბის ეკლესიის წინ დიდი ეზო იყო, შედარებით ყველაზე დიდი ბინა გვქონდა, სამ-ნახევარი ოთახი. ორი არა უშავს მოზრდილი იყო. დაანგრიეს თურმე, იმავე ადგილას შვიდ თუ რვასართულიანი "ხრუშჩოვკა" აუშენებიათ..."
დიდუბის ეკლესიასთან კიდევ ერთი დიდი სიყვარული აკავშირებდა. დედამისი მორწმუნე ქალი იყო და სწორედ ამ ტაძრის კედლებში ლოცულობდა შვილებისთვის, საქართველოსთვის.
პეტრე ხვედელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. სიმბოლურია, რომ დიდუბის ეკლესიაში დაასვენეს. აქ ჰაერში ალბათ ისევ ტრიალებდა დედამისის ლოცვა. ეს იყო ერთგვარი მიახლება დედის ლოცვასთან და საქართველოსთან. ეს იყო ტკივილიანი დაბრუნება!

პეტრე ხვედელიძე შაბათს დიდუბის ეკლესიიდან გამოასვენეს და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს...
ხათუნა
02 მაისი 2014 22:41
სამწუხაროა,ეს ამბავი დაკრძალვის შემდგომ რომ გავიგეთ. პეტრე ხვედელიძე ყველა ნამდვილ ქართველს უნდა გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე. შარშან მისი მიმოწერა გამოიცა და წიგნის არცერთი გვერდი ცრემლის გარეშე არ წამიკითხავს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი კარგ ქართველს.
ლევანი
01 მაისი 2014 17:58
უკეთილშობილესი პიროვნება იყო, საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული. მას კარგად ვიცნობდი ბევრჯერ ვარ შეხვედრილი ვაშინგტონში და თბილისში და სიტყვები არ მყოფნის მისი დახასიათებისთვის....
შემიძლია ვთქვა რომ ესეთ დადებით პიროვნებას მხოლოდ რამოდენიმეს თუ ვიცნობ.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული
თამო
01 მაისი 2014 11:13
ვკითხულობ და გული მტკივა... შორიდან რომ ასე ეფერება თითოეული ქართველი საქართველოს,რატომ მაშინ არ ვაკეთებთ ამას როცა საქართველოში ვართ,რატომ ვჭამთ აქ ერთმანეთს...რატომ ვანადგურებთ ჩვენს ქვეყანას...მინდა ყველა ქართველი ღირსეული და ბედნიერი იყოს

რედაქტორის რჩევით