პატრიარქის 94 წლის ნათლული სამშობლოდან შორს გარდაიცვალა
12-05-2014
პატრიარქის 94 წლის ნათლული სამშობლოდან შორს გარდაიცვალა
რას იფიქრებდა ვახტანგ ჩხაიძე, რომ 53 წელი დასჭირდებოდა სამშობლოში დასაბრუნებლად

სამი წლის წინ, მაისის დასაწყისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, 94 წლის ვახტანგ ჩხაიძე. პატრიარქის ნათლული რამდენიმე თვის წინ, სამშობლოდან შორს გარდაიცვალა. მისი ოთხი შვილი და 14 შვილიშვილი კი ცდილობს, არ დაივიწყოს წინაპრის შეგონება - ფესვებს მოწყვეტილი კაცი ფოთოლივითაა, ქარი თავის ნებაზე წააფარფატებს
და უგზო-უკვლოდ დაკარგავსო.

ცოტა ხნის წინ სამშობლოს ბატონი ვახტანგის ქალიშვილის ვაჟები - ლუკა და თენგიზი ესტუმრნენ. ბიჭებს მამა გერმანელი ჰყავთ, თუმცა ბაბუის და დედის პატივსაცემად, ისევე, როგორც მათი ბიძაშვილები, გვარად ჩხაიძეები არიან. ბავარიაში, მიუნხენში, ლინკოლნის ქუჩაზე მდებარე სკოლას, სადაც ვახტანგ ჩხაიძის შთამომავლობა სწავლობდა და სწავლობს, ლინკოლნის სკოლას ეძახიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლაში 14 ჩხაიძე გაიზარდა, პედაგოგები ხუმრობენ,
სკოლას "ჩხაიძეები" უნდა დავარქვათო...


ომის მსხვერპლი


1941 წელს 21 წლის ვახტანგ ჩხაიძე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტს ამთავრებდა. ომის დაწყებიდან სამ თვეში ექიმის კვალიფიკაცია მიანიჭეს და 10 სექტემბერს, 100 ახალბედა ექიმთან ერთად ფრონტზე გაგზავნეს. მაშინ ყმაწვილი რას იფიქრებდა, რომ 53 წლის შემდეგ შეძლებდა სამშობლოში დაბრუნებას.
ხარკოვთან ალყაში მოქცეული საბჭოთა არმიის ნაწილი  ტყვედ ჩავარდა. ფაშისტებმა კრემენჩუგის სასიკვდილო ბანაკში გადაიყვანეს ტყვეები. ვისაც იარაღით არ კლავდნენ, შიმშილით კვდებოდა... რამდენიმე თვის შემდეგ ბანაკში გერმანული ჯარის ქართული ლეგიონის წევრები მივიდნენ და ქართველ ტყვეებს შესთავაზეს, ჩვენს მხარეს გადმოდითო... ვახტანგი მათ გაჰყვა - ის ქართულ ლეგიონში ბატალიონის ექიმად დანიშნეს.
"1942 წელს  ჩეხეთის გავლით ბავარიაში, ქალაქ ცვიზელში ჩავედით, სწორედ იქ გადავეყარე ამერიკელებს და მეორედ ჩავვარდი ტყვედ, მაგრამ გაპარვა მოვახერხე. ომის დამთავრების შემდეგ შინ დაბრუნება კი გადავწყვიტე, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან ცუდი ამბები მოდიოდა - ტყვედ ნამყოფებს ხვრეტდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ, რაც სიკვდილის ტოლი იყო და ამიტომ გამგზავრებაზე  ცოტა ხნით თავი შევიკავე", - იხსენებდა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყოფილი ტყვე და ემიგრანტი.

ოჯახმა მხოლოდ 1947 წელს გაიგო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ვახტანგი ცოცხალი იყო. 1958 წელს საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ბრიუსელში ძმას შეახვედრა. ძმა ევედრებოდა, სამშობლოში დაბრუნდიო. ვახტანგი გრძნობდა, თხოვნა ყალბი იყო. სულ რამდენიმე წუთით რომ მოახერხეს ძმებმა მარტო დარჩენა, "საბჭოთა" ძმამ - რაც გითხარი, არაფერი დაიჯერო, იქ დარჩი, სადაც ხარო.
1967 წელს მოხუცი დედა, ელენე ჩხაიძე ესტუმრა შვილს გერმანიაში.
- ვიცანი ჩემი ბიჭი, - იყვირა თურმე, როდესაც ბაქანზე ხალხში მდგომი აცრემლებული ვახტანგი დაინახა.

დაბრუნება

სამშობლოდან შორს იყო, მაგრამ ყოველ წამს მასზე ფიქრობდა. ასე გაზარდა შვილებიც - მუდმივად შთააგონებდა, რომ მათი სამშობლო საქართველო იყო. ბავარიაში, ბაღში, თავისი დარგული უზარმაზარი ვაზის ჩრდილში, მუხის დიდი მაგიდა ედგა. სანამ მისი თაობის ემიგრანტი ქართველები ცოცხლები იყვნენ, ამ მაგიდასთან იკრიბებოდნენ და ღვინით და ქართული სიმღერით იკლავდნენ სამშობლოს მონატრებას...
მერე თურმე გერმანელი მეზობლები ეკითხებოდნენ, რატომ აღარ ისმის თქვენი ეზოდან სიმღერებიო. ის მომღერლები ზეციურ საქართველოში წავიდნენ და მარტოს აღარ მემღერებაო. მეუღლის გარდაცვალება ძალიან განუცდია. იმ წელს მამის და ბაბუის გასამხნევებლად შვილებს და შვილიშვილებს გადაუწყვეტიათ, ერთად წასულიყვნენ საქართველოში. ვახტანგ ჩხაიძემ მხოლოდ 53 წლის შემდეგ, 1994 წელს შეძლო თბილისში ჩამოსვლა.
დისწული, ბეჟან ძამანაშვილი, რომელიც ახლახან ლუკას და თენგიზს მასპინძლობდა, იხსენებს: - ბიძაჩემი სიხარულით დაფრინავდა, რომ თავის მონაგართან ერთად ეწვია სამშობლოს.

ნათლობა

ბეჟან ძამანაშვილი: - 2011 წლის მაისი იდგა, ბიძაჩემი ბედნიერი იყო, რომ ისევ დადგა ფეხი ქართულ მიწაზე. როგორც ყოველი ჩამოსვლისას, მაშინაც მოინახულა ჩვენი პატრიარქი. ეკლესიაში წირვას ვესწრებოდით. როდესაც დასრულდა, პატრიარქი გამოვიდა, ვახტანგს ხელი მოჰკიდა და უთხრა, - ხომ გინდა მონათვლა, მე და ბეჟანი ვიქნებით შენი ნათლიებიო. ხარების ეკლესიაში ეზიარა ბიძაჩემი ნათლობის საიდუმლოს.   

თენგიზი და ლუკა


19 წლის ლუკა შავტუხაა. ამბობენ, პაპას ჰგავსო. დროებით საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებშიც თამაშობდა. ახლა იურისტის პროფესიას ეუფლება და მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთან. თენგიზმა თბილისში აღნიშნა დაბადების 21-ე წელი. მედიცინის დოქტორი პაპის, ვახტანგ ჩხაიძის კვალს გაჰყვა და მიუნხენში სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. როდესაც დაბადებულა, დედას უკვე გადაწყვეტილი ჰქონია, მისთვის თენგიზი დაერქმია, მაგრამ იმის გამო, რომ გერმანიაში ეს სახელი უცნობია, საჭირო იყო რეესტრში რაიმე მტკიცებულების წარდგენა, რომ ასეთი სახელი ნამდვილად არსებობდა. ჩხაიძეებს საგაზეთო სტატია მიუტანიათ, რომელშიც ნახსენები იყო ქართველი კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე, იმ დროისთვის მისი პოპულარული ფილმის "მონანიების" გამო.

ლუკა უკვე საქართველოს მოქალაქე გახდა და თბილისიდან ქართული პასპორტით გაფრინდა. როდესაც პირველად ყველანი ერთად ჩამოვედით, ბაბუასთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ გვიყვარს საქართველო. სულ გვეუბნებოდა, საქართველოში დიდი ოჯახი გყავთ, უნდა გაიცნოთ, იქ რასაც ნახავთ, სხვაგან ვერ იპოვითო. ბაბუ ცოცხალი რომ იყოს, იამაყებდა იმით, როგორ დავუახლოეთ ქართული და გერმანული ოჯახები ერთმანეთს, - ამბობენ ძმები.
emigranti
14 მაისი 2014 17:54
ამ სტატიას უცრემლოდ ვერ წაიკითხავს ვერავინ და მითუმეტეს საქართველოდან წასული.მინდა ბევრმა მიბაძოს ამ ხალხს და მალე,სულ მალე დავბრუნებულიყავით ყველა.
Lika
14 მაისი 2014 05:10
რაც მეტი დაგვინრუნდება უფრო ძლიერები გავხდებით და ცივილიზებულები, მაგრამ რას ვთავაზობთ მომავლისათვის? ამაზე უნდა იფიქროს მთავრობამ და ხელისშეუწყოს წასულებს. გაანათლოს ბ-ნი ვახტანგი უფალმა და რა მართალს მოძღვრავდა თავის ოჯახობას-უსამშობლოო კაცი მართლაც ყველაზე უბედური კაცია.
sopomünxeni
12 მაისი 2014 16:23
ნამდვილად იამაყებდა ბატონი ვახტანგი,წარმატებები ლუკას

რედაქტორის რჩევით