ბრავო პავაროტი! ანუ როგორ მოიარეს გურულებმა "საქათმიდან" მსოფლიო - კვირის პალიტრა

ბრავო პავაროტი! ანუ როგორ მოიარეს გურულებმა "საქათმიდან" მსოფლიო

"აი ქვეყანა ჩვენ გაგვაქვს გარეთ"

"არც ერთი ენა არ ვიცი და ყველას ყოლიფერს ვაგებინებ"

უნდა მოგიყვეთ, თუ როგორ იპყრობენ გურულები "საქათმიდან" მთელ მსოფლიოს. გურულები ნუ გამინაწყენდებიან - აბა, ამისთანა ნაგებობას რა დავარქვა? გამურული "ფეჩი", ბოლით გაშავებული კედლები, ცემენტის "პოლი" და ჩამტვრეული ფანჯარა თავისი საახალწლო ქარით (გურიაში ქარი იციიის... პა-პა-პაა!)! ისე კი, ოზურგეთში ამ შენობას მუსიკალურ სკოლას ეძახიან და მის შესახედაობაზე დიდად თავს არც იკლავენ. მთავარია, შიგ რა ხდება - იურა ჩიხლაძე იქ 27 წელიწადია, "იმფერ მუსიკოსებს" ზრდის, მსოფლიო ჰყავს გადარეული! და არა მარტო "ბაღნებით", - ღერიც არ იცის არც ერთი უცხო ენისა, ისე ახერხებს მსოფლიოს ყველა კუთხეში ლაპარაკს!

- ბატონო იურა, ამ ჩალეწილ ფანჯრებში ბავშვები არ ცივდებიან?

- ეგენი, აზარტში რომ შევლენ და საკრავებზე დასცხებენ, სიცივე ვიღას ახსოვს! ინსტრუმენტებს კარგი აურა აქვთ, მე კიდევ იურა ვარ და ვართ ასე ოქროსავით! ოღონდ მაი ფანჯარა ერთ რამეში გვიშლის - ინსტრუმენტებს ვერ ვტოვებთ ოთახში, - ვინმემ "კლეტკა" არ ახსნას და არ წეიღოს!

- ფანდურისა და სალამურისთვის ამხელა "კლეტკას" ვინ აჭრის?!

- გურიაში აჭრიან!

- ეგ დამავიწყდა. ისე, თქვენზეც გავიგე, უცნაური კაცია, მთელი ცხოვრება შარი სულ თან დასდევსო.

- კი, მასეა! ჯერ ქუთაისის მუსიკალური კოლეჯიდან გამომაგდეს - ოროსანი ხარო, მერე ძიმითის ანსამბლიდან - კოლმეურნეობის თავმჯდომარეს არ მოვწონდი - 17 წლის ბიჭი რაის ანსამბლის ხელმძღვანელიაო! მერე ოზურგეთის თეატრის ანსამბლიდან ამიკრეს გუდა-ნაბადი - დირექტორს შევები, - რაიზა იტყუები-მეთქი. თან, კი არ უთქვამს, რომ მათავისუფლებდა - ორი თვე ვიარე "ტაბელის" გადასაბრუნებლად და ბოლოს ერთმა თანამშრომელმა გამიმხილა - ტყვილა აბრუნებ მაგ ტაბელს, გათავისუფლებული ხარო! ამიზა, 27 წელია ჩემს პატარებს ვამეცადინებ, აგენი ჩემი შვილები არიან. ამათ გარდა ოჯახშიც კიდო ოთხი მიამატეთ...

- სულ რამდენ ქალაქში ყოფილხართ კონცერტის ჩასატარებლად?

- ახლა მაგი რაფერ დევითვალო! იმისთანა ადგილზეც ვართ ნამყოფი, სადაც ქართველს ფეხი არ დაუდგამს, მაგალითად, კუნძულ სკვითოსზე, საბერძნეთში!

- ამ გაღატაკებული მუსიკალური სკოლიდან, ცხადია, გასტროლისთვის ფულს არავინ გადაგიხდით და ასეთ ადგილებში როგორ ხვდებით?

- მაგი სულ არაა გასაკვირი. ერთხელ მოუსმენს უცხოელი ჩემ ბაღნებს და მორჩა, ფულსაც გვიგზავნის. ისე, გინდა გითხრა მართალი? ერთმა უცხოელმა კაცმა ამ ჩვენ მუსიკალურ ოთახს რომ შეხედა - აქანე რომ ბაღანე მოვა და გაჩერდება, იმას ნაღდად სწავლა უნდაო. რა გინდა, რომ ჩემი ბაღნები არ უკრავდნენ - ეგერ ამოჭრილი ღვინის დოქი მიდგას - იმაზეც უკრავენ.

