საბჭოთა საქართველოში აშენებული მუხათგვერდის კრემატორიუმი - კვირის პალიტრა

საბჭოთა საქართველოში აშენებული მუხათგვერდის კრემატორიუმი

"სასაფლოები დიდ ტერიტორიებს იკავებდა, ამიტომ მიწის ეკონომიის მიზნით, ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა, კრემატორიუმი აეშენებინა"

უფუნქციო კრემატორიუმსა და რიტუალების სასახლეს ერთი არქიტექტორი ჰყავს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გადავაწყდი ასე დასათაურებულ გვერდს: - "ჩვენ გვინდა კრემაცია საქართველოში". მართალია, ეს გვერდი“2011 წლის მაისში შეიქმნა, მაგრამ მისი "ლაიქებით" თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში 308 კაცია მომხრე, გარდაცვალების შემდეგ მათი ნეშტი დაწვან და, როგორც კომენტარებში წერენ, მინდორსა თუ ზღვაში მიმოფანტონ...

კრემაციის კულტურა ძირითადად, ინდოეთსა და ჩინეთშია გავრცელებული... საქართველოს რამდენიმე რეგიონში - სვანეთში, რაჭაში, აფხაზეთში, კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში აღმოჩენილ ყორღანებში დიდგვაროვანთა ფერფლი გვხვდება. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კრემაცია ქართულ რეალობაში შუა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. არსებობს თუ არა საქართველოში კრემატორიუმი? ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ მუხათგვერდის სასაფლაოსთან მიმიყვანა - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასეთი დაწესებულება სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო.

მუხათგვერდის სასაფლაოზე  2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავებთან რამდენიმე კაცი შევნიშნე. მისვლის მიზეზი რომ გავამხილე, ყველამ თითი უცნაური ფორმის შენობისკენ გაიშვირა.

მუხათგვერდის სასაფლაოზე ექსკურსიამძღოლობას ზურაბ ექიზაშვილი მიწევს, რომელსაც პატარა საწარმო აქვს. სანამ კრემატორიუმს მივუახლოვდებით, თავის ამბავს მიყვება: - მამა მოზაიკის სპეციალისტი იყო, აქ პატარა საწარმოს ამუშავებდა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აქI ხშირად ამოვდიოდი. მამის საქმიანობას კი ახლა მე ვაგრძელებ.

უცნაური ფორმის შენობის თეთრი და წითელი აგურის სქელ კედლებზე ალაგ-ალაგ ბათქაშია ჩამოშლილი, სახურავი დაზიანებულია და როგორც გარეთ, შიგნითაც ისე წვიმს. ერთ დიდ დარბაზს და ოთხ პატარა ოთახს  მუშები მასალების შესანახად იყენებენ...

ზურაბ ექიზაშვილი: - 40 წელია,  თითქმის ყოველდღე აქ ვარ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შენობაში არც ერთი მიცვალებული არ დაუწვავთ. 1989 წლამდე ქელეხისა და ორმოცის სუფრებს მართავდნენ. იყო მომსახურე პერსონალი და მღვდელი, რომელიც სუფრას აკურთხებდა. ეს შენობა რა მიზნით აშენდა, არ ვიცი, მაგრამ ხშირად კითხულობდნენ, კრემატორიუმი სად არისო? მთავარი დარბაზის მარცხენა მხარეს, პატარა ოთახში, სამზარეულო იყო. შენობის გარშემო კიდევ რამდენიმე მომცრო ნაგებობა დიდი ხანია დაინგრა.

არქიტექტორ გივი შავდიას თქმით,  შენობა თავიდან კრემატორიუმად აიგო და ის  არქიტექტორმა ვიქტორ ჯორბენაძემ დააპროექტა.

-  ეს იყო სარეკრეაციო ზონა. თავის დროზე სასაფლაოს გარდა, აქ დაგეგმილი იყო პარკი, სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტები(?!).

- 70-იან წლებში რა გახდა კრემატორიუმის აშენების მიზეზი?

- სასაფლაოები დიდ ტერიტორიებს იკავებდა და მიწის ეკონომიისთვის, 70-იან წლებში, ქალაქის მმართველობამ კრემატორიუმის აშენება გადაწყვიტა. იმედი ჰქონდათ, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი დათანხმდებოდა ამ წესით ახლობლის დაკრძალვას.

- როდესაც ამ პროექტის განხორციელება დაიწყო, ეკლესიას ან საზოგადოებას არ გამოუხატავს პროტესტი?

- მსგავსი რამ არ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ეკლესია შეზღუდული იყო სახელმწიფოს მიერ...

ვიქტორ ჯორბენაძის დაპროექტებული და აშენებულია თბილისში რიტუალების სასახლე, სადაც ამჟამად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ცხოვრობს. მუხათგვერდში აშენებული კრემატორიუმის ნაგებობა, კედლების მოყვანილობით, ძალიან ჰგავს რიტუალების სასახლეს.

როდესაც ორთაჭალაში რიტუალების სასახლე შენდებოდა, იმ პერიოდში არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობისგან სახელმწიფო თავს იკავებდა, მიზეზად ზედმეტი დანახარჯები სახელდებოდა. ვიქტორმა ყველაფერი იღონა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა და ეს მშენებლობები განახორციელა... მან გააკეთა მუხათგვერდის სასაფლოს დაგეგმარების პროექტიც, თავისი გზებით, ვერტიკალური გეგმარებითა და წყლის საინჟინრო მომსახურებით. 1970 წლის თბილისის დაგეგმარების გენერალურ რუკაზე კარგად ჩანს მუხათგვერდის პლატო. ასეთივე დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო გლდანში, ლისის ტბაზე, მთაწმინდაზე, რუსთავის გზაზე და თბილისის ზღვის გაღმა. ამ ტერიტორიებზე უნდა გაშენებულიყო სარეკრეაციო ზონები... ვიქტორი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა...

- კრემატორიუმის პროექტი ვერ დასრულდა?

- პროექტი კი ჩაბარდა, მაგრამ იმ შენობაში რომ მიცვალებული დაეწვათ, მსგავსი რამ არ მსმენია. უნდა ჩამოეტანათ სპეციალური დანადგარი (ღუმელი). არ ჩამოუტანიათ. ალბათ, ძვირი ჯდებოდა.

- რას იტყვით, უნდა არსებობდეს კრემატორიუმი?

- უნდა ჩატარდეს კვლევა თბილისის მოსახლეობაში და შემდეგ ვიმსჯელოთ მის აუცილებლობაზე.

ეკლესია კრემაციის წინააღმდეგია. მღვდელმონაზონ ბასილ ანთაძის თქმით, მიცვალებული მიწას უნდა მიჰბარდეს.

- ეკლესიის სწავლებით, გარდაცვლილი უნდა დასაფლავდეს. კრემაცია დაუშვებელია, ცოდვაა. ვისაც უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ დაწვან, ჭირისუფალი ნებისამებრ  მოიქცევა, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვინდა რომ დაგვასაფლაონ...“

თორნიკე ყაჯრიშვილი

(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).