"ღიმილის ბიჭები" ახლა ზეცაში ლოცულობენ! - კვირის პალიტრა

"ღიმილის ბიჭები" ახლა ზეცაში ლოცულობენ!

"ღიმილის ბიჭები" ახლა ზეცაში ლოცულობენ!

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას ორი ახალგაზრდის - 25 წლის მამუკა მიქელაძისა და 22 წლის თორნიკე მახარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ორი მეგობარი კი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ისინი დღემდე საავადმყოფოში არიან. ტაძარი 2009 წლიდან შემოწირულობებით შენდება და ბიჭები ენთუზიაზმით, საზღაურის გარეშე მუშაობდნენ. ხელვაჩაურის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის თქმით, სამშენებლო პროცესს საპატრიარქო ხელმძღვანელობდა. როგორც ამბობენ, საბედისწერო დღეს ბიჭებისთვის იმ ხარაჩოების ჩამოხსნა უთხოვიათ, რომელიც რამდენიმეტონიან გუმბათს ამაგრებდა. როგორც კი ხარაჩო მოხსნეს, გუმბათი ჩამოინგრა და ბიჭები ნანგრევებში მოიყოლა. ამბობენ, ხარაჩოების მოხსნა იჩქარეს, რადგან ბეტონი კარგად გამშრალი არ იყოო...

ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრების და ახლობლების მწუხარებას საზღვარი არა აქვს. სოციალური ქსელებიც აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით.

ბიჭებს საცოლეები ჰყავდათ და ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ. ორივე ბათუმში ცხოვრობდა. მამუკა მიქელაძეს მშობლები და და-ძმა ჰყავს. მამა, რომელსაც ინფარქტი რამდენჯერმე აქვს გადატანილი, როცა შინ შვილი მიუსვენეს, თურმე გამწარებული მიწაზე დაფორთხავდა. ახლა ის საავადმყოფოშია. უმძიმეს მდგომარეობაშია მამუკას საცოლე, 20 წლის ქეთი მახარაძეც, რომელმაც თავს ძალა დაატანა და გვიამბო მათი სიყვარულის ამბავი:

"მამუკა მისი დის ქორწილში გავიცანი. რამდენიმე თვის მერე სიყვარულში გამომიტყდა. ძალიან თბილი იყო, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე. სიტყვებით აუხსნელი ტკივილია ჩემთვის. სულ იმას ცდილობდა, როგორ გავეხარებინე. ხეზე კვეთა იცოდა და თავისი ხელით დამზადებულ ნივთებს მჩუქნიდა. ახლახან ლამაზი ზარდახშა მაჩუქა, მითხრა, ამაში სამკაულებს ჩააწყობო. ბევრ რამეზე ვოცნებობდით, მაგრამ ვერ ავისრულეთ. დანიშნულები ვიყავით. საქორწილო კაბა მამუკამ თავისი გემოვნებით შემირჩია, მისთვის კოსტიუმი ვიყიდეთ, ყველაფერი დავგეგმეთ, შევნატროდით იმ დღეს, როცა ვიქორწინებდით. ის ჩემი უსაზღვრო სიყვარული იყო, ბევრი ლამაზი დღე მაჩუქა. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ვნახე. მითხრა, ხატი ჩამოვარდა და გამიტყდაო... ძალიან განიცდიდა, მეც არ მესიამოვნა, მაგრამ დავამშვიდე, ყველაფერი კარგად იქნება, ახალი ჩარჩო შევურჩიოთ ხატს-მეთქი. ალბათ, ეს ნიშანი იყო...

მამუკას ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული ჰქონდა. 20 აპრილს 25 წლის გახდა, თავის დაბადების დღეზე გაქრისტიანდა და ძალიან ბედნიერი იყო. მონათვლის მერე სულ ლოცულობდა. როცა ძმაკაცებმა უთხრეს, ტაძარი შენდებაო, სიხარულით ჩაერთო.  უფლის სახლის აშენებაში წვლილი მეც შემაქვსო, ამბობდა... მეც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ამ ამბამდე ორი დღე საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ამის მიზეზი ახლაც არ ვიცი...

არ ვიცი, როგორ გავუძლო ამ ტკივილს. ის იყო სითბო, რომელიც სულ მინდოდა მეგრძნო, რომელიც მეგონა არასდროს მომაკლდებოდა", - მითხრა ქეთიმ და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ამირან მახარაძე, ქეთის მამა: "მამუკას 3 წელზე მეტია ვიცნობ და ძალიან შემაყვარა თავი. მის ოჯახსაც ვიცნობდი. ძალიან კარგი ხალხია. ნიშნობა შარშან გვქონდა, ახლა ქორწილისთვის ვემზადებოდით. ის უკვე ჩემი ოჯახის წევრი იყო. თავზარდაცემული ვართ, არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი ოჯახი და გული მტკივა, ასე განადგურებულს რომ ვხედავ ჩემს შვილს".

უმძიმესი ვითარებაა თორნიკე მახარაძის ოჯახშიც. თორნიკეს მშობლები და ერთი და ჰყავს. თორნიკე ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი იყო. თორნიკეს შეყვარებული 16 წლის თბილისელი გოგონაა. ერთმანეთი 9 მაისს თბილისში, სამების ტაძარში უნდა ენახათ. "მთელი ცხოვრება მემახსოვრები, ჩემი გული ხარ, ჩემი ყველაფერი... ახლა შენთან უნდა ვყოფილიყავი, მადლობა, რომ შემიყვარე... მადლობა, რომ მაფასებდი და ჩემთვის ყველაფერს აკეთებდი... მეც მიყვარხარ, გუშინწინ რომ მომწერე, მიყვარხარ და მენატრებიო, მაპატიე, რომ არ გიპასუხე, თუ როგორ მენატრებოდი და მიყვარდი... 2 დღეში თბილისში გელოდებოდი... ჩემში დარჩები", - წერს კესო დარსალია "ფეისბუკზე".

კესო დარსალია: - თორნიკე ძალიან კარგი ბიჭი იყო. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. სულ მწერდა, მირეკავდა. ერთხელ სახლში დამრჩა მობილური და სკოლაში ისე წავედი. ნომერი ზეპირად არ ვიცოდი, სხვისი ნომრიდან რომ მიმეწერა მისთვის. შინ რომ დავბრუნდი, 20 მესიჯი დამხვდა, თურმე ძალიან ინერვიულა, რომ ვერ დამიკავშირდა. მე მედავითნე ვარ ტაძარში. სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ თორნიკე იმდენად მიყვარდა, რომ აზრი შევიცვალე, მეც გამოვუტყდი სიყვარულში. ის ბათუმში იყო, ჩვენი სიყვარულის ამბავი მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ. მასაც ჩემი სურათი ედო თავის "ფეისბუკის" გვერდზე. ის სურათი თბილისში გადავიღეთ ორი თვის წინ, როცა მამა გაბრიელის მოსალოცად ჩამოვიდა თავის მოძღვართან ერთად სამების ტაძარში.

მერე სვეტიცხოველი მოილოცეს, ვურეკავდი და ვტიროდი. მთხოვა, მცხეთაში ჩამოდი და მერე სულ ერთად დავრჩეთო, მაგრამ ვერ გავბედე. ღმერთის ნებაა ყველაფერი. 4 მაისს დამესიზმრა, მეორე დღეს მივწერე, ძალიან მენატრები, შენი ხმა მომენატრა-მეთქი. ერთი საათი ვისაუბრეთ. აქეთ ველოდი, 9 მაისს უნდა გვენახა ერთმანეთი.

ყველაზე მეტად ის უხაროდა, ტაძრის მშენებლობაში რომ მონაწილეობდა. მისი გარდაცვალება ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.  არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ასეთ კარგ ადამიანს ვუყვარდი. თორნიკეს ვერასოდეს დავივიწყებ. ჩემი სიყვარული მას თან გაჰყვა და მისი სახით ზეცაში ჩემი მლოცველი იქნება, მე აქედან ვილოცებ მისთვის.

სოფო კუჭაშვილი, თორნიკე მახარაძის მეგობარი: - საოცარი მეგობარი დავკარგე. ძალიან მზრუნველი იყო, სულ იმას ცდილობდა, როგორ გაეხარებინე. უზომოდ კარგი იუმორი ჰქონდა, სულ მოღიმარი დადიოდა. რამე პრობლემა რომ მქონდა, მეტყოდა, ტაძარში წადი, ილოცე და მეც ლოცვებში მოგიხსენიებ, გახსოვდეს, ლოცვა გაგაძლიერებსო. მშენებლობის სურათებს სულ დებდა "ფეისბუკზე", უხაროდა თავისი წვლილი რომ შეჰქონდა. ხშირად დადიოდა მოსალოცად სხვადასხვა ადგილას. უბედნიერესი იყო, როცა პირველად სტიქარი ჩაიცვა. მისი ფრაზა იყო, "უფლის წყალობით, თუ უფალი ინებებს". არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიცხოვრო.

P.S. ჩვენც ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვწუხვართ მომხდარის გამო.

თეა ხურცილავა