...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო... - კვირის პალიტრა

...ეს "დიდი გეტსბია"- წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო...

ფიცჯერალდი სწორედ ზელდამ "აიძულა" მწერალი გამხდარიყო და მერეც მუდმივი გზამკვლევი ყოფილიყო ლიტერატურის "საქმიან" ნაწილში. როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ზელდა არც წერაში უხეშ ჩარევაზე ამბობდა უარს

როდესაც მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩატარდა ჩვენი გამომცემლობის პროექტში ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") შესატან ნაწარმოებთა გამოსავლენად, "უცნაური" ფაქტი გამოვლინდა: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანი რომ აუცილებლად მოხვდებოდა ორმოცდაათეულში, ნათელი იყო, მაგრამ ეს რომანი "ნაზია ღამე" აღმოჩნდა და არა "დიდი გეტსბი", რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული ამ მწერლის საუკეთესო წიგნად. ცხადია, ამით სულაც არ ვაკნინებთ ხსენებული რომანის ღირსებას, მაგრამ იმ "უცნაურობას" ლოგიკური ახსნა აქვს: "ნაზია ღამე" გასულ საუკუნეში რამდენჯერმე გამოიცა ქართულად და დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენში. ამიტომ ქართველი მკითხველი საზოგადოების ამ წიგნთან დაბრუნების სურვილიც გასაგები იყო.

ასეა თუ ისე, ის გაუგებრობა ახლა გამოსწორდა. თქვენ ფიცჯერალდის მართლაც შედევრული რომანის - "დიდი გეტსბის" წაკითხვა გელით და თუკი "ნაზია ღამე" შეიძლება სოფელში ან აგარაკზე, ჰამაკში წამოწოლილმა იკითხო, ამჯერად უფრო მაღალმხატვრული ლიტერატურისთვის მოემზადეთ - ტექსტისთვის, რომელმაც ამერიკული "დაკარგული თაობის" მწერალთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი დაუმკვიდრა მის ავტორს.

ისევ "ნაზია ღამე" უნდა ვახსენო: ეს წინასიტყვაობა რომ იმ რომანისთვის იწერებოდეს, შეიძლებოდა, არც გვეხსენებინა მწერლის ბიოგრაფიის მომენტები. "ნაზია ღამე" ერთადერთია მის წიგნებს შორის, სადაც სიუჟეტში ოსტატურად, თითქმის ზუსტად არის ასახული ფიცჯერალდის ბიოგრაფია.

მაგრამ ეს "დიდი გეტსბია", რომლის პერსონაჟებიც "რესპექტაბელური" ადამიანები არიან და სულაც არ ჰგვანან ფიცჯერალდს. ამიტომ საგანგებოდ უნდა გავიხსენოთ, ვინ და როგორი იყო ფიცჯერალდი...

როდესაც პარიზში ყოფნისას ჯეიმზ ჯოისმა გაიცნო, გენიალურ ირლანდიელს უთქვამს: "ეს ახალგაზრდა გიჟი უნდა იყოს, მეშინია, რომ თავს დიდ ტკივილს მიაყენებს..." და ზუსტად ამოიცნო - ტკივილიც იყო და სიგიჟეები ხომ იყო და იყო: ის და მისი, მასავით "გიჟი" ცოლი, ზელდა, ხან მანჰეტენზე მიმავალი ტაქსის სახურავზე ცეკვავდნენ, ხან მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ სამგლოვიარო ტანსაცმლითა და შავარშიაშემოვლებული გვირგვინით, ხანაც სპექტაკლის პრემიერაზე გამოეცხადებოდნენ საზოგადოებას... შიშვლები! თუმცა, იყო ნამდვილი ბოჰემური ცხოვრება. ისეთი, რომ ერთ ფრანგ პუბლიცისტს დაუწერია: "სანამ ფიცჯერალდი გამოჩნდებოდა, ამერიკაში ნამდვილი ბოჰემა არც იყო!" საერთოდ, თუკი ბიოგრაფიაზეა საუბარი, ალბათ, ყველა ცნობარში ასე უნდა ეწეროს: "ფრენსის და ზელდა სკოტ ფიცჯერალდების ბიოგრაფია", რადგან სწორედ ზელდამ "აიძულა", მწერალი გამხდარიყო და მერეც მუდმივი გზამკვლევი ყოფილიყო ლიტერატურის "საქმიან" ნაწილში. ისე, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ზელდა არც წერაში უხეშ ჩარევაზე ამბობდა უარს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფიცჯერალდის რომანებს საამისო არაფერი ეტყობა.

ფიცჯერალდს ერთხელ უთქვამს, ბოშებთან სიამოვნებით ვიცხოვრებდიო. არ ვიცი, სადავო საკითხია, რამდენად შეეგუებოდა ფუფუნებას ჩვეული მწერალი მომთაბარე და ღატაკ ყოფას, მაგრამ ის კი საინტერესოა, რომ ზელდასთვის, თავისი მეექვსე შვილისთვის, დედამისს სწორედ ბოშა გოგონას სახელი დაურქმევია და "ბოშურადვე" გაუზრდია - თავისუფლად და ლაღად. ჰოდა, ეს ლაღი გოგონა, 17 წლისა, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ხვდება 22 წლის ჯარისკაცს, რომელიც ეუბნება, ჯარში მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ პრინსტონის უნივერსიტეტიდან გამოვქცეულიყავიო. პრინსტონში კი იმიტომ მივიდა, რომ იქაურ ფეხბურთის გუნდში ეთამაშა. გუნდიდან კი გამოაგდეს, როგორც უპერსპექტივო, სწავლა კი ეზარებოდა...

-  მე მწერალი ვარ! თქვენ კი ძალიან კარგად ცეკვავთ... ოდესმე შეყვარებული ყოფილხართ?

- არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ წუთი-წუთზე შემიყვარდება!.. - და დაიწყო ცხოვრება, რომელზეც უამრავი წიგნის დაწერა შეიძლება (თუმცა, რაღა შეიძლება - დაწერილიც არის, გამოცემულიც, სცენაზე დადგმულიც და ეკრანზე გამოსულიც).

1920 წელს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის პირველი რომანი "სამოთხის აქეთა მხარეს" დაიბეჭდა და მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა - "ღარიბი ნასტუდენტარიდან" მდიდარ და პოპულარულ კაცად იქცა.

"დიდი გეტსბი"... რა შეიძლება ითქვას?.. 1925 წელს, როდესაც ეს რომანი დაიბეჭდა, თანაც პარიზში, ამერიკიდან შორს, ინგლისურენოვანი მკითხველი მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას, მაგრამ ჩათვალეს, რომ მოლოდინი გაუცრუვდათ. ნეტავ რას ელოდნენ? თავად განსაჯეთ, იმ დროს ინგლისურენოვანი პოპულარული წიგნისთვის ნახევარმილიონიანი ტირაჟი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო "დიდი გეტსბის" ავტორის სიკვდილამდე (ანუ, 15 წლის განმავლობაში) მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მიზეზი, ალბათ, ბანალურია: ვერ გაიგეს,\ წიგნმა დროს გაუსწრო... არგუმენტები გნებავთ? კი ბატონო: დღეს ბევრი ინგლისურენოვანი ქვეყნის საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ეს რომანი სავალდებულო საკითხავადაა შეტანილი, ხოლო 1998 წელს "მოდერნ ლაიბრარის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში: "XX საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი", მეორე ადგილზე გავიდა ჯეიმზ ჯოისის "ულისეს" შემდეგ.

ამ წიგნში "დიდი გეტსბის" გარდა, კიდევ ერთ ნაწარმოებს გთავაზობთ, მოთხრობა "სასტუმრო რიცისოდენა ალმასს".  მოთხრობა ძალიან ჰგავს "დიდ გეტსბის" იმ დედააზრში, რასაც ავტორი აქსოვს მათში: რა არის მთავარი? - არც გეტსბის ზღაპრული ქონება და ამ ქონებაზე დამყნობილი ნაძალადევი პატივისცემა, არც "ალმასის მთის პატრონის" ყოვლისშემძლეობა და არც თვით ავტორის "თავქუდმოგლეჯილი ცხოვრება"!

მაშ, რა?! მარადიული კითხვაა და მარადიულ, იქნებ გაცვეთილ, მაგრამ სწორ პასუხს, ამ წიგნში წაიკითხავთ.