თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს - კვირის პალიტრა

თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს

"ჩემი წიგნის თარო" გამომცემლობა "პალიტრა  L"-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მომხმარებლის თხოვნით შეიქმნა

"ასი წიგნი" პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ადგილიც განსაკუთრებული სჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი სულ უფრო მეტად მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში და ზღვა ინფორმაციას გვაწვდის, წიგნის მაგიერი ქვეყნად ჯერ არაფერი შექმნილა.

წიგნს, როგორც ცხოვრების თანამგზავრს, მოფრთხილება სჭირდება, მას საპატიო ადგილი უნდა ეჭიროს იმ სივრცეში, სადაც ვტრიალებთ. ამიტომ წიგნთან ერთად თაროსაც შერჩევა უნდა. წიგნებით სავსე თარო არა მხოლოდ უნდა მიესადაგებოდეს სივრცის დიზაინს, არამედ წიგნის წაკითხვის სურვილსაც უნდა აღვიძებდეს და თაროზე დალაგებული საგანძური გარშემომყოფთა ინტერესს უნდა იწვევდეს. კარგი წიგნი ოჯახის განძია, რომელიც თაობებს გადაეცემა, ამიტომ წიგნის თაროს უპირველესი დანიშნულება წიგნის დაზიანებისგან დაცვაა. ამისთვის წიგნებს შორის სივრცე უნდა იყოს, რაც ყდას პირვანდელ პეწს შეუნარჩუნებს. თუ პატარა ბინა გაქვთ, თანამედროვე დიზაინის სიმსუბუქით გამორჩეული თარო შეარჩიეთ. მას დიდი ადგილი არ დასჭირდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თაროზე მჭიდროდ ჩაწყობილი წიგნები ადამიანს თრგუნავს, ხოლო თავისუფლად განლაგებული სურვილს გიჩენს, რომელიმეს ხელი დაავლო და გადაიკითხო. თაროზე საყვარელი წიგნის მოსაძებნად გარჯა არ უნდა გჭირდებოდეს და რაც მთავარია, მასთან ურთიერთობა სასიამოვნო უნდა იყოს...

ბოლო დროს ბევრი ადამიანის ბიბლიოთეკას საინტერესო კრებული შეემატა - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი "50 + ბიბლია  +49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" უმალ აიტაცა საზოგადოებამ. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა ხელსაყრელ ფასად შეთავაზებულ ყოველ ახალ წიგნს. სტუმრად მისულს ოჯახში ან რესპონდენტის სამუშაო კაბინეტში ხშირად მხვდება ეს კრებული, რომლითაც მფლობელიც ამაყობს და ჩვენც.

თუმცა, ხშირად წუხან იმის გამო, რომ წიგნებს ბიბლიოთეკაში ვეღარ ატევენ. როგორც უნდა გადააადგილო ძველი წიგნები, რთულია ძველ თაროზე ყველა ახალი წიგნისთვის მოიძებნოს ადგილი. "პალიტრამედიამ" ამაზეც იზრუნა და ცოტა ხანში წიგნის მოყვარულებს მედიასახლ "პალიტრისაგან" კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელით. "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გასაყიდად გამოჩნდება საუკეთესო დიზაინის წიგნის თაროები, რომლებიც დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. მათი დადგმა შესაძლებელი იქნება, როგორც კედელთან, ისე - ოთახის გადასატიხრად. ახალ თაროზე ახალ წიგნებს დაალაგებთ - ეს თაროები საგანგებოდ 100 წიგნისთვის შეიქმნა. ვისაც მხოლოდ 50 წიგნი აქვს შეგროვილი, მათ ერთ თაროზე დაატევს, ხოლო ვინც გააგრძელა სერიის შეგროვება და "ბიბლია" და კიდევ 49 წიგნი ექნება, 100 წიგნის მოთავსებას ორ თაროზე შეძლებს.

"ჩემი წიგნის თარო" გამომცემლობა "პალიტრა  L"-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მომხმარებლის თხოვნით შეიქმნა. თაროს დიზაინის შესაქმნელად "პალიტრა L"-მა კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დიზაინერმა. კონკურსის მიზანი იყო პრაქტიკული, ამასთანავე, მოხდენილი თაროების შექმნა. ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია, რომლის მიხედვით დამზადდა წიგნის თაროები.

წიგნის თაროები "ბიბლუსის" მაღაზიებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. ეს თანამედროვე დიზაინის თაროები ნებისმიერ გარემოს დაამშვენებს და რაც მთავარია, მასზე დალაგებული წიგნები მკითხველს წიგნის კითხვის სურვილს გაუჩენს. "ასი წიგნი" პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ადგილიც განსაკუთრებული სჭირდება.

ემა ტუხიაშვილი