მეფანდურე პოლიციელი - კვირის პალიტრა

მეფანდურე პოლიციელი

"ვიცი, რომ ჩემი ყველა ფანდური ტკბილად მღერის..."

"ფანდური, რომელსაც კარგი გული არ აქვს, გულით ვერასოდეს დაუკრავს..."

ბოლო დროს ქალაქში ბევრი ახალგაზრდა მხვდება ფანდურით ხელში, - დადიან, მღერიან ლაღად და გულიანად. თავიდან ვფიქრობდი, ალბათ ხალხური ანსამბლის წევრები არიან-მეთქი, მაგრამ ამას წინათ ეზოში ფანდურზე ამღერებული მეზობელი გოგონაც რომ დავინახე, გაოცებულმა ვკითხე, - რა ხდება, პირი შეკარით და ყველას ერთდროულად ფანდურზე დაკვრა მოგინდათ=-მეთქი?! მითხრა, - არ იცი, რომ ახლა ფანდურის სწავლა ყველას უნდაო? ჩვენს სკოლაშიც გაიხსნა ხალხური შემოქმედების წრე. მოკლედ,  ჩვენს სინამდვილეს როგორც ჩანს, ფანდური დაუბრუნდა!

ამის მერე დავიწყე გაკითხვა, - ფანდურის ოსტატები კიდევ შემორჩნენ თუ არა-მეთქი. გამოჩენილან ახლები - ალბათ ეს რაღაც მადლმა ქნა, - აბა, სხვანაირად როგორ ვთქვა, როცა ფანდურის საჭრეთელს ის ხელი იღებს, რომელსაც ის არასოდეს სჭერია. ეტყობა, როცა დრო დგება, ყველაფერი თავისით ხდება. ორთაჭალელ მეფანდურეს, ომარ  ბროლაძეს, ახლაც უჭირს იმის სიტყვებით გადმოცემა, რამ მოაფიქრებინა ფანდურის გამოთლა...

- თქვენც შენიშნეთ, რომ ახლა ფანდურზე ბავშვები ქუჩაშიც მღერიან? მაგათ ვენაცვალე! ათი წლის წინ ფანდურის გამოთლა დავიწყე, ალბათ იმან დამაწყებინა, რომ ფანდური უნდა დაბრუნებულიყო! ჩვილს რომ საფრთხე დაემუქრება და დედა გაიქცევა საშველად, ისე გამოიქცა ფანდური ჩვენი ხალხური სიმღერის საშველად. რამდენჯერმე მეც დავინახე პატარა ბიჭების გუნდი, პირდაპირ ქუჩაში რომ მღერიან ფანდურებით. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, ქართული სიმღერა ხალხში ცოცხლდება! გახარებული მელაპარაკება ფანდურების ოსტატი და თუთის ხისგან ნახევრად გამოთლილ ფანდურს ეფერება, - ფანდური ჩვენთვის "ვეფხისტყაოსანივით" არის, როგორც "ვეფხისტყაოსანი" უნდა გავატანოთ გოგონებს მზითევში, ისე უნდა გავატანოთ ფანდურიც! - საიდუმლოსავით მიმხელს და თვალები უბრწყინავს, - რას ვიფიქრებდი, თუ ფანდურის გამოთლას დავიწყებდი, საჭრეთელიც არასოდეს ამიღია ხელში.

ავჭალაში, ქალაქის განაპირას, ნაკვეთი მაქვს. 50 წლის წინ ოჯახი რომ შევქმენი, მე და ჩემმა სიმამრმა იმ მიწაზე მაშინ დავრგეთ ხეები.  შავი თუთა იმხელა გახდა, რომ იმ არემარეში აღარაფერი გაახარა. გაბრაზებულმა მოვჭერი. ამხელა ხე რომ წაიქცა, გულმა ჭრიალი დამიწყო, - ასე როგორ გავწირე-მეთქი... არ ვიცი, რამ მომაფიქრა, წავედი, დიდი წვალებით ვიშოვე ფანდური და მისგან თარგი გამოვჭერი. მერე დავჭერი ეს თუთა მორებად, თითო მორზე თარგი დავადე, შემოვხაზე და მამაპაპური ქართული ცულით დავიწყე გამოთლა. იმ თუთისაგან 20 ფანდური და ჩონგური გამოვთალე. მერე და მერე მივყევი... ფანდური და ჩონგური კაკლისაც კარგია, ბლისაც, წიფლისაც და კედრისაც... არ დამითვლია, მაგრამ რაც გამოვთალე, ვიცი, რომ ყველა ჩემი  ფანდური ტკბილად მღერის.

- პირველი ფანდური ისე გამოთალეთ, არავისგან გისწავლიათ.

- ხის სახელოსნოშიც არ ვყოფილვარ! პოლიციელი ვიყავი და ფანდურთან რა მესაქმებოდა.

- ეს ძალიან ფაქიზი სამუშაოა, ერთი შეცდომა და ფანდური არ ივარგებს.

- ფანდურს ის გამოთლის, ვისაც სიყვარული შეუძლია. მხოლოდ ფანდურის გული რომ გამოთალო, მასში სული უნდა ჩადო, მერე ისე ფრთხილად და ფაქიზად უნდა თალო, თითქოს საუნჯე გიჭირავს... ფანდური, რომელსაც კარგი გული არ აქვს, გულით ვერასოდეს დაუკრავს...

- დაკვრა თუ ისწავლეთ?

- როცა გამოთლა დავიწყე, მაშინ ვისწავლე. ის კი არა, ამას ლექსიც მოჰყვა. როცა ფანდურს ვთლი,  ჩემი გულიც ღიღინებს... ეგ მიხარია, რომ "უფლება მომცა უფალმა, საქმე ვაკეთო ერისა, ჩემი გათლილი ფანდური ნახეთ, რა კარგად მღერისა; ჩამოვკრავ, აჟიჟინდება, გულს მოადგება ნათელი, დედების ლოცვამ დაგფაროთ, გზას გინათებდეთ სანთელი..."

- გაიხარეთ ისე, როგორც ბევრი პატარა ქართველი გაახარეთ თქვენი  ფანდურით!

- ახლა მე მკითხეთ, როგორ მიხარია, ჩემი გათლილი ფანდური რომ მღერის. თქვენც გაიხარეთ, ტკბილი ქართული სიმღერა არ მოგვკლებოდეს!