"რატომ არ მიგვიშვეს დედები შვილებთან?" - კვირის პალიტრა

"რატომ არ მიგვიშვეს დედები შვილებთან?"

"13 ცხედარში ერთი ჩემი ზურიკოა"

1993 წლის 22 სექტემბერს აფხაზებმა ბაბუშერაში ქართულ თვითმფრინავს ესროლეს. საჰაერო ხომალდმა აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დაშვება შეძლო, მაგრამ როგორც კი მიწას შეეხო, ორად გაიხლიჩა და აფეთქდა. 24 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, 95 კი დაიღუპა. ეს შემზარავი ტრაგედია მაშინ ომის ქარცეცხლში ჩაიკარგა. 89 დაღუპულის ნეშტი (ექვსის ამოცნობა მალევე მოხერხდა და ჭირისუფლებმა ისინი გადმოასვენეს) დანომრეს და სოფელ ბაბუშერის სასაფლაოზე გათხრილ ტრანშეებში ჩაასვენეს.

ტრაგიკულად დაღუპულთა შორის იყვნენ თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები და მათი (თითქმის თანატოლი) ტყუპი ბიძა - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები. გაგრის საბრძოლო ოპერაციებიდან მოყოლებული, ისინი უკვე მეოთხედ მიეშურებოდნენ აფხაზეთისაკენ, მაგრამ ეს გაფრენა საბედისწერო აღმოჩნდა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და ახლა ისინი სოხუმიდან თბილისში  - საკუთარ ქალაქში - დაბრუნდნენ.

90-იან წლებში, სანამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისია შეიქმნებოდა, შვილდაღუპული მშობლები ენგურის ხიდთან ინფორმაციის მოსაძიებლად აფხაზებს ხვდებოდნენ. შემდეგ აფხაზეთშიც შეიქმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისია.

ბელა წიკლაურის შვილები და ტყუპი ძმა ბაბუშერის ძმათა სასაფლაოზე დარჩნენ:

- ქართველი და აფხაზი შვილდაღუპული დედები ერთმანეთს 2003 წლის 14 ნოემბერს, ოჩამჩირეში შევხვდით. თავიდან აფხაზები აგრესიულად შეგვხვდნენ - ჯერ ჩვენი შვილები გვაპოვნინეთ და შემდეგ თქვენი შვილების ცხედრები ჩაიბარეთო. მაშინ თავი ვეