"კაცია-ადამიანი?!" ლადო კახაძესთან ერთად
26-05-2014
"კაცია-ადამიანი?!" ლადო კახაძესთან ერთად
"გადაცემაში გვეყოლება ახალგაზრდებიც, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ ტრადიციულ ადათ-წესებს"

"სოციალური პრობლემის გარჩევისას, ისევე როგორც მედიცინაში, მთავარია დიაგნოზის დასმა"

"ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც სამსჯავროს ითხოვს"


მალე პალიტრა TV-სა და "რადიო პალიტრის" ეთერში გავა ახალი გადაცემა "კაცია-ადამიანი?!", რომელსაც ცნობილი ექიმი ლადო კახაძე გაუძღვება. მასპინძელი, სტუმრებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ თემას - როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს დროში დაგროვილ პრობლემებს. ხშირ შემთხვევაში ასეთი პრობლემები არა მხოლოდ ერთი ერის, ერთი ქვეყნისა და ვიწრო ჯგუფის,
არამედ ზოგადსაკაცობრიო სატკივრად ქცეულა. ამას მოწმობს ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში პალიტრაTV-ს მიერ გავრცელებული ფარული კამერით გადაღებული საექსპერიმენტო შემთხვევები. მედიარგოლების მიზანია, საზოგადოებას დაანახოს მისი გულგრილობის ან გულითადობის ხარისხი... მაგალითად, ადამიანი ქუჩაში ცუდად ხდება და მხსნელს ელოდება. გაჭირვებულს ზოგი გულგრილად აუვლის გვერდს, ზოგიც დაუყოვნებლივ მივარდება და მზად არის,
ბოლომდე უპატრონოს...
რა ხდება? რანი ვართ დღეს?

გადაცემის ეთერში გასვლამდე "კვირის პალიტრას" ლადო კახაძე ესაუბრა.



- ბატონო ლადო, საიდან გაქვთ ამდენი ენერგია, რომელიც სწვდება მედიცინას, პოეზიას, ქართულ სუფრას, თამადობის ინსტიტუტს, ახლა უკვე ჟურნალისტიკასაც?

- ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი აადვილებს ყველაფერს... ახალგაზრდობაში რაიმე სატკივარი რომ მომაწვებოდა გულზე, მეგონა, მარტო ვიყავი ქვეყნიერებაზე. დრომ და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კარგად არ მიძებნია, თორემ ბევრი ვყოფილვართ ერთმანეთის დარდის, ტკივილის, სიხარულის გამგები. დრომ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან  ურთიერთობის ხერხებიც მასწავლა. თუ რაიმე მოვლენის განხილვისას ვიტყვით, - ეს ჩვენთვის მიუღებელიაო, უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების ნაწილი იმავე მოვლენას დადებითად შეაფასებს. გადარწმუნებას მხოლოდ გონიერებითა და რწმენით უნდა ეცადო და არავინ აიძულო, შენსავით იფიქროს. ამა თუ იმ საკითხის კეთილგონივრულად მოგვარებას დრო სჭირდება, რისთვისაც ხშირად არ გვყოფნის მოთმინება.

- მაყურებელთან და მსმენელთან ურთიერთობისთვის მზად ხართ?
- დიახ, წინასწარ განვიხილეთ, ვინ, რა ასაკის, როგორი შეხედულებების ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩვენი მაყურებლები და მსმენელები, როგორ უნდა მივაწოდოთ სათქმელი ისე, რომ არ იუკადრისონ, ზურგი არ გვაქციონ...

- გადაცემას, რომელშიც სოციალურ თემატიკას გაარჩევთ, დიდაქტიკური ხასიათიც ხომ არ ექნება?
- ალბათ, არა. საერთოდ, დიდაქტიკა მისაღებია, თუ მას უადგილოდ არ გამოიყენებ, თორემ ჩემი შვილიშვილებიც არ გამომყვებოდნენ, როდესაც მათ "ვეფხისტყაოსანს" და კლასიკოს მწერლებს ვაყვარებ. ერთი მეექვსე კლასშია, მეორე - მესამეში. ახლა სწორედ რუსთაველს ვკითხულობთ, არ ვიზეპირებთ, ვარჩევთ, ვმსჯელობთ, რა არის მნიშვნელოვანი... ეს ალბათ, დიდაქტიკა კი არა, გონების და რწმენის იმუნიზაციაა. 

- საზოგადოებას აქვს გონებისა და რწმენის იმუნოდეფიციტი?
- ეს უნდა გამოჩნდეს სტუდიისა და მაყურებლის გულწრფელ საუბრებში. მე, როგორც ექიმს, გამიიოლდება ასეთ გადაცემაზე მუშაობა, რადგან სოციალური პრობლემის გარჩევისას, ისევე როგორც მედიცინაში, მთავარია დიაგნოზის დასმა. ამისათვის მნიშვნელოვანია გულღიაობის პრინციპი პაციენტსა და ექიმს შორის, ისევე როგორც გადაცემის წამყვანსა და მსმენელს შორის... ჩვენ ვისაუბრებთ ეთიკასა და მორალზე (შესაძლოა, სახელმწიფოებრივი მოწყობის, სახელმწიფოსა და ადამიანის როლის განხილვაც კი დაგვჭირდეს), კონსტიტუციონალიზმზე, რწმენაზე, განათლებაზე, კულტურასა და თაობათა შორის ურთიერთობებზე. მოკლედ, ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც სამსჯავროს ითხოვს და საზოგადოებასთან ერთად შევეცდებით პრობლემის გადაჭრას.

- სტუმრებს რის მიხედვით შეარჩევთ?

- გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით. გვეყოლება ახალგაზრდებიც, რომელნიც განსხვავებულად უყურებენ ტრადიციულ ადათ-წესებს და შევეცდებით, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის გარდამავალი ხიდები მოვძებნოთ, სად დასცილდნენ ერთმანეთს...

- "კაცია-ადამიანი?!" რატომ დაერქვა გადაცემას?

- უკეთესად რაიმე გიბიძგებს ადამიანის ბუნების სირთულეში ჩასახედად? თანაც ამ ორი სიტყვის ერთობა, თავისი სასვენი ნიშნებით და ინტონაციით ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება.  

- დებიუტი გაქვთ როგორც წამყვანს, ხომ არ ღელავთ?

- მღელვარების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ერთ მეტრსაც ვერ გაივლი, თუ ნაბიჯს არ გადადგამ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პერანგზე პირველივე ღილი სწორად თუ არ შეიკარი, ყველა ღილი გასახსნელი და თავიდან შესაკრავი გახდება. პირველს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც დიდი სიფრთხილით და სიყვარულით ვეკიდები პირველ გადაცემას. მინდა ყველა საკითხი პერანგის ღილივით ზუსტად შეიკრას, რომ არ ჩაიხერგოს ადამიანებთან მისასვლელი გზა...
ტასო
05 ოქტომბერი 2014 11:49
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.კიდევ შემოგვრჩენია ღირსეული მამულიშვილები. მივესალმები ბატონ ლადოს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რათა ქართველმა სხვისი კი არ შეისისხლხორცოს, არამედ პატივისცემით მიიღოს,მხოლოდ ზომიერების ჩარჩოში ჩასვას თავის წინაპართა ტრადიციები.
ალამარია
30 მაისი 2014 17:09
საინტერესო იქნება ნამდვილად, ძAლიან დასაასებელიადამიანია და მისი აზრები საინტერსო იქნება!
inga
29 მაისი 2014 11:31
დიდებული წამოწყებაა. ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ლადო! თქვენისთანა ღირსეული ქართველები ძალიან ცოტანი დაგვჩნენ. ერთ-ერთი პირველი თქვენ ხართ.მე ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი.მიგულეთ ერთგულ მაყურებლად და გულშემატკივრად.უდიდესი პატივისცემით ერთი რიგითი ქართველი ინგა

რედაქტორის რჩევით