მყინვარის რისხვა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მყინვარის რისხვა (ექსკლუზივი)

დარიალის ხეობაში მომხდარი კატასტროფის მიზეზებს ”ლარსი ჰესის” მშენებლობას არ უკავშირებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. მოკვლევამდე პირდაპირი შეფასებებისგან თავს იკავებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც. თუმცა, თერგის შენაკადი მდინარეებისგან მოსალოდნელ საფრთხეს ისინი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვარაუდობდნენ და სახიფათო მონაკვეთად მიიჩნევდნენ ტერიტორიას, სადაც ჰესი აშენდა. მათი თქმით, ბუნების ისედაც მკაცრ პირობებს რომ ადამიანის ნამოქმედარი დაამძიმებს, მოსალოდნელ შედეგებს ვერავინ გათვლის. იქ კი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით თუნდაც მწარე გამოცდილების გამო უნდა ყოფილიყო დაცული.

იმავე ადგილზე დაახლოებით 12 წლის წინ მომწყდარმა მთამაც იმსხვერპლა ადამიანები. ჩაკეტილი ხეობის გაწმენდას კი ჩამონაშალის სიდიდის გამო რამდენიმე წელი დასჭირდა.

სპეციალისტების განმარტებით, ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი ბუნებასთან დაახლოებული ჩვენი წინაპრების მიწათმოქმედების ისტორიაა - სადაც ადამიანი არ სახლობდა, იქ რაღაც ბუნებრივი ამკრძალავი მიზეზი არსებობდა, რასაც, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ ბიზნესინტერესებს გადაყოლილი ჩვენი თანამედროვენი.

თვითმხილველის მონაყოლიდან:

”კვირის პალიტრა" ტრაგედიის თვითმხილველს, მშენებლობების მენეჯერ სულხან გაბრიჭიძეს დაუკავშირდა: - ჩვეულებრივი დილა გათენდა, ხეობაში სიმშვიდე იდგა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში თავს ასეთი საშინელი უბედურება დაგვატყდებოდა - დაახლოებით ათი საათისთვის მყინვარიდან მიწის უზარმაზარი მასა მოწყდა და რაღაც საშინელი ზრიალითა და გრუხუნით ჩვენკენ დაიძრა. ყველაფერი წამებში მოხდა, შეუძლებელი იყო გაქცევა, თავზარდაცემულები გახევებული ვიყავით. ჩამოშლილმა შავმა მასამ ერთიანად ჩახერგა ხეობა. ცოტა გონს რომ მოვედით, მაშინღა გავიაზრეთ, რა საშინელება მოხდა. გზაზე ცოტა ხნის წინ ტრაილერები რომ იდგა, მიწამ მოიყოლა - აღარც მანქანები, აღარც ადამიანები... 2007 წელსაც ჩამოიშალა მიწა, თუმცა მაშინ ასეთი მასშტაბის არ ყოფილა.

”ლარსი ჰესი” ოფიციალურად 24 იანვარს გაიხსნა. ახლა მისი მიმდებარე ტერიტორია, როგორც ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, მილიონი კუბური მეტრი მიწისა და ღორღის ჩამოშლის გამო პარალიზებულია. განადგურებულია საქართველოს სამხედრო გზის დიდი მონაკვეთი, სავარაუდოდ, დაღუპული და დაკარგული არიან ადამიანები. მყინვარ დევდარაკიდან მომავალი თერგის შენაკადი, მყინვარიდან წამოღებული უზარმაზარი ნაშალი მასით ჩაზვავდა თერგის ხეობაში...

”ლარსი ჰესის” მშენებლობა სკანდალურ ვითარებაში მიმდინარეობდა. მედიისთვის ჯერ კიდევ მშენებლობის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ"”დარიალი ენერჯიმ” მდინარე თერგზე ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება მანამდე დაიწყო, ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვას მიიღებდა. ჯერ კიდევ 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივამ” კანონდარღვევის აღკვეთისა და საკითხის გამოძიების მოთხოვნით მიმართა როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. თუმცა, არც ერთ უწყებას კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. ჰესის მშენებლობის შედეგად მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი წყლის გარეშე დარჩა, რადგან მდინარის წყლის უდიდესი ნაკადი, 90%, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადააგდეს, მაშინ, როდესაც მდინარის სიგრძე სულ 11 კმ-ია. დამოუკიდებელი ექსპერტები თავიდანვე აპროტესტებდნენ მდინარის დატყვევებას და აცხადებდნენ, რომ შეიცვლებოდა ლანდშაფტი და დაიკარგებოდა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული და ტურისტული ფასეულობა. მომაკვდინებლად იმოქმედებდა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე.

მიუხედავად ამ და სხვა მოსალოდნელი პრობლემებისა, გარემოს დაცვის სამინისტრომ გოგა ხაჩიძის მინისტრობის დროს არ გაითვალისწინა დამოუკიდებელ ექსპერტთა შენიშვნები და 2011 წლის 28 ნოემბერს გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა მდ. თერგზე 110 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განთავსებაზე.

”მწვანე ალტერნატივის” დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ჰესის პროექტის მშენებლობაზე თანხმობა გაიცა მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის შესწავლის გარეშე. სამშენებლო გათვლები 25 წლის წინანდელ მონაცემებს ეყრდნობოდა. დარღვევები, რომელთა საფუძველზეც შენდებოდა ჰესი, ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციით ფასდება, მაგალითისთვის მხოლოდ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის მითვისების საკითხიც კმარა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმების დარღვევით მთავრობამ და პარლამენტმა ყაზბეგის ეროვნული პარკიდან ჰესს გადასცა 20.3633 ჰა ტერიტორია. არადა, იმისათვის, რომ დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობა ჩაეშალა და ხეობა დაეცვა, ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი თავის დროზე, სწორედ ნიკო კეცხოველის ინიციატივით შეიქმნა. როგორც ჩანს, ”კვირის პალიტრა” კატასტროფის ადგილზე მყოფ მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორ კობა არაბულს ესაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ სტიქიური შემოტევა კიდევ განმეორდეს. ამასთან, გამორიცხავს, რომ კატასტროფის მიზეზი ჰესის მშენებლობასთან იყოს დაკავშირებული:

- გეოლოგები სწავლობენ მთის ჩამოშლის მიზეზებს და დასკვნები მალე გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კი საბედნიეროდ, თერგმა გაჭრა ჩამონაშალი მასა და საფრთხე აღარ არის. თუმცა, ეს მხოლოდ აქ. არავინ იცის, რა ხდება მაღლა, მყინვართან. უნდა გავიგოთ, შეწყვიტა თუ არა დევდარაკის მყინვარმა და მდინარე დევდარაკმა მოქმედება. შესაძლოა ძალიან მაღლა რომელიღაც ზონაა ჩაკეტილი, რომელსაც თუ ღვარცოფი გაგლეჯს, კაცმა არ იცის, აქ როგორი ფორმით ჩამოვა და რა მოხდება.

ჩვენ ვდგავართ გლობალური პრობლემის, გლობალური დათბობის წინაშე, რაც განსხვავებული ტემპით იწვევს მყინვარების დნობას, ამ პროცესის უკონტროლობა, პრევენციის არარსებობა, ასეთ საშინელ სიურპრიზებს გვთავაზობს. დევდარაკი უზარმაზარი მყინვარია, დიდი ხანია იშლება და წყდება უზარმაზარი მასა. ამიტომაც მყინვარზე მიმდინარე პროცესებს პერიოდულად სჭირდება დაკვირვება. ბუნება გაიძულებს, იფიქრო ამაზე და რაც დღეს ხდება, ესეც ამ იძულების ფორმაა. ბუნებრივ პირობებს ემატება ისიც, რომ კრიტიკულ ზონებში ისეთ რამეებს ვაშენებთ, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად განარისხოს ბუნება. ამ შემთხვევაში ლარსი ჰესს არ ვგულისხმობ.

ეკა ლომიძე