უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ - კვირის პალიტრა

უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ

"როცა გულით შესთხოვ უფალს, უთუოდ შეისმენს შენს ვედრებას"

მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. უამინდობის მიუხედავად, წელსაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა - ღამის სამი საათიდან აღმართს მომლოცველთა გრძელი რიგი მიუყვებოდა. უშვილო წყვილებს ხელში ლამაზად მორთული აკვნები ეჭირათ, ფეხშიშველებსაც ნახავდით - ყველა თავის აღთქმას აღასრულებდა.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს:  ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

ამ ადგილას წაჩხურის ციხე (შემორჩენილია კედლები და გალავანი) და წარმართული მოსკეს კერპი ყოფილა. მოსკე მეგრულად მეძევეს, მეშვილეს, ხოლო წაჩხურა" - წყალტივს ნიშნავს, "მოსკე წაჩხური" - ვაჟების მომცემს. უძველესი დროიდან კერპს მომლოცველები სწირავდნენ თავიანთი სიმაღლის სანთელს, ვერცხლის ძაფს (სირმა), სანთელ-საკმეველს, ფულს და მცირე ზომის მორთულ-მოკაზმულ აკვნებს, მათ შორის ვერცხლისას, და შვილიერებას ევედრებოდნენ. წარმართულ რიტუალს სოფლის უხუცესი მართავდა. მახვამური (მლოცველი) ცოლ-ქმარს დააჩოქებდა და კერპს შესთხოვდა, მისთვის შვილი მიეცა. მლოცველს ხელში დიდი ჯაჭვი ეჭირა. მავედრებლები ჯაჭვის ქვეშ გაძვრებოდნენ და სურვილს ჩაუთქვამდნენ...

კერპი ქრისტიანობამ დაამხო. ოხვამეს ადგილას აგებულ ეკლესიაში დაბრძანებულ წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს ხალხმა "მოსკე წაჩხური" - უწოდა. ეს ხატი სწრაფლშემსმენელია და გულით ნათხოვნს აღასრულებს".

კომუნისტების დროს იქ წირვა არ ტარდებოდა, თუმცა ტაძრის ძალა ცნობილი იყო. მამა სერაფიმე დანელიამ პირველი წირვა წაჩხურუს ეკლესიაში 17 წლის წინ, ხუთშაბათ დღეს ჩაატარა უშვილო წყვილთან ერთად. იმ დღეს მომხდარ სასწაულზე მიამბო თავად მამა სერაფიმემ, რომელიც ახლა სვეტიცხოველში წირავს:

მამა სერაფიმე: - ჩემს მგალობლებს შვილი არ ჰყავდათ. მათთან ერთად ავედი ტაძარში. წირვაზე მხოლოდ სამნი ვიყავით. გვახლდა კიდევ ერთი მგალობლის მეუღლე, მაგრამ ჩვენ რომ ვლოცულობდით, ის გარეთ გავიდა და იქვე, პატარა შენობაში ცეცხლი დაანთო. უცებ ტაძარში შემოვიდა,  გაოცებული  თვალებს აცეცებდა. მერე ისევ გავიდა. ასე მოიქცა რამდენჯერმე. წირვა რომ დამთავრდა, მითხრა: საოცარი რამ ხდებოდა - ცეცხლთან რომ დავჯდებოდი, ისეთი გალობა მესმოდა, მეგონა, დიდი მთელი გუნდი გალობს და ამდენი ხალხი ასე უცბად როგორ მოვიდა ტაძარში-მეთქი. შემოვიდოდი და იქ მხოლოდ სამნი იდექითო!.. ეს ღვთის ნიშანი იყო - უფალი წირვა-ლოცვის აღდგენას ხარობდა. ბევრ გულმხურვალე მლოცველს აუსრულა თხოვნა და სასწაული მოუვლინა.

ტაძარში წლებია, მეუფე პეტრე ატარებს სადღესასწაულო წირვა-ლოცვას. წყვილების სახელებს სტიქაროსანი იწერს, რათა ისინი ბერებმა ლოცვებში მოიხსენიონ.

- შარშან 750 წყვილის სახელი ჩამოვწერეთ, აქედან წელს 38 მოვიდა მადლობის სათქმელად, წელსაც ბევრი უშვილო ცოლ-ქმარი გვესტუმრა, - მითხრა სტიქაროსანმა.

ზოგი ფეხმძიმე ტაძარში მადლობის სათქმელად მივიდა, ზოგს ხელში პატარა ეჭირა და ამბობდნენ, რომ უფლის სასწაულით მოვლენილ შვილს ქრისტეს სიყვარულით აღზრდიდნენ...

- 6 წელი შვილი არ მიჩნდებოდა. გავიგეთ ამ ტაძრის ამბავი, პატარა აკვანი დავამზადებინეთ. ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში და ვეზიარეთ. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. სიხარულით ცას ვეწიე. ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა. დღეს მადლობის სათქმელად მოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება, - მითხრა ნინომ.

- მე და ჩემი მეუღლე ფეხშიშველი ამოვედით. კოკისპირულად წვიმდა, მადლობა უფალს - წირვას დავესწარით.  გვჯერა, ჩვენს ლოცვასაც შეისმენს უფალი. ახალგაზრდა წყვილი გავიცანით - მათ უკვე შეეძინათ შვილი და მადლობის სათქმელად ისევ აკვანი ამოუტანიათ. ახლა ის აკვანი ჩვენ მიგვაქვს. გვჯერა, მალე ჩვენც აგვიხდება ოცნება, - მითხრა ახალგაზრდა ქალმა.

სასულიერო პირებმა აკვნები აკურთხეს. ნაწილი უშვილო წყვილებმა წაიღეს, ნაწილს საბავშვო ბაღებს გადასცემენ.

ღმერთმა ყველას აუსრულოს ვედრება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია :21-st century miracle in Georgia: A church where childless couples find mercy

თეა ხურცილავა