"მეშახტის სტადიონი" კოლორიტებს მასპინძლობს - კვირის პალიტრა

"მეშახტის სტადიონი" კოლორიტებს მასპინძლობს

იმ დღეს ტყიბულის სტადიონი გაიხსნა

ერთ დღეს ჩვენი ფოტორეპორტიორი ფრიდონ გეგეშიძე ქუთაისიდან დაბრუნდა, ჩანთა გახსნა და დამიძახა: - რაღაც უნდა გაჩვენოო. მერე ფოტოები ამოიღო, - ქუთაისიდან ჩამოვიტანე, ასეთი რამ არავის არასოდეს უჩუქებია. ქუთაისელი ფოტოგრაფის გურამ სახელაშვილის მეუღლემ, დოდო ჟორჟოლიანმა ფირები მაჩუქა და დავბეჭდე, ტყიბულის ფეხბურთის სტადიონის გახსნის დღეს არის გადაღებული, რამდენიმე ტყიბულელის გარდა, თვალით არავის უნახავს, აუწონელი ფასი აქვსო! არ დაიჯერებთ და, რაღაც გამოუთქმელი განცდა დამეუფლა, როცა ამ ფოტოებს შევეხე - 45 წლის წინ, ერთი ქუთაისელი ფოტოგრაფის ერთი რიგითი სტადიონის გახსნისას გადაღებული ფოტოები საოცარ ისტორიას ჰყვებოდა, - ამ ისტორიაში პატარა ქალაქში ბევრი ბედნიერი ადამიანი ჩანდა. მათ შორის ამ ქალაქის სტუმრები, - იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, ემანუელ აფხაიძე. დანარჩენი კი ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ: 25 000-კაციან პატარა ქალაქს 17 000-იან სტადიონს უშენებენ, რადგან ამ ქალაქში ელიტური დივიზიონი თამაშობს - ტყიბულის "მეშახტე". ყველა მის თამაშზე მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული გულშემატკივარი სიამაყით გაჰყვირის და ქუდებს ჰაერში ისვრის... აბა, ამ სტადიონის გახსნაზე როგორ არ ჩამოვიდოდნენ იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, ემანუელ აფხაიძე!..

იმ დღეს განუყრელი ქუდი იპოლიტე ხვიჩიასაც ეხურა - როცა ლამაზი გოლი გავიდოდა, როგორ არ უნდა წამომხტარიყო, ქუდი ჰაერში არ ესროლა? ან დოდო აბაშიძეს როგორ არ უნდა აეტკივებინა მკერდი მჯიღის ცემით ყოველ ლამაზად გატანილ ბურთზე? ისე, ნეტავ  თუ გრძნობენ ჩვენი ფეხბურთელები, როგორ მოგვენატრა ასეთი ჰაერში ქუდის სროლა და მჯიღის ცემა?

იმ დღეს კი, სტადიონის გახსნაზე, მატჩის შემდეგ, დოდოც, იპოლიტეც და ემანუელიც პატარა ქალაქმა ფეხბურთელებთან ერთად აიტაცა და ეფერა, რადგან ესენიც ეფერნენ პატარა ქალაქს. იმ დღეს მთელ საქართველოში ცნობილ თამადა დოდო აბაშიძეზე ნაკლები ღვინო არც იპოლიტეს და ემანუელს დაულევიათ... იპოლიტემ განუყრელი ქუდიც მოიხადა, იატაკზე დააგდო და "შალახოს" ცეკვისას კბილებით აიტაცა. ისეთმა ტაშმა იგრიალა, ექო ტყიბულის მთებს მისწვდა...

ეს ექო ალბათ ახლაც იმ მთებშია და იქნებ მართლაც დადგეს დრო და დაგვიბრუნდეს. იქნებ დადგეს დრო, როცა ერთმანეთისთვის უფრო მეტი სიხარულის მინიჭების სურვილი გაგვიჩნდეს, ვიდრე ტკივილის... იქნებ აღარც ჩვენმა ფეხბურთელებმა იმართლონ ყოველი წაგებული მატჩის შემდეგ ბავშვივით თავი, რადგან თავის სამართლებელი არაფერი სჭირდეთ...

ფოტოექსკლუზივი

ერთ-ერთი გამორჩეული ქუთაისელი ფოტოგრაფი, გურამ სახელაშვილი 2010 წელს გარდაიცვალა. მან ძალზე საინტერესო ფოტოარქივი დატოვა. მათ შორის არის ტყიბულის ფეხბურთელთა გუნდ "მეშახტისადმი" მიძღვნილი და ტყიბულში 1968 წელს სტადიონის გახსნის ცერემონიალის ამსახველი ფოტოებიც. მართალია, სტადიონი ვ.ი. ლენინის დაბადების მე-100 (2 წელიწადში 100 წელი უსრულდებოდა) წლისთავის აღსანიშნავად გახსნეს და სახელადაც ლენინური კომკავშირის სტადიონი დაარქვეს, მაგრამ ტყიბულელები მას "მეშახტის სტადიონად" მოიხსენიებდნენ... "მეშახტე" ძალზე საინტერესო გუნდი იყო. გუნდმა, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრო ჟორდანია წვრთნიდა, იმ დროისთვის არნახულ წარმატებას მიაღწია, - თამაშობდა "ა" კლასის მეორე ჯგუფში. ეს მაშინ, როცა "ა" კლასის პირველ ჯგუფში თბილისისა და მოსკოვის "დინამო" თამაშობდა...