შენ ის თქვი, რომ არც ერთი ენა არ ვიცი და ყველას ყოლიფერს ვაგებინებ. ენის ცოდნა რად მინდა, ბაღნები მითარგმნიან ყოლიფერს - ზოგმა რუსული იცის და ზოგმა ინგლისური. ესპანეთში რომ ჩამწერეს, ევროპის 16 ქვეყანაში გევიდა ტელევიზორში ამფერი ნათარგმნი, მარა ყველაზე უკეთესები ჩვენ ვიყავით და ხომ არ ამოგვჭრიდნენ! იქ სიტყვა არ დამჭირვებია, ისე დამიძმაკაცდა სასტუმროს პატრონი: შემოვიდა კაცი, მთელი ფესტივალი რომ სუფრასთან იჯდა და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია. მოვკიდე ხელი ღვინიან ჭიქას და ვაჯახე. ერთხანს მიყურა და მერე - "ბრავო, პავაროტიო!" შესძახა. იმ წუთში მივხვდი, წვერი რომ მაქ მოშვებული, იმიზა დამიძახა პავაროტი. რომ წევიდა, ცოტა ხანში ვნახოთ და, ქალი მოდის ბოთლი ღვინით და "პავაროტის" ძახილით. ახლა იმის მიხვედრას რა უნდოდა, იმ კაცმა ღვინო მე რომ გამომიგზავნა! იმის შემდეგ ლორდივით მხვდებოდა, მივიდოდი, ჩამომიხსნიდა გასაღებს და მომცემდა. მერე ეზოში საცურაო აუზზე გამიყვანა და დამტოვა. ვუყურებ, - ტრაფარეტია დადგმული და ზედ პაპიროსი გადახაზული - ვითომ აქ პაპიროსის მოწევა არ შეიძლებაო. წამოვიკიდე აი ტრაფარეტი ზურგზე და წევიღე დაკარგულში. გადირია მენეჯერი და გავარდა ამ ამბის შესატყობინებლად უფროსთან. მარა მოკაკული დაბრუნდა. იმ კაცს უთქვამს. მაი კაი კაცია და თავი დაანებეო.

- ასეთი ფუფუნების შემდეგ ოზურგეთში დაბრუნება არ გიჭირთ?

- რას ამბობთ, ოზურგეთია ჩემი სამოთხე და ყოლიფერი. მაგი კი არა, სკვითოსზე იმ პატიოსანმა კაცმა 50.000 ევრო დახარჯა ჩვენთვის, თითო ღამე 150 ევრომდე ჯდებოდა, მარა ერთი ბაღანა ამიტირდა, - ბებიაჩემის გამომცხვარი მჭადი მომენატრაო.

- იქნებ მაგ პატიოსანი უცხოელებისთვის ისიც გეთხოვათ, რომ თქვენი მუსიკალური სკოლაც დაეფინანსებინათ...

- მაი რაფერ ვუთხრა, ხალხი თავისი სიამოვნებიზა იბრძვის... ჩვენ ვიკითხოთ თუ არა, იგენს მოწყობილი აქვთ ცხოვრება. ერთხელ მონტე კარლოს კაზინოს რომ ჩავუარეთ, ვერ მოვითმინე და  ცხვირი შევყავი. თურმე მარტო ერთი წუთი შეიძლება კარში შეხედვა. ერთი წუთი რომ გევიდა, ვინცხამ  ქეჩოში ხელი მტაცა და გამომწია. შეშინდნენ ბაღნები, - არ დაგიჭირონ, იურა მასწავლებელოო... რომც დამიჭირონ, ვის რაში ვჭირდები, ქონებას დამატიებიებენ ციხეში თუ რას მიზამენ? ამ მთავრობას რომ ჭკუა ჰქონდეს,  სანთელს უნდა გვინთებდეს მომღერლებს და მუსიკოსებს - აი ქვეყანა ჩვენ გაგვაქვს გარეთ. ისე, ზოგს კი აქვს, ჭკუა. ერთ ახალ წელიწადს ათი ბაღანა მყავდა ბაკურიანში წაყვანილი. ის კაცი ახლაც რაცხაის მინისტრია, რომ მოუსმინა, ბაღნებს რქებჩაგრეხილი ჭედილა გამოუგზავნა.

- რა ქენით ამისთანა?

- სასტუმროში შევედით ახალი წლის ღამეს და "მრავალჟამიერი" დავცხეთ!

- ჰოდა, მასე მრავალჟამიერ გევლოთ.

- თქვენთან ერთად, ჩემო "კვირის პალიტრავ" და საქართველოვ. რომ გვემღერება, მაშინაც გვემღეროს და თუ გაგვიჭირდა, მაშინაც არ დაგვაკარგვინოს სიმღერის ხალისი ღმერთმა. ისე გავძლიერდეთ და ავიწიოთ ზეცამდე, რაფერც კრიმანჭულია და რაფერც კრიმანჭულს ვერ მოუხერხა მტერმა ვერაფერი, ისე ვერც ჩვენთვის მოეხერხებინოს!