მარიკო ებრალიძე: "გული მწყდება, რომ იმედი ვერ გავამართლე" - კვირის პალიტრა

მარიკო ებრალიძე: "გული მწყდება, რომ იმედი ვერ გავამართლე"

"შეიძლება სწორადაც მოხდა, საქართველოში რომ ეს სიბინძურე არ წამოვიდა"

"არც ერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს"

8 მაისს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში "ევროვიზიის" რიგით 59-ე სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალური ტური გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები - "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშნენ. ჩვენმა საზოგადოებამ გააკრიტიკა როგორც მუსიკალური კომპოზიცია, ასევე კონკურსიც. "შინისა" და მარიკოს მიერ შესრულებული ეთნოელემენტებით გაჯერებული ნომერი ზოგისთვის არაფრით განსხვავებული და კონკურსის ფორმატის შეუსაბამო აღმოჩნდა, ზოგმა კი მარცხის მიზეზად საორგანიზაციო მხარე და პროდიუსინგში გარღვევა დაასახელა. მუსიკალური ელიტის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ დროა, თავი დავანებოთ იმ კონკურსებში მონაწილეობას, რომელიც წარმატებას ვერ მოგვიტანს.

ნათია უზნაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის "ევროვიზიის" პროდიუსერი: - საქართველო ნამდვილად იმსახურებდა ფინალში გადასვლას. მათ ძალზე ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ნომერი ჰქონდათ. ეს არის კონკურსი, რომელშიც ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რომელი ქვეყანა მოხვდება ფინალში და რომელი გაიმარჯვებს. ფინალში ისეთი ქვეყნები ვერ გადავიდნენ, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ და პირველ ხუთეულში იყვნენ მოხსენიებული. ჟიურიდან ვინ რამდენი ქულა დაწერა და რამდენი სმს მოვიდა ჩვენს სასარგებლოდ, ეს მალე "ევროვიზიის" ოფიციალურ საიტზე დაიდება. წელს პირველად გახდიან მას საჯაროს.

თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსი: - წლევანდელი გამოსვლა ნამდვილად განსხვავებული იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო "ევროვიზიის" ტრადიციული სიმღერებიდან ოდნავ ამოვარდნილი ნომერი, მაგრამ იყო მესიჯი, რომ ამ კონკურსზე ყველა ქვეყანამ თავისი სათქმელი უნდა თქვას.

- ქართულ პრესაში ამას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესოა, რას წერს ევროპული პრესა ქართველ კონკურსანტებზე?

- ყველას ვთხოვდი, გადახედონ ევროპულ პრესასაც, სადაც წერენ: "არცთუ ბევრი ქვეყანა გარისკავდა ევროპულ შოუბიზნესში ბახის გაჟღერებას. იქნებ საკმარისია შვედი კომპოზიტორების კალკი ყოველწლიურად, იქნებ დროა, ვიფიქროთ განსხვავებულ მუსიკაზე, მაგალითად, ისეთზე, რომელიც წელს საქართველომ შემოგვთავაზა. მადლობა საქართველოს". გამოდის, ჩვენი სათქმელი ვთქვით კონკურსზე.

- ისიც ითქვა, რომ ჩვენი ფოლკი და ეთნოელემენტები არ არის ახლობელი ევროპისთვის და ამაზე ფსონის გაკეთება შეცდომა იყო.

- ჩვენი მიზანი რა არის, მაინცდამაინც პირველ ადგილზე გასვლა?

- რატომაც არა, ყველა მონაწილე, ალბათ, ფინალში გასვლაზეა ორიენტირებული.

- რა მნიშვნელობა აქვს ფინალში გასვლას? ყოველ შემთხვევაში, ევროპელები ამბობენ, რომ ქართველების სიმღერა განსხვავებული იყო, სათქმელი ითქვა. საწყენია, რომ ევროპელებზე მეტად ქართველი ხალხია კრიტიკულად განწყობილი.

მარიკო ებრალიძე, მომღერალი, "ევროვიზიის" კონკურსანტი:

-  ყველა ამბობდა, რომ ჩვენი ნომერი  ორიგინალური იყო და ნამდვილად იმსახურებდა ფინალში გასვლას. დასანანია და, რა თქმა უნდა, განვიცადე, რადგან სულ სხვა მუხტით წავედით კონკურსზე. უდიდესი  გამოცდილება მივიღე, ვითანამშრომლე პროფესიონალებთან, გავიცანი და დავუმეგობრდი კონკურსში მონაწილეებს. გული მწყდება, რომ იმედი ვერ გავამართლე, მაგრამ ყველაფერი წინ არის.

ზაზა მიმინოშვილი, ჯგუფ "შინის" სოლისტი: - ამით არაფერი დამთავრებულა, კარგი საქმის კეთება გრძელდება... გულდასაწყვეტია ის შედეგი, რაც მივიღეთ. ისევე როგორც გამარჯვება არ იქნებოდა ჩვენი, ასევე დამარცხებაც არ არის ჩვენი.

ეს იყო დამარცხება იდეის, რომელიც გვინდოდა მიგვეწოდებინა ევროპისთვის - დროა, გამოვფხიზლდეთ და გაერთიანებაზე ვიფიქროთ, ოღონდ არა ამ სახით, როგორითაც დღეს ხდება. კულტურა არის ერთ-ერთი ხიდი, რომლითაც შეგიძლია ეს გზავნილი გააკეთო იმიტომ, რომ მსოფლიო პროცესები, განსაკუთრებით რაც ხდება უკრაინაში, იმის ნიშანია, რომ ევროპას სძინავს. ჩაძინებული ევროპა ერთ დღეს გაოგნებული აღმოაჩენს ბერლინის კედელს არა მარტო ბერლინში, არამედ კოპენჰაგენშიც, პარიზსა და ლონდონშიც. ასე რომ, ეს გზავნილი იყო ჩადებული ჩვენს კომპოზიციაში ყველაზე სწორი პოლიტიკის - კულტურის ენაზე.

ამის გაგონება, როგორც ჩანს, ევროპას არ ძალუძს, რაც მე ძალიან მაშინებს. ჩემთვის ყველაფერი ქართული პერსპექტივიდან ჩანს. ეს იყო ჩემი ყველაზე ფარული, შინაგანი განცდა. ჩვენ  ვარკვევთ, რა არის ევროპის სიმბოლო. ევროპის სიმბოლო თუ ის პროექტია, რომელიც ფინალში გაიმარჯვებს და რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ საკმაოდ დიდი კითხვა მექნება, რა არის და საით მიდის ევროპა.

ზურაბ გაგნიძე, "შინის" თანადამფუძნებელი, ბასისტი და მომღერალი: - აქ გამარჯვება სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი. თუმცა, არც ერთ ქართველს არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე წარმოვადგინოთ, როგორც დღეს ავსტრია წარმოადგენს.

- ავსტრიელ ტრანსგენდერ მონაწილეს გულისხმობთ?

- რაღაც ახალი სიტყვაა... ჩვენგან, ყველასგან, და საქართველოსგან, იმედია, შორს არის. გავრცელდა ხმა, ბევრმა ქართველმა ამ ავსტრიელს მისცა ხმაო, რაც ცოტა გულსატკენია. მაინც მგონია, რომ საქართველო ის ქვეყანა იქნება, რომელიც თავის ტრადიციებს შეინარჩუნებს.

- ასეა თუ ისე, "ევროვიზიაზე" ყოველთვის ვიჩაგრებით... თქვენი მოსაზრებით, მომავალ წელს ისევ უნდა მივიღოთ მონაწილეობა?

- გვსურდა, გვეთქვა, რომ "ევროვიზია" უფრო კულტურული, მუსიკალური და მრავალფეროვანი უნდა გახდეს. კარგი იქნებოდა, თუ გავიმარჯვებდით, მაგრამ ამ ფონზე, რასაც აქ ვუყურებ, შეიძლება სწორადაც მოხდა, საქართველოში რომ ეს სიბინძურე არ წამოვიდა.

ნანა ფიცხელაური

მანანა გაბრიჭიძე