"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს - კვირის პალიტრა

"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს

ჯეიმზ ფენიმორ კუპერს მთელ მსოფლიოში ბევრი დღემდე მხოლოდ საბავშვო მწერლად მიიჩნევს. ცხადია, ეს სულაც არ არის შეურაცხმყოფელი და კარგი საბავშვო მწერალი არცთუ ბევრია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ, ალბათ, მიხვდებით იმ კონტექსტს, რაც ამ შემთხვევაში იგულისხმება "საბავშვო მწერალში".

არადა, ბალზაკი კუპერის რომანების კითხვისას სიამოვნებისგან ღმუოდა (იქნებ ცოტა "უხეში" კომპლიმენტია, მაგრამ ბალზაკისავე სიტყვები მომყავს), კრიტიკოსობის ეტალონად მიჩნეული ბელინსკი ჰომეროსს ადარებდა, უილიამ თეკერეი უოლტერ სკოტზე მაღლა აყენებდა, ხოლო თვით პუშკინი საგანგებოდ აღნიშნავდა კუპერის მდიდარ პოეტურ წარმოსახვას.

ამიტომ თქვენ, ქართველო მკითხველებო, რომელთა უმრავლესობასაც დარწმუნებული ვარ, ყმაწვილობაშივე გაქვთ წაკითხული "უკანასკნელი მოჰიკანი", იქნებ კიდევ ერთხელ, ამჯერად ზემოთ მოყვანილი შეფასებების გათვალისწინებით, გადაიკითხოთ ეს მშვენიერი წიგნი. მას კი, ვინც მხოლოდ ახლა უნდა გაეცნოს ამ მართლაც ბრწყინვალე მთხრობელის ერთ-ერთ (შეიძლება ითქვას, მთავარ) შედევრს, სწორედ ის "პირველად წაკითხვის ბედნიერება" ელის, რომლის შესახებაც საუბრობს ერთი ცნობილი ქართველი მწერლის ცნობილი პერსონაჟი.

31 წლისა იყო, როდესაც პირველი წიგნი დაწერა, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვით. აქ კი ერთი ბევრისმეტყველი ამბავი უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ თხზავდა კუპერი: იმ პირველი რომანიდან ორ წელიწადში "საზღვაო რომანი" დაწერა - "ლოცმანი", რითაც იმ დროისთვის "უცნაური" რამ დაამტკიცა, რომ რომანისტიკის ეს "ჟანრიც" შეიძლება იყოს საინტერესო საკითხავი იმის მიუხედავად, რომ წინასწარ უყიჟინებდნენ: "თქვენს წიგნს მყაყე წყლის სუნი ექნება", "მკითხველს ასეთი წიგნისგან ზღვის ავადმყოფობა დატანჯავს" და ა.შ. თვითონაც, ყოფილმა მეზღვაურმა, ასეთი "ტესტი" მოიგონა: ბებერი, გადამდგარი "ზღვის მგელი" დაისვა წინ და გატაცებით უკითხავდა ამბავს. მოხუცი ანთებული თვალებით უყურებდა, თავს უქნევდა და როდესაც აღწერილმა ქარიშხალმა პიკს მიაღწია, ფეხზე წამოხტა და შესძახა:

- ფოკზე იალქანი აღმართეთ! სწრაფად!

- არის ფოკზე იალქანი აღვმართო! - უპასუხა ავტორმა, მაშინვე მოიმარჯვა კალამი და ხელნაწერი ჩაასწორა.

საერთოდ, დეკლამაცია უყვარდა და მისი მწერლობაც ასე დაწყებულა: ცოლს რომელიღაც რომანს უკითხავდა და სხვათა შორის უთქვამს, დიდი ვერაფერია, ამაზე უკეთესს მეც კი დავწერო. მეუღლემ "სიტყვაზე დაიჭირა" და კუპერმაც, როგორც სიტყვისა და ღირსების კაცმა, დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. რომანს "წინდახედულობა" ერქვა და დიდი წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ეს დასაწყისი იყო დიდი გზისა. არცთუ ახალგაზრდა ჯეიმზ ფენიმორ კუპერი მიხვდა, რომ თავის მოწოდებას მიაგნო და ცხოვრების მეორე ნახევარი (მართლაც ზუსტად ნახევარი - იგი ხომ 62 წლისა გარდაიცვალა) ამ დიდ საქმეს შესწირა.

წარმატება არა, წარმატება კი არა, დიდება მალევე მოვიდა, მეორე რომანის გამოქვეყნებისთანავე: ერთ წელიწადში (1821) მეორე რომანი "ჯაშუში" გამოქვეყნდა და ფურორი მოახდინა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.

ამის შემდეგ კუპერმა ამერიკული ცხოვრების შესახებ რომანების მთელი სერია გამოსცა: "პიონერები", "უკანასკნელი მოჰიკანი", "პრერია", "კვალის მაძიებელი", "ირმებზე მონადირე". ამ რომანების მთავარი პერსონაჟი - ნათანიელ ბამპო, იგივე "გრძელი თოფი", იგივე "ნადირთმჟლეტი", იგივე "ქორის თვალი", იგივე "კვალის მაძიებელი" - მილიონობით მკითხველისთვის იდეალურ გმირად იქცა. სამართლიანი, მამაცი, გამჭრიახი, ძლიერი ნათანიელის ახალ თავგადასავალს ყოველი წიგნის დასრულებისთანავე სულმოუთქმელად ელოდებოდა მკითხველი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნათანიელ ბამპოს თავგადასავლების გარდა (და ამას განსაკუთრებით აფასებდა ამერიკულ სინამდვილესა თუ ისტორიაში გაუთვითცნობიერებელი მაშინდელი ევროპელი მკითხველი), კუპერის წიგნებში ძალიან ცოცხლად არის აღწერილი "პერიფერიული" ამბები - ის გარემო, სიტუაცია და საზოგადოება, სადაც ვითარდება სიუჟეტი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით (საზღვაო სცენის წერის პროცესს ვგულისხმობ), მწერალი ხომ ძირითადად საკუთარი თვალით ნანახს აღწერდა.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბის გახსენება შეიძლება: ვისაც წაკითხული აქვს "კვალის მაძიებელი, ანუ ონტარიოს ნაპირებზე", აუცილებლად ემახსოვრება გემის მშენებლობის ამბავი, მისი დეტალური და ძალიან საინტერესო აღწერა. და ეს ბუნებრივიც არის - კუპერი, ფაქტობრივად, თავის სამუშაოს აღწერს, როდესაც 18 წლისა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჩაეწერა, სწორედ ონტარიოს ტბაზე გაამწესეს და სამხედრო გემის აგებაში მონაწილეობდა.

დიახ, 18 წლისა გახდა სამხედრო მეზღვაური, მაგრამ უკვე გამოცდილი ზღვაოსანი იყო და ონტარიოს უზარმაზარი ტბაც "მხოლოდ" ტბა იყო მსოფლიო ოკეანეებმოვლილი ჭაბუკისათვის: პრესტიჟული იელის კოლეჯიდან "უსაქციელობისათვის" გარიცხულმა 15 წლის მეოცნებე ჯეიმზ ფენიმორ კუპერმა მაშინვე სავაჭრო ფლოტს მიაშურა და სამ წელიწადში მთელი პლანეტის წყლები შემოიარა.

ჰო, "უსაქციელობას" რაც შეეხება, ეტყობა, ფანტაზიის უქონლობას მომავალი მწერალი არასოდეს უჩიოდა, რადგან გარიცხვის ბრძანებაში კოლეჯის ხელმძღვანელობას მიზეზთა შორის ასეთებიც აქვს ნახსენები: ერთი სტუდენტის საცხოვრებელი ოთახის კარის აფეთქება ან ვირის (დიახ, სახედრის) გაწვრთნის მცდელობა, რომ ამ ცხოველს ესწავლა პროფესორის სკამზე გამართულად ჯდომა(!).

არ ვიცი, იქნებ კოლეჯის დროინდელი ამ ამბებით ჩრდილიც მივაყენე მის ავტორიტეტს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ცელქობებმა მისცა ჯეიმზ ფენიმორ კუპერს "საგზური ნამდვილ ცხოვრებაში".

დასასრულ, მთავარი: ბევრი ხომ არ არის ლიტერატურის ისტორიაში ისეთი ნაწარმოები, რომლის სათაური ან პერსონაჟი, ან ფრაზა, ან ტერმინი რაიმეს აღმნიშვნელად, რაიმეს სინონიმად ქცეულა მსოფლიოს ყველა ენაში?! უკანასკნელი მოჰიკანი - ეს ორი სიტყვა ხომ ყველასათვის, მათთვისაც, ვისაც რომანი არც წაუკითხავს და არც იცის, რომ ასეთი წიგნი არსებობს, რაღაც კარგის დასასრულს, ძალიან გულდასაწყვეტს, კარგი საქმის უკანასკნელ მკეთებელს ნიშნავს.

საუბედუროდ, უნკასის მამა უკანასკნელი მოჰიკანი აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი ამბავი ყოველთვის ცოცხალი იქნება.