დღე პირველი, დღე უკანასკნელი "ქურდის" ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

დღე პირველი, დღე უკანასკნელი "ქურდის" ცხოვრებაში

საქართველოს სახალხო არტისტი გიული ჭოხონელიძე ერთი შეხედვით მკაცრი კაცი გეგონებოდა. ყველა ტკივილი და უსამართლობა, რომელიც გამოცადა, თითქოს ნაიარევს უტოვებდა სულზე და სწორედ ეს ეტყობოდა სახეზე. თავგადადებული ცდილობდა, საქმე გაეკეთებინა, მოესწრო უფულობის გამო გაჭიანურებული ფილმის გადაღება, მერე მისი დისკზე გადატანა და თარგმნა... გიული ჭოხონელიძის გასახსენებლად მის მხიარულ, არტისტულ მხარესაც ვერ ავუვლით გვერდს...

ექიმის როლში

მამა უამბობდა გადასახლების დროინდელ ამბებს... ტკივილით გული ეწურებოდა, რომ იხსენებდა, ორი თვე როგორ აწამებდნენ ციხეში იასონ ჭოხონელიძეს, მერე კი შორეულ ციმბირში უკრეს თავი...

გიული ჭოხონელიძის ერთ-ერთი დაუვიწყარი "როლი" მამის დაჭერას უკავშირდება. იხსენებდა: "უკვე ცნობილი მსახიობი ვიყავი. ერთ დღეს მამაჩემი ისევ დააპატიმრეს. ბევრი ექიმი მეგობარი მყავდა, მოვუყევი მათ ჩემი გასაჭირი. გამაცნეს ბაბი სვანი, ფსიქიატრი - პოლიკლინიკაში მასთან მიჰყავდათ პატიმრები შესამოწმებლად. შემპირდა, მამას შეგახვედრებო, ოღონდ, რაიმე რომ არ ეეჭვათ, ექიმად უნდა გარდავსახულიყავი. ერთხელაც დამირეკა, მოდი სათვალით და თეთრ ხალათში გამოწყობილიო.

ასეც მოვიქეცი. მივუჯექი ქალბატონ ბაბის გვერდით. ცოტა ხანში ორმა ზედამხედველმა მამაჩემი შემოიყვანა. ბაბიმ მთხოვა, - გამაცანით დანაშაულის საქმეო. გადავშალე საქაღალდე. მოვახსენე ბაბის საქმის არსი. მამაჩემი სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: დამნაშავე არ ვარო. მერე გადმომხედა და ცრემლი გადმოუგორდა. ბაბიმ შეუტია, ცრემლი არ შეგფერით, არ გატყდეთ და ვერაფერს აგკიდებენო, ჯანმრთელობის ისეთ ისტორიას ვწერ, ამის საფუძველზე უთუოდ გაგათავისუფლებენო.

თითქოს ყველაფერი ბრწყინვალედ შევასრულე... უცებ ერთ-ერთი ზედამხედველი გასვლისას შემობრუნდა და აღფრთოვანებულმა ხელი ჩამომართვა. ბოლომდე ვერ მივხვდი, მიცნო და არ გამცა, თუ ეს დასამშვიდობებელი ჟესტი იყო".

მამა გაბრიელის ეპიზოდი

2003 წელს გერმანულმა ფილმმა "არსად აფრიკაში", რომელშიც მერაბ ნინიძემ ითამაშა, "ოსკარი" მიიღო. ეს ქართველის მონაწილეობით პირველი ოსკაროსანი ფილმიაო... არადა, ბატონ გიულის ძალიან სწყდებოდა გული, რომ არავის უხსენებია "ომი და მშვიდობა", რომელმაც 1966 წელს "ოსკარის" პრემია  მიიღო. ფილმში ის პეტრე ბაგრატიონის როლს თამაშობდა... გიული ჭოხონელიძეს სამოცამდე მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მათ შორის თავის გადაღებულ ფილმებშიც: "წინაპართა მიწა", "ბაგრატიონი", "სპირალი", "ანთიმოზ ივერიელი", ამ უკანასკნელში წმინდა მამა გაბრიელიც გადაიღო.

"მცხეთაში, დედათა მონასტერში ერთ ეპიზოდს ვიღებდით. მამა გაბრიელი ხელს გვიმართავდა, გვლოცავდა. სტამბოლის ქართული მონასტრის ერთ-ერთ ბერს გოგი გეგეჭკორი თამაშობდა... ერთხელ გადაღების დროს მამა გაბრიელი წამოხტა, მოხადა გოგი გეგეჭკორს ქუდი და თავისი დაახურა, - სად გაგონილა, ბერს ასეთი გაკრიალებული ქუდი ეხუროსო... ბერი და მღვდელი მზისა და ღვთის შვილები არიან და თავსაბურავიც მზისაგან გახუნებული უნდა ეხუროთო.

მამა გაბრიელი ერთ ეპიზოდში გადავიღე - ბერი ესტატეს დაკრძალვის პროცესიას წინ მიუძღვის. გული მწყდება, რომ ეს სცენა საერთო პლანზეა გადაღებული".

კორკოტით გააცილეს

გიული ჭოხონელიძე სერგო ფარაჯანოვთან მეგობრობდა.

"ერთხელ მოსკოვში, სტუდენტობისას, სერგომ მთხოვა "მოსტორგში" წამყევიო. თურმე იქ, ბოლო სართულზე, ულამაზესი თათარი გოგონა მუშაობდა გამყიდვლად. გრძელნაწნავიანი, დიდთვალება და ლამაზი პირისახისა. სერგომ გამაცნო, - ჩემი საცოლეაო. ხელიც მოაწერეს, მაგრამ... თურმე ბავშვობაში გოგონა თავისი რჯულის კანონით სხვა მამაკაცზე დაუნიშნავთ, ამიტომ მოკლეს თავისიანებმა... სერგო დილით ჯერ სასაფლაოზე მიდიოდა, შემდეგ კი ინსტიტუტში. პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ უკრაინელი სვეტლანა შეირთო ცოლად. სერგომ მშობლებს უდეპეშა, - ცოლს ვირთავო. მეორე დღესვე დედამისმა სირანუშამ უპასუხა: "Серго-джан, сообщи не медля, есть ли дырки у Светы" . ეს დეპეშა ჩვენ, ბიჭებმა, ჩავიგდეთ ხელში და ქალბატონ სირანუშას პასუხი გავუგზავნეთ: "Сирануш-джан, у Светы есть дырки". ამაზე ბევრს ვხუმრობდით, სინამდვილეში, სერგოს დედას აინტერესებდა, გახვრეტილი ჰქონდა თუ არა სვეტას ყურები, რათა ბრილიანტის საყურე გაეგზავნა.

სერგო ბოლოს "ლეჩკომბინატში" ვნახეთ მე და ჩემმა დამ, დოდომ. ფილტვის კიბო ჰქონდა. სტუდიიდან ვბრუნდებოდი და ხელში სცენარი მეჭირა... რა არისო, მკითხა. რელიგიური სურათია, წარმოშობით ქართველზე, რუმინეთის პატრიარქზე-მეთქი. სცენარს ემთხვია... იცოდა, რომ დიდი დღე აღარ ჰქონდა დარჩენილი და ჩემს დას სთხოვა, ერთი ჭიქა კორკოტი გამიკეთეო. ასე კორკოტით გავაცილეთ სერგო მარადიულ სასუფეველში".

მონადირე

"სანადირო თოფი მაჩუქეს... ვანიჩკა (საყვარელიძე), თავგადადებული მონადირე, შემომიჩნდა, მანქანა გყავს, თოფი გაქვს, ძაღლიც დაგეშილია, საგურამოს ნაკრძალში წავიდეთ სანადიროდო... ძაღლი ისეთ დღეშია, ვერ ვაკავებთ. ცოტა ხანში ვანიჩკა მეუბნება, - ჰე, ბიჭო, მომყევი, ბუჩქებში კუდს მოვკარი თვალი. ძაღლს გეში აქვს აღებული და არ გაუშვებსო. მივრბივართ, გადავირბინეთ ერთი გორა, მეორე, ამომძვრა სული, ვანიჩკა ყვირის, - მოუჩქარეო. კიდევ გორაზე ავირბინეთ, გულამომჯდარმა ჩავხედე ხეობას და რას ვხედავ, ძაღლს დაუჭერია ძუ და განცხრომაშია... ასე დამთავრდა ჩემი ნადირობა".