"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება
"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება
საბურთალოზე, ერთ შენობაზე აუცილებლად თვალში მოგხვდებოდათ ჟანგისფედი დიდი რკინის ფასადი თავისი მრგვალი ილუმინატორის მსგავსი ფანჯრებით. ეს კუთხე ძალიან ჰგავს გემს, რომელიც დიდხანს იდგა ღუზაჩაშვებული და ელოდა შორეულ ნაოსნობას... არ მახსოვს საიდან, მაგრამ წლები იყო, ვიცოდი, აქ ცნობილ რეჟისორს, დავით ანდღულაძეს ახალი თეატრის გაკეთება უნდოდა. მერე იმდენი ხანი გავიდა, რომ ჩემი მოლოდინი  მინელდა... და ახლა სულ მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ სწორედ აქ, ამ  შენობაში თეატრი გაიხსნება - "რკინის თეატრი". ღუზა ამოღებულია! 7
ივნისს პრემიერა გაიმართება და "შორეული ნაოსნობაც" დაიწყება.
როცა "რკინის თეატრს" ვეწვიე, ჯერ კიდევ ბოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. დამფუძნებელმა, ბატონმა დავით ანდღულაძემ ყველაფერი დამათვალიერებინა და მითხრა:


- რა ჩანაფიქრიც მქონდა,  ეს არის... ჩემი თანაავტორია მხატვარი აივენგო ჭელიძე.

- თეატრს "რკინის თეატრი" დაარქვით. მე კი მეგონა რაღაც
ზღვასთან დაკავშირებული სახელი ექნებოდა, რადგან შენობის ფასადი ძალიან ჰგავს გემს ..

- ახლა მგონი უფრო ნოეს კიდობანს ჰგავს, ვიდრე გემს... "რკინის თეატრი" ალბათ იმიტომ რომ რკინა ადვილად ემორჩილება ოსტატს და ადვილად იღებს ნებისმიერ ფორმას, არ არის ძვირფასი ლითონი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. რატომღაც მომწონს რკინა...

- "რკინის თეატრი" ოთარ ჭილაძის რომანსაც ჰქვია...

-  შემიძლია ვიამაყო მასთან მეგობრობით, ახალ თეატრზე მასთან არაერთხელ მისაუბრია. ვუთხარი მინდა ასე დავარქვა-მეთქი... ძალიან ესიამოვნა.

საინტერესოა, რომ ჩვენი მეგობრობა 30 წლის წინ დაიწყო ლიკანში, სადაც ერთ პერიოდში ვისვენებდით. მე პატარა 2 წლის შვილი მყავდა წაყვანილი. ბატონი ოთარი ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა. მისი ოთახიდან მუდმივად გამოდიოდა საბეჭდი მანქანის ხმა - აკაკუნებდა. ჩემმა შვილმა თქვა: აქ ალბათ მჭედელი ცხოვრობსო. ეს რომ ბატონმა ოთარმა გაიგო, მოიწონა: მართალია, მეც მჭედელი ვარ, აბა რაო! ცხადია, სიტყვის მჭედელი იყო.
ჩვენი თეატრი გაიხსნა 2011 წელს. პირველი აფიშა მაშინ გაიკრა. ქუჩაში ვითამაშეთ "სულ სხვა ოპერა" ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" მიხედვით.  ეს ერთგვარად წინასწარმეტყველური სპექტაკლი გამოდგა. შემდეგ, როცა ერთი წელი გავიდა და აჩვენეს კადრები, როცა ცოცხები აქტუალურ თემად იქცა, მართალი გითხრათ, გავოგნდი. ჩვენი სპექტაკლი იწყებოდა მეეზოვეების ცემით და შემდეგ ეს ცოცხები მრავალგზის ბრუნდებოდა სცენაზე.  სპექტაკლი მთავრდებოდა ცოცხების ბუნტით. ეს იმდენად ჰგავდა იმას, რაც მერე მოხდა, რომ გაოგნებულები დავრჩით.

- ეს სპექტაკლი თუ დარჩება "რკინის თეატრის" რეპერტუარში?

- ცხადია. ამას გარდა იქნება ახალი სპექტაკლიც "ფერმა" ორუელის "ცხოველთა ფერმის" მიხედვით.

-  თქვენი სპექტაკლები ყოველთვის მოულოდნელი, გამაოგნებელი იყო. იმასაც ხაზს უსვამდნენ, რომ თქვენ არასდროს ზოგავდით ფულს და ყოველთვის აკეთებდით ყველა რთულ კონსტრუქციას და აკერინებდით ძვირადღირებულ კოსტიუმებს...

- თეატრი არსად მსოფლიოში არ არის მომგებიანი ორგანიზაცია. ერთადერთი ბროდვეის თეატრია, მომგებიანი. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. რობაქიძის "გრაალის მცველი" რომ დავდგი, პრემიერის შემდეგ ყველა სხვა სპექტაკლი მოიხსნა და ყოველდღე დაინიშნა ეს სპექტაკლი. ეს ძალიან დიდი დატვირთვაა და ცხადია, უხეშად რომ ვთქვათ, "გრაალის მცველი" მომგებიანი გამოდგა. სპექტაკლი მიდიოდა სრული ანშლაგებით.  სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნებაში გამონაკლისებზე დაყრდნობით ვერ გაკეთდება. თეატრი, რომლის მიზანიც არის მაღალი ხელოვნების შექმნა, აუცილებელია მოხვდეს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკაში. არ შეიძლება მოტივაცია იყოს ფინანსების მოზიდვა, ეს ღუპავს თეატრს. ამისი მაგალითია ქართული თეატრი დღეს.

ერთ მაგალითს გავიხსენებ: "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი" რომ დავდგი ახმეტელის თეატრში, მართლაც ძვირადღირებული კონსტრუქციები და კოსტიუმები დაგვჭირდა. სპექტაკლის სანახავად ჩამოსული იყო შარლოტა დიურენმატი - ფრიდრიხ დიურემატის მეუღლე. მან თითქმის ზეპირად  იცის ეს ცნობილი პიესა: "მოხუცი მანდილოსნის დაბრუნება". ჩემს სპექტაკლში ბევრი რამ იყო შეცვლილი, ახლიდან დაწერილი. ამიტომ ვშიშობდი... მოხდა საოცრება: იმდენად მოეწონა, რომ ბილეთი გადაცვალა, აღარ გაფრინდა შინ და კიდევ ერთხელ დაესწრო სპექტაკლს. მან თქვა: ეს სწორედ ის არის, რაც ფრიდრიხმა დაწერაო... ამის გამო ღირდა თბილისში ჩამოსვლაო. თქვა, ასეთი რამ შვეიცარიაშიც გაჭირდებოდაო. გულისხმობდა სწორედ სპექტაკლის მატერიალურ უზრუნველყოფას. შემდეგ მომწერა წერილი: მრავალ ქვეყანაში მინახავს ფრიცის (ფრიდრიხის) ეს პიესა, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ის, რასაც ფრიცი გულისხმობდაო". არადა, ეს პიესა მეგაპოლისებში იდგმებოდა... ასე რომ გამომსახველობაში მაქსიმალიზმი ღირს. რაც სჭირდება სპექტაკლს, უნდა გაკეთდეს.

- "ფერმაზე" რას იტყვით?
- მთავარია საფიქრალი, რეჟისურის პროფესიაში ხიბლი ის არის, რომ ყოველ წუთში გიწევს სირთულეების გადალახვა, პასუხების ძიება... მე რომ ამ სპექტაკლში საიდუმლოს ვერ ვხედავდე, ვერც დავდგამდი. სპექტაკლში ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს, მაგრამ ძირითადად სიუჟეტის განვითარება ოთხ მათგანს ეყრდნობა: გოგიტა ტრაპაიძეს, ზაზა თაგოშვილს, ნოდარ სიმსივეს და კახა ნოზაძეს... სპექტაკლში დაკავებული  მყავს  ჩემი სტუდენტებიც.

- თქვენი სპექტაკლები იმის მიხედვით თუ სად დგამდით, განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სხვა იყო მარჯანიშვილში დადგმული, სხვა - ახმეტელის თეატრში,  ალბათ სულ სხვა იქნება რკინის თეატრში...
- აქ იქნება ნამდვილად სხვა. დანარჩენები რაღაცით მაინც მიგანიშნებდნენ რომ რეჟისურა ერთი ადამიანის იყო. აი, ეს იქნება სულ სხვა.

- რატომ, თავად შეიცვალეთ?

- არა, ეს გახლავთ იმის დამსახურება, რომ ნაწარმოები, რომელზეც ვმუშაობ თავად განსაზღვრავს, რა იქნება...
- დაბოლოს, როგორ შეიძლება მაყურებელი მოხვდეს თქვენ თატრში, სად გაიყიდება ბილეთები?
- სამწუხაროდ, ამჯერად მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი სპექტაკლზე მოხვედრა. თეატრს კიდევ სჭირდება ცოტა დრო - ზაფხულის პერიოდი, რომ სრული ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც აინტერესებს პრემიერის ნახვა და ამჯერად ვერ ნახავს. შემოდგომით უკვე გავხსნით სეზონს და "რკინის თეატრი" დაელოდება თავის მაყურებელს.
მზია
29 მაისი 2014 14:36
ეს სწორედ ის არის, რაც ფრიდრიხმა დაწერაო... ამის გამო ღირდა თბილისში ჩამოსვლაო. თქვა, ასეთი რამ შვეიცარიაშიც გაჭირდებოდაო. გულისხმობდა სწორედ სპექტაკლის მატერიალურ უზრუნველყოფას. შემდეგ მომწერა წერილი: მრავალ ქვეყანაში მინახავს ფრიცის (ფრიდრიხის) ეს პიესა, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ის, რასაც ფრიცი გულისხმობდაო".
საოცარი ხართ, ლელა, ამდენ აურზაურში ასეთ საინტერესო თემებზე კიდევ უფრო მიმზიდველად რომ გვიამბობთ. თან, საფიქრალ-საკითხავსაც გვიჩენ, უკვალოდ არ რცება შენი წერილები.
mzia
29 მაისი 2014 14:32
"გრაალის მცველი" რომ დავდგი, პრემიერის შემდეგ ყველა სხვა სპექტაკლი მოიხსნა და ყოველდღე დაინიშნა ეს სპექტაკლი. ეს ძალიან დიდი დატვირთვაა და ცხადია, უხეშად რომ ვთქვათ, "გრაალის მცველი" მომგებიანი გამოდგა. სპექტაკლი მიდიოდა სრული ანშლაგებით. სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნებაში გამონაკლისებზე დაყრდნობით ვერ გაკეთდება. თეატრი, რომლის მიზანიც არის მაღალი ხელოვნების შექმნა, აუცილებელია მოხვდეს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკაში. არ შეიძლება მოტივაცია იყოს ფინანსების მოზიდვა, ეს ღუპავს თეატრს. ამისი მაგალითია ქართული თეატრი დღეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?