ემიგრანტი ექიმი სამშობლოს უბრუნდება
26-05-2014
ემიგრანტი ექიმი სამშობლოს უბრუნდება
ქართველი ექიმის უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა

ქალაქ ნოვარაში ქართველი კარდიოქირურგის, ლევან ქარაზანაშვილის მიერ გაკეთებული უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ქართველმა ექიმმა პაციენტს დაზიანებულ გულის სარქველზე დეფექტი მინიმალური ინვაზიური ქირურგიით გამოუსწორა. იმ დღეს ლევანმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა. მისი მადლიერი პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ის წელიწადში საშუალოდ 400-500 ოპერაციას აკეთებს. ამჟამად ქალაქ ნოვარას ერთ-ერთი კლინიკის მინიმალური კარდიოქირურგიის განყოფილების დირექტორია. წარმატებულ კარიერამდე იყო 90-იანი წლები, გაჭირვებული სტუდენტობა
და ენთუზიაზმით მუშაობა. ბატონ ლევანს იტალიაში დავუკავშირდით. რამდენიმესაათიანი ოპერაციიდან გამოსულს, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს. ჩვენი საუბარი მისი ბავშვობის წლების გახსენებით დავიწყეთ.

განებივრებული და უდარდელი ბავშვი ვიყავი. ძალიან მიყვარდა სპორტი და განსაკუთრებით, ფეხბურთი და კალათბურთი, პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. ბავშვობაში არასდროს მიფიქრია ექიმობაზე, დაახლოებით მერვე კლასში
გადავწყვიტე, რომ ქირურგი გამოვსულიყავი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე. ეს იყო ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი,  მესამე კურსიდან კი  კარდიოქირურგობა გადავწყვიტე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. ჩვენმა თაობამ რთული გზა გაიარა 90-იან წლებში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს კი მოსკოვში გავაგრძელე სწავლა ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში.

1998 წელს  გამოჩენილი ქართველი ბავშვთა კარდიოქირურგის, ირაკლი მეტრეველის თხოვნით მოსკოვიდან იტალიაში "ჯოენის" გულის ქირურგიის ცენტრის მიწვევით გავემგზავრე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში პირველი მოზრდილთა გულის ქირურგია დაეარსებინა, სადაც განყოფილების ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი. ასეც მოხდა, 2000 წელს საქართველოში დავბრუნდი და მოზრდილთა გულის ქირურგიის პროგრამაც ავამუშავეთ. არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი შეიკრიბა. პირველი ოპერაციებიც გაკეთდა, მაგრამ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოირღვა. მე ძალიან ახალგაზრდა და ჯერ კიდევ გამოუცდელი ქირურგი ვიყავი. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო ჩემი პროფესიული ზრდა და უკეთეს მომავალზე ფიქრი. ან უნდა თავი გამენებებინა ამ საქმისთვის, რომელსაც ამდენი დრო და ენერგია დავახარჯე, ან სხვა გზა მომეძებნა. 2001 წელს, იტალიაში, იმ ცენტრში, სადაც სტაჟირება გავიარე, გამოაცხადეს კონკურსი კარდიოქირურგის ვაკანსიაზე. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჩემს დიპლომსა და სპეციალიზაციას ოფიციალურად არ ცნობდნენ, შემპირდნენ, რომ შიდაჰოსპიტალური განცხადების საფუძველზე დავიწყებდი მუშაობას. პარალელურად დიპლომის ლეგალიზაციის პროცესი უნდა დამეწყო. სტიპენდიას ვიღებდი და ასე გამქონდა თავი.

- ალბათ, თავიდან ენის უდცოდინარობაც გიშლიდათ ხელს...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ტურინის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების და დიპლომის აღების შემდეგ კარგად დავეუფლე იტალიურ ენას.

- როგორი იყო უცხო ქალაქში ცხოვრების პირველი პერიოდი?
- მოსკოვში ცხოვრების შემდეგ, ნებისმიერ ევროპულ ქალაქში ცხოვრება ადვილია. რა თქმა უნდა, რთული იყო ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ენთუზიაზმს ყველაფრის გადალახვა შეუძლია.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ მიერ გაკეთებულ ოპერაციას მსოფლიო კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კარდიოლოგები და კარდიოქირურგები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. ძველი მეთოდით გულის ოპერაცია გულმკერდის მთლიანად გახსნით კეთდებოდა, ამ შემთხვევაში როგორ არის?

- გულის ოპერაციის დროს გულმკერდის მთლიანად გახსნას ახლაც ვიყენებთ. რაც შეეხება მინიინვაზიურ ოპერაციებს, ამ დროს გულის გაჩერება და სარქვლებზე მუშაობა შესაძლებელია 6-7-სანტიმეტრიანი განაკვეთით ნეკნთა შორის სივრციდან. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაცია უფრო სწრაფად ხდება და ნაკლებია გართულების ალბათობა. 10 მაისს მსოფლიო კონგრესზე მოწვეული სხვადასხვა ქვეყნის კარდიოქირურგები თვალს ადევნებდნენ ამ ოპერაციას. ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა.

- ასეთი რამდენი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული?
- ალბათ, 200-ზე მეტი. 

47 წლის ემიგრანტი ექიმი სამშობლოში დაბრუნებას ივლისში გეგმავს. ამბობს, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილებით ქართველებს უნდა დაეხმაროს. აგვისტოში თბილისში ახალი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული და ინტერვენციული ცენტრი "ჰელსი კორი" იხსნება. ლევან ქარაზანაშვილსა და ქართველ ექიმებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკის ექიმები იმუშავებენ. 

- ამჟამად მოლაპარაკების საბოლოო ფაზაში ვარ. ძალიან ძლიერი ჯგუფი იკრიბება. უახლესი დანადგარები და საუკეთესო პირობები პაციენტებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. რა თქმა უნდა, ოპერაციებს ევროპაშიც გავაკეთებ, იტალიასა და რუმინეთში პაციენტები მელოდებიან. ახლახან ინგლისში ოფიციალურად მომანიჭეს ექიმად მუშაობის სერტიფიკატი, იქაც სურთ, რომ მინიინვაზიური ოპერაციები გავაკეთო, მაგრამ საქართველოში მომიწევს გული.  ჩემს დაბრუნებაში უმთავრესი წვლილი ჩემს კოლეგა შალვა რცხილაძეს მიუძღვის. მან ყველანაირი პირობა შექმნა იმისთვის, რომ ამ პროექტს ფრთები შეესხას.

შალვა რცხილაძე, კარდიოქირურგი, პროფესორი: "დაახლოებით სამი წლის წინ ქართველმა და ებრაელმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა გულ-სისხლძარღვთა, ქირურგიული და ინტერვენციული ცენტრი. როდესაც საქმე მიდგა პერსონალის დაკომპლექტებაზე, არჩევანი ლევანზე შევაჩერეთ. ეს იქნება საუკეთესო კლინიკა. ლევანის გამოცდილება კარდიოქირურგიაში და ორი უცხოელი სისხლძარღვთა ქირურგის გამოცდილება, რომლებიც მსოფლიოს ათ საუკეთესო ექიმებში შედიან, ნამდვილად მაძლევს ამის თქმის საფუძველს. ანესთეზიოლოგი და რეანიმაციული გუნდიც საკმაოდ ძლიერია ირაკლი გოგოხიას ხელმძღვანელობით. მათ ისრაელის წამყვან კლინიკებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ".

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ადამიანი მიდის უცხოეთში სამუშაოდ. იმედია, იქაური განათლებითა და გამოცდილებით სამშობლოს მალე დაუბრუდებიან სხვა ემიგრანტებიც.

თორნიკე ყაჯრიშვილი
09 ივნისი 2017 16:11
Carmatebebi batono levan...kvelgan da koveltvis..
natalia
15 იანვარი 2016 11:23
მეც დალაგებულ შჩამოვედი საქარტველოში.ნოსტალგიამ დამახრჩო.კარგი იქნებოდა ჰვენი პასი აქ იცოდენ.წარმატებები
nana
11 იანვარი 2016 19:16
Gmertma daglocot Da didxans gacocxlot chven saimedod

რედაქტორის რჩევით