"კატასტროფის წინაშე ვდგავართ" - კვირის პალიტრა

"კატასტროფის წინაშე ვდგავართ"

"ნარკომაფია მუდმივად აახლებს ამ სინთეზურ ნივთიერებებს და იღებს ახალ სახეობებს"

"ბიოს მოხმარებიდან რამდენიმე წამში ჩემი მეგობარი დემონად გადაიქცა, , თითქოს სულში რაღაც ჩაუსახლდა"

"ნიანგის", "ვინტისა" და "ჯეფის" მოხმარებას არნახული მასშტაბი ჰქონდა"

24 მარტს დაიწყო და მთელი ქვეყანა მოიცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულმა კამპანიამ "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". გარდა სატელევიზიო და საგაზეთო გზავნილებისა, სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო დაწესებულებებში დადიან და მოსწავლეებს თუ სტუდენტებს უხსნიან, რა მავნე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკების მოხმარებას. კამპანიის მთავარი სამიზნე ბიონარკოტიკია, რომლის კრიმინალიზაცია სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. კანონი 1-ელ მაისს შევიდა ძალაში.

ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი 24 წლის მსახიობია და ამ კამპანიაში მონაწილეობა მას მერე გადაწყვიტა, რაც ბიონარკოტიკის მოხმარების შედეგად ლამის უახლოესი მეგობარი დაკარგა:

- მსგავსი საშინელება, მეგონა, მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. ბიოს მოხმარებიდან რამდენიმე წამში ჩემი მეგობარი დემონად გადაიქცა, თითქოს სულში რაღაც ჩაუსახლდა. სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემ წინ, რომელიც საშინელი ხმით ბღაოდა და პირიდან დუჟი მოსდიოდა. სრულიად არაადეკვატური იყო, არაფერი ესმოდა... საავადმყოფოში დროულად მოვასწარით გადაყვანა, როგორც ექიმმა გვითხრა, რომ არა სამედიცინო დახმარება, შეიძლებოდა კომაში ჩავარდნილიყო...

ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი:

- დღესაც არაერთი პაციენტი მყავს, რომლებიც ამ ნარკოტიკის მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ჩემთვის ბიონარკოტიკით გარდაცვალების სამი შემთხვევაა ცნობილი. ერთი რუსთავში მოხდა, როდესაც 14 წლის მოზარდმა თვალში ჩაიწვეთა ბიონივთიერება. ერთი ცნობილი ფაქტი კაფე "გალერიში", როდესაც 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა და კიდევ ერთი შემთხვევა - გარდაცვლილი კვლავ ახალგაზრდაა. ზუსტად რომელი ნივთიერებით მოიწამლნენ, არ ვიცით. სინთეზური ბიონარკოტიკი რომ იყო, ცნობილია, მაგრამ ბიო ბევრ რამეს აერთიანებს. სინთეზური მარიხუანის გარდა, აქ ბევრი სხვა სახეობაცაა. ჩემთვის ცნობილია ბიონარკოტიკით გამოწვეული ფსიქოზის ბევრი შემთხვევაც. ბიონარკოტიკები განსაკუთრებით მძიმე დამოკიდებულებას იწვევს, რაც გამოიხატება ამ ნარკოტიკისადმი დაუძლეველი ფსიქოლოგიური ლტოლვით. ეს არის სინთეზურად შექმნილი ნარკოტიკები, რომელთა ტოქსიკურობა და ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე გავლენა მეცნიერებს ჯერ კარგად არ შეუსწავლიათ. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 350-მდე ასეთი ტიპის ნივთიერებაა აღნუსხული.

ამიერიდან ბიონარკოტიკის გამოყენება კანონით ისჯება, რაც, ალბათ, მისი მოხმარების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე:

- ერთი წლის წინ დავიწყეთ ამ პრობლემის კვლევა და სხვადასხვა მიმართულებით საფუძვლიანი ანალიზი ჩავატარეთ. დღეს საქართველოში ნარკოტიკების 45 000 ინიექციური მომხმარებელი გვყავს. ეს რომ შევადაროთ ევროპული ქვეყნების მონაცემებს, აღმოვაჩენთ, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. აღმოჩნდა, რომ არის პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას და პრობლემები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში თანამიმდევრული მუშაობით უნდა დავძლიოთ. სასწრაფოდ გადასაჭრელი იყო კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემა. სწორედ ამ პრეპარატებით მზადდება კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერებები "ნიანგი", "ვინტი" და "ჯეფი", რომელთა მოხმარებას არნახული მასშტაბი ჰქონდა. ამ ცვლილებით კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები შევიდა ნარკოტიკების პირველ სიაში, დანარჩენები კი - ფსიქოტროპების სიაში. ამასთანავე, თუ აფთიაქი ამ ნივთიერებათა შემცველობის წამლებს რეცეპტის გარეშე გაყიდის, როგორც აფთიაქის მფლობელს, ასევე გამყიდველს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მანამდე რეცეპტის გარეშე გაყიდვისთვის სანქცია მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იყო.

ჩვენი ახალგაზრდობა მოწამლა ამ სინთეზურმა ნივთიერებებმა. ვინაიდან 1-ელ მაისამდე ეს კანონით არ იკრძალებოდა, მისი ფლობა, მოხმარება, გასაღება დაუბრკოლებლად ხდებოდა. კანონში 75 სახეობის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება განსაზღვრული იყო ნარკოტიკების პირველ სიაში, მაგრამ რადგან მათი ოდენობები განსაზღვრული არ გვქონდა, სისხლისსამართლებრივ დევნას ვერ ვახორციელებდით. ოდენობა უნდა განისაზღვროს ლაბორატორიული სტანდარტით, რისი საშუალებაც არ გვქონდა. ფაქტობრივად, მსოფლიო მასშტაბითაც არ ვართ განებივრებული ამ ლაბორატორიული სტანდარტებით, რადგან ნარკომაფია მუდმივად აახლებს ამ სინთეზურ ნივთიერებებს და იღებს ახალ სახეობებს. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფლობა, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა, წარმოება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე ისჯება საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოტანა, გატანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

- ცნობილია, რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ხშირად ინტერნეტით იწერენ. ამას როგორ გააკონტროლებთ?

- რადგან კანონი უკვე ძალაშია, პოლიციას არ გაუჭირდება დანაშაულის გამოვლენა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ფოსტასა და საბაჟოსთან ერთად.

- ქალბატონო სოფო, კიდევ ერთი პრობლემაა ის ფსიქოტროპული წამლები, რომლებსაც მოზარდები საკმაოდ ადვილად იგდებენ ხელთ...

- გეთანხმებით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვები და სტუდენტები იღებენ ამ ნივთიერებებს აბების სახით, ხშირად - ალკოჰოლთან ერთადაც. ამ სამკურნალო საშუალებების არამიზნობრივი მოხმარება არანაკლები ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ე.წ "ბიო" ან სხვა ნარკოტიკები. გადავწყვიტეთ, კვოტა დავაწესოთ. შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები დაადგენენ არამიზნობრივად მოხმარებული სამკურნალო საშუალებების რაოდენობას, რაც ერთი წლის განმავლობაში სამკურნალოდ არის საჭირო და მხოლოდ ამ რაოდენობის შემოტანა იქნება კანონით დაშვებული.

ნათია დოლიძე