წიგნის ფესტივალი - კვირის პალიტრა

წიგნის ფესტივალი

4 დღესასწაული

29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით დიდი სიურპრიზიგელოდებათ!

ამ ფესტივალზე, პირველად თავის ისტორიაში, "პალიტრა L"-ს 75%-მდე ფასდაკლებაც კი ექნება

არსებობს ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც არც კალენდარშია აღნიშნული წითლად, არც რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, ის თითქოს შეუმჩნევლად მოდის ყოველ წელს და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს აღინიშნება. და მიუხედავად იმისა, რომ არც რელიგიური დღესასწაულია და არც - სამოქალაქო, მას შეუძლია ადამიანთა თავმოყრა ერთ, იმ დღეებში ყველაზე საინტერესო და სახალისო ადგილზე... დიახ, ეს წიგნის ფესტივალია - ზეიმი, რომელსაც ელოდებიან, რომლისთვისაც ემზადებიან.

წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩინოს წიგნის წაკითხვის სურვილი. ერთი რამ ცხადია: ყოველ წელს, წიგნის ფესტივალის დღეებში, ექსპო ჯორჯიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ისინი უწყვეტ ნაკადად მოდიან, ისე, როგორც გასულ საუკუნეში რომელიმე დემონსტრაციაზე, ოღონდ ამჯერად ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით და ურყევი მიზნით: შეუნარჩუნონ წიგნის კითხვის კულტურა თანამოქალაქეებს, ოჯახებს, მომავალ თაობას, საკუთარ თავს.

წიგნის ფესტივალი საინტერესოა ბავშვებისთვისაც და მოზარდებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, რადგან წიგნი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, ყველაზე ერთნაირად ახდენს ზემოქმედებას. "წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას გვთავაზობს", - უთქვამს ციცერონს. მართლაც ასეა, ამიტომაც წიგნის ფესტივალზე მოდიან შეძლებულები და ხელმოკლეები, ცხოვრებისგან გალაღებულები და ტრაგედიაგამოვლილები. მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე - ერთდროულად, ერთ სივრცეში დაათვალიერონ ყველა ქართული გამომცემლობის ნაშრომ-ნაღვაწი და რაც მთავარია, შეღავათიან ფასად შეიძინონ წიგნები.

ძალიან საინტერესოა ის ღონისძიებებიც, წიგნის ფესტივალის დღეებში რომ იმართება: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კონკურსები...

არასდროს დამავიწყდება მშვენიერი ქალბატონი, 81 წლის პედაგოგი ნანული გიორგობიანი, რომელიც შარშან წიგნის ფესტივალზე გავიცანი. შვილთაშვილები ჰყავდა მოყვანილი - ძალიან მინდა, დაათვალიერონ და აარჩიონ წიგნები, მთელი წელი პენსიიდან დანაზოგს ვაკეთებდი, რომ ამ დღეს აქ მოვსულიყავი და მათთვის დღესასწაული მომეწყოო, - მითხრა.

- თანაც, აქ შეიძლება მწერლებს პირისპირ შეხვდე... მინდა ეს ბედნიერება ჩემმა შვილთაშვილებმაც გამოცადონ და ისევე დაამახსოვრდეთ, როგორც მე მახსოვს, შალვა დადიანს რომ შევხვდი ერთხელ "საბლიტგამთან". ერთხელ ვაჟაობაზე გალაკტიონი ვნახე, დაველაპარაკე კიდეც. იმ მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა ბედნიერები იქნებიან, როცა გააცნობიერებენ, რა მნიშვნელოვანია მწერალთან შეხვედრა!

წელს წიგნის ფესტივალი 29 მაისს დაიწყება და 1-ელ ივნისს დამთავრდება.

წიგნის სამყაროში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სულაც არ ყოფილა მართალი აზრი, თითქოს ელექტრონულმა საშუალებებმა წიგნი განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიულ გამოცემებზე (რომლებიც პრესასთან ერთად იყიდება) მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხს სჭირდება წიგნი, მას უყვარს ლიტერატურა... და თუ ხშირად წიგნის შეძენას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა, ახლა ეს ბარიერიც გადალახულია - "პალიტრა L"-ი წიგნებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი და თქვენი ბიბლიოთეკა კვლავაც გამდიდრდება...

20 წლის სტუდენტი მარიამ მაისურაძე "ბიბლუსში" შემხვდა. ნაყიდი წიგნებით გამოდიოდა მაღაზიიდან. ბევრი წიგნი გიყიდიათ-მეთქი, - ვუთხარი, თან კარის გაღებაში დავეხმარე.

- ეს რა არის, გაცილებით მეტი უნდა ვიყიდო. წიგნის ფესტივალს ველოდები. უკვე შეთვალიერებული მაქვს და ზუსტად ვიცი, რა მინდა. იმდენად მომწონს გამომცემლობების სიურპრიზები, რომ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვიცნობ ადამიანებს, ვისაც პრიზებიც მიუღია წიგნის ფესტივალზე. წელს მინდა მე გავხდე ერთ-ერთი პრიზიორი... 2011 წლიდან მოყოლებული, ყველა წიგნის ფესტივალზე ვიყავი...

ჩვენ ვკითხეთ "ბიბლუსის" თანამშრომლებს, რას აპირებენ ისინი ფესტივალზე.  გვიპასუხეს, რომ მათთან მთელი წელი წიგნის ფესტივალია. ახლა, ამ 4 დღეს, ისინი უკრაინელ პარტნიორებს წარადგენენ - ფესტივალის ფარგლებში უკრაინული გამოცემები "ბიბლუსის" სტენდებზე გამოიფინება.

ფესტივალის დახურვის შემდეგ კი დარჩენილი 361 დღე "ბიბლუსის" 45 მაღაზია მთელ საქართველოში ისევ წიგნის მოყვარულებს დაელოდება.

დავუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელიც ყველა ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდითა და განსაკუთრებული აქციებით გამოირჩევა. როგორც გამომცემლობის დირექტორმა თინათინ ასათიანმა გვითხრა, წელსაც უამრავი სიურპრიზი ელოდებათ წიგნის მოყვარულებს.  სერიად გამოცემული წიგნები აქციის ფასად გაიყიდება, ზოგიერთ წიგნზე 75%-მდე ფასდაკლება გამოცხადდება. მოეწყობა წიგნის თაროს პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილია 100 წიგნისთვის (50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ,+ ბიბლია და +49 წიგნი). მკითხველთა კლუბს თავისი წევრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები აქვს დაგეგმილი, თუმცა არც სხვა მკითხველებს დატოვებს უყურადღებოდ. მოეწყობა გათამაშებები, დარიგდება საჩუქრები. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რასაც "პალიტრა L"-ი წიგნის ფესტივალზე შესთავაზებს მკითხველს. დანარჩენს კი  დღესასწაულზე ნახავთ!

29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით მართლაც დიდი დღესასწაული გელოდებათ!