"ჩვენი ქალების გამოსასყიდად ისევ ნაცნობი ოსები წამოგვეშველნენ"
05-05-2014
"ჩვენი ქალების გამოსასყიდად ისევ ნაცნობი ოსები წამოგვეშველნენ"
რეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

78 წლის ოთარ ქერდიყოშვილი: "არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ეს სოფელი, წლების წინ რომ ხალხმრავალი, ხალასი და სიცოცხლით სავსე იყო, ისეთი ვეღარ ვნახო"

"ოსებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რუსები კი ცდილობენ ამ ყველაფრის გაფუჭებას"


კონფლიქტის ზონაში ბოლოს 2009 წლის მაისში ვიყავი. მაშინ, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების შესახებ წიგნს ვამზადებდი. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებში დავდიოდი. ახლაც მახსოვს, ჩვენი ავტომობილიდან რამდენიმე მეტრში მდგარი ცისფერჩაფხუტიანები...  ვიცოდი,
გზა სახიფათო იყო, მაგრამ მაინც მივდიოდი...

რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურვალეთიდან გატაცებულ სამ ქალბატონზე, რომლებიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს, რეპორტაჟის მოსამზადებლად წავედი. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონიდან ქართველი ჟურნალისტები გაიტაცეს, ასეთ ადგილებში მედიის წარმომადგენლებს მარტო აღარ უშვებენ. ამიტომ გზას საპატრულო პოლიციასთან ერთად ვაგრძელებ...
ისევ ის განცდა მეუფლება, რაც ხუთი წლის წინ...


სოფლის ამბულატორიასთან ვჩერდებით. ერთ-ერთი სახლის წინ სკამზე მოხუცი იჯდა. მივუახლოვდი. კითხვის დასმას მასწრებს - ჟურნალისტი ხარ, შვილო?

- კი, პაპა, როგორ ხართ?

- ჩვენი მტერი იყოს ისე, როგორც ჩვენ ვართ... 78 წლის კაცი ვარ, ოთარ ქერდიყოშვილი, აქ დავიბადე და გავიზარდე. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა. ჩემი თავიდათავი შემოსავალი პენსიაა. არც ნათესი მაქვს, არც საქონელი მყავს, თვიდან თვემდე პენსიას შევყურებ, რომ იტყვიან, ვსულდგმულობ... რა გითხრათ, შვილო, რამდენიმე დღის წინ ქალები რომ გაიტაცეს, იმას თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით სიწყნარეა. აი, იმ საზღვრის იქითაც საქართველოა, ოღონდ ოკუპირებული. ძნელია, საკუთარ მიწა-წყალზე შიშით ცხოვრება... არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ეს სოფელი, წლების წინ რომ ხალხმრავალი, ხალასი და სიცოცხლით სავსე იყო, ისეთი ვეღარ ვნახო, - ცრემლი ადგება მოხუცს თვალზე, მერე ბოდიშს მიხდის, - წამალი მაქვს დასალევი, შინ უნდა შევიდეო...

მოპირდაპირე მხარეს მდგარი ორსართულიანი სახლის ეზოში ციური ფოთოლაშვილი მეგებება. 25 წელია მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად ხურვალეთში ცხოვრობს.

- ბოლო რამდენიმე წელია, ყოველი დღის გათენებასა და დაღამებას შიშით ველოდებით. სოფელში უამრავი პრობლემა გვაქვს, დასალევი წყალი გვენატრება. ახლა ბურღი დაარტყეს. გვპირდებიან, მალე მოგვარდება ყველაფერიო, მაგრამ მარტო დაპირება რას გვიშველის, თუ საქმეც არ მიჰყვა.
გაზიც არ გვაქვს, ზამთარში შეშის შოვნა ჭირს... შარშან უკიდურესობამდე რომ მივედით, ჭადრის მოჭრა დაიწყო ჩემმა ქმარმა. პოლიცია დაადგა თავს, - არ მოჭრა, თორემ დაგაჯარიმებთო.  დეკეული მომცა მეზობელმა და ახლა მის გაზრდას შევცქერით, რომ რძე მაინც გვქონდეს...

ცოტაოდენი ხორბალი და ქერი დავთესეთ, ვნახოთ, როგორი მოსავალი გვექნება. ჩემს ქმარს ცალი თვალი არ აქვს, ავადმყოფობს, მეც წნევა მაწუხებს. გუშინ პენსია ავიღეთ და ასი ლარის მარტო წამლები ვიყიდეთ...
მარეხ რამაზაშვილი, ხურვალეთის მკვიდრი: - აქ მე, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ვცხოვრობთ. უფროსი ბიჭი 19-ის არის და ჯარში მსახურობს, უმცროსი მეათე კლასის მოსწავლეა. პოლიციაში ვმუშაობ, მეუღლე უმუშევარია. 1,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გვაქვს. ეგ არის და ეგ!

- ბოლო ხანს სოფელი ბევრმა მიატოვა?
- სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება, ზოგი თბილისში წავიდა, ზოგიც ორჯონიკიძეში. ძალიან შემცირდა მოსწავლეების რაოდენობა. ჩემი შვილის კლასში 4 მოსწავლეა.

სოფელში ელემენტარული პირობები არ გვაქვს და ძალიან ძნელია ცხოვრება. ხედავთ, რომ არ არის გზა, არ გვაქვს წყალი, გაზი. თუ წავალ, ალბათ, ამ მიზეზით და არა იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ. დენი კი გვაქვს, მაგრამ გამრიცხველიანების პრობლემაა, ხან რამდენი კილოვატი მოგვდის და ხან რამდენი, მოკლედ, დიდი გაურკვევლობაა. პატარა გაზის ბალონი გვაქვს და გორში ვტენით ხოლმე. წყალს ერთი კილომეტრიდან ვეზიდებით. ჩემს მეუღლეს მანქანა ჰყავს და ისე არ ვწვალობთ, მაგრამ ვისაც მანქანა არ ჰყავს, დღეში რამდენჯერ უწევს წყლის ზიდვა, ვერ გეტყვით.

- სამედიცინო პუნქტი არის სოფელში?

- ამბულატორია გვაქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, გორიდან ვიძახებთ სასწრაფოს...
რუსი ჯარისკაცების მიერ რამდენიმე დღის წინ გატაცებული სამი ქალბატონის - რუსუდან ხუროშვილის, ზეინაბ ხარხელის და ლალი ხუროშვილის მოსანახულებლად მივდივარ. პირველად ლალი ხუროშვილის ოჯახს ვესტუმრე. ლალი მიწის ნაკვეთშია წასული, ამიტომ მასპინძლობას მისი და, ნელი მიწევს.

- შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ გაიტაცეს თქვენი და?
- აი, იმ ფერდობზე, მიტოვებული სახლის უკან რომ მოჩანს, ჩემს დას და ორ მეზობელ ქალს საქონელი ჰყავდათ საძოვრად, - მითითებს ნელი, - ორი რუსის ჯარისკაცი მიეპარა და წაიყვანეს. არც ერთმა ქალმა რუსული არ იცის და რუსებს ვერაფერი შეასმინეს. ჯერ სოფელ ღდულეთში წაუყვანიათ, მერე ცხინვალში გადაიყვანეს. ორი დღე იყვნენ დატყვევებულნი.

- როგორ გაიგეთ მათი გატაცების ამბავი?

- შინ ვიყავი, მეზობელმა დამიძახა, - ლალი წაუყვანიათ რუსებსო.  ისეთ დღეში ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა...

- რას ამბობს თქვენი და, როგორ ექცეოდნენ?

- ძალიან კარგად. საჭმელიც მიუციათ. მერე შემოგვითვალეს თითოეულში 2.000 უნდა გადაიხადოთო. რამდენიმე ძროხა კი გვყავს, მაგრამ ამდენი ფული ერთბაშად საიდან უნდა გვეშოვა?!

- ბოლოს სად იშოვეთ?

- სამივეს ფული - 6.000 რუბლი ნაცნობმა ოსებმა გადაიხადეს და ახლა ვალად გვაწევს. როგორც კი რამეს ვიშოვით, მაშინვე უნდა დავუბრუნოთ...

- ადგილობრივი გამგეობა არ დაგეხმარათ?

- გვითხრეს, დაგეხმარებითო, მაგრამ...

- აქედან ხშირად ხედავთ რუს მესაზღვრეებს?

- ეს ფერდობი მაგათ ეკუთვნის. ძაღლთან ერთად დადიან. ამას წინათ საქონელი წავასხი და დამიჭირეს რუსებმა. მაშინ მხოლოდ გაფრთხილებით გადავრჩი. ახლა იქ საქონელს როგორ გავრეკავ!

- ოსები აქეთ გადმოდიან ხოლმე?

- პენსიაზე თუ გადმოვლენ. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რუსები კი ცდილობენ ამ ყველაფრის გაფუჭებას...

- თქვენი შემოსავალი რა არის?

- პენსია, სხვა არაფერი.
ამ საუბარში ვიყავით, როდესაც რუსუდან ხუროშვილის (მეორე გატაცებული ქალბატონის) ძმა, დათა ხუროშვილი შემოგვიერთდა.

დათა ხუროშვილი:
- თქვენ როგორ გაიგეთ მათი დაკავების ამბავი?
- იმ დღეს მიწის ნაკვეთში ვმუშაობდი, შინ რომ ამოვედი, მითხრეს, რაც მოხდა. ერთ ჩვენებურს, პაატას, იქით ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს სახლი რომ იყიდა, დაუნახავს, - ქალებისკენ რუსი ჯარისკაცები მიდიოდნენ და ყვირილი დაუწყია, - გაიქეცით, რუსები მოდიანო, მაგრამ  ხმა ვერ მიუწვდენია... რუსები ძაღლთან ერთად ყოფილან. იმ ქოფაკს რომელი ქალი გაექცეოდა?..
ისევ ნაცნობი ოსები წამოგვეშველნენ, გვითხრეს, - სამივე ქალის გამოსასყიდად 6 ათას რუბლს ითხოვენო. მათთვის მადლობის მეტი რა მეთქმის...

- ტყვეებს როგორ ექცეოდნენ რუსები?
- ზედმეტი არაფერი უთქვამთო, - მითხრა ჩემმა დამ. საკანში რომ შეუყვანიათ, კედლებზე ბევრი ქართული წარწერა უნახავთ: "აქ იჯდა გიორგი", "აქ იჯდა თამაზი"...

მოსაღამოვდა. უბანში ნახირიც გამოჩნდა. ყველას თავისი საქონელი შინ მიჰყავს. ჩემი წამოსვლის დროც დადგა... პოლიციამ საგუშაგომდე მიმაცილა და თბილისის გზას დავადექი... ასე დამთავრდა ერთი დღე ხურვალეთში.
თუმცა, იმ დღეს მე, ერთმა რიგითმა საქართველოს "ჯარისკაცმა", ეს ადამიანები ვერაფრით ვანუგეშე...

თორნიკე ყაჯრიშვილი
DINO_ZAUR
06 მაისი 2014 10:29
21–ე საუკუნის ლეკიანობაა საქართველოში :(((

რედაქტორის რჩევით