იასენია - აფხაზური ცეცხლი თბილისურ სცენაზე - კვირის პალიტრა

იასენია - აფხაზური ცეცხლი თბილისურ სცენაზე

"ეს ჩემი მშობლიური ცეკვაა და ალბათ, ამიტომაც ერთი ამოსუნთქვით ვიცეკვე"

"თუ გავიმარჯვებ, პირობას ვდებ, რომ მხოლოდ ქართულად ვილაპარაკებ"

სატელევიზიო შოუს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" - მორიგ ტურში იასენიას აფხაზურმა ცეკვამ მაყურებელი აღაფრთოვანა. ისიც ითქვა, წარმოშობით გაგრელი გოგონას ცეკვას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდაო, თუმცა, შესანიშნავად შესრულებულმა ნომერმა თურმე აფხაზეთშიც ვერავინ დატოვა გულგრილი.  21 წლის გაგრელი ნანა არახამია, რომელიც საკუთარმა პროდიუსერმა მონათლა იასენიად, რუსული შოუ-ბიზნესის სამყაროში უკვე ძალიან ცნობილია და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

ნანა სამი თვის ყოფილა, როდესაც აფხაზეთის ომის გამო ოჯახი გაგრიდან გაემგზავრა. მაშინ სოჭს მიაშურეს, რამდენიმე წლის წინ კი მოსკოვში გადასახლდნენ, სადაც ცნობილი კომპოზიტორის, ვიქტორ დრობიშის კასტინგში მონაწილეობამ გოგონა იქაურ მსმენელს გააცნო. ნანა ბევრ კლიპში მონაწილეობს. ქართული შოუს დაწყებამდე კი ერთი კლიპი თბილისშიც გადაიღო. იასენია თითქმის ვერ ლაპარაკობს ქართულად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ამას მალე შეძლებს. სიმღერის ნიჭი ჩვილობისას გამოუვლენია - როდესაც დედა იავნანას უმღეროდა, პატარა თურმე ცდილობდა, სიმღერას აჰყოლოდა. მომღერალი, რომელიც ახლა ცეკვითაც იწონებს თავს, ტკივილით იხსენებს, რაც მის ოჯახს გადახდა, თუმცა, ყველაფერი გადმოცემით იცის. ომმა ოჯახი ორად გახლიჩა. მამის მშობლები, მამიდა და სხვა ნათესავები თბილისში წამოვიდნენ, წარმოშობით რუსი დედის ოჯახი კი აფხაზეთში დარჩა, ამიტომაც ნანას დღემდე არ გაუწყვეტია კავშირი აფხაზეთთან. დარდობს, რომ მამამისი მშობლიურ კუთხეში ვერ ჩადის და ოჯახს შინ მშვიდად დაბრუნება არ შეუძლია... ნანა არახამია "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- აფხაზეთი უზომოდ მიყვარს და ამიტომაც მინდოდა აფხაზური მეცეკვა. ამ კონკურსში მონაწილეობამდე არსად მიცეკვია, მით უფრო, აფხაზური, მაგრამ ეს ჩემი მშობლიური ცეკვაა და ალბათ, ამიტომაც ერთი ამოსუნთქვით ვიცეკვე. უამრავი აფხაზეთიდან დევნილი მყავდა გულშემატკივრად და ალბათ, ამიტომაც გამომივიდა ეს ნომერი ასეთი კარგი. არც კი ველოდი ჟიურის უმაღლეს შეფასებებს. თითქოს ბურუსში ვიყავი და აღარ მესმოდა, როდესაც ჟიურისგან ისმოდა: ათი, ათი, ათი, ათი...

- რას გმატებთ ეს კონკურსი?

- ძალიან ბევრს. მე ხომ ქართველი ვარ, ამიტომაც საქართველოში ყოფნა მაბედნიერებს - ჩემს სახლში ვარ! თანაც როდესაც ასეთ სითბოს გრძნობ, შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, უფრო მოწესრიგებული გავხდი. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი, განსაკუთრებით სუხიშვილების მოცეკვავეების, რომლებიც დამეხმარნენ აფხაზური ცეკვის დადგმაში. მამხნევებდნენ, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, ბედნიერების ცრემლი მომდიოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საქართველოში სხვა, საინტერესო პროექტებშიც.

- აფხაზები შემოგეხმიანენ?

- რა თქმა უნდა. ჩვენო ნიჭიერო, შენით ვამაყობთ, გგულშემატკივრობთო...  მწერენ, მირეკავენ. აფხაზეთში ძალიან ვუყვარვარ ხალხს.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გამარჯვებას?

- ძალიან მინდა გავიმარჯვო, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ამ კონკურსში ვერ გამოიცნობ, რა მოხდება. ერთი რამ კარგად  ვიცი - საჭიროა ბევრი მუშაობა.

- როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

- ვერ გეტყვით, ყველა თავისებურად ძლიერია. ყველა თავისებურად იწვევს განცვიფრებას. თან, ერთ ტურში ერთი წყვილი ცეკვავს შთამბეჭდავად, სხვა ტურში - სხვა.  ვერ იტყვი, რომ ვიღაც საუკეთესო ან საშუალო დონის არის. ცუდი და კარგი აქ არ არსებობს.

- ქართულ-რუსული პოლიტიკა თუ უშლის ხელს თქვენს საქმიანობას შოუ-ბიზნესში?

- გამიმართლა. რუსეთში ძალიან კარგი კარიერა მაქვს და ბევრი მხარდამჭერი მყავს.

- რა არის იასენიას ოცნება?

- მინდა ვუყვარდე ადამიანებს, განურჩევლად ეროვნებისა.

- წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს, რომ მალე ისევე კარგად ილაპარაკებთ ქართულად, როგორც აფხაზურად იცეკვეთ.

- მაყურებელს ყოველთვის ქართულად ვთხოვ, დამიმესიჯონ.

ყველაფერი მესმის, მაგრამ რუსული აქცენტის გამო ვერიდები ქართულად ლაპარაკს.

თუ გავიმარჯვებ, პირობას ვდებ, რომ მხოლოდ ქართულად ვილაპარაკებ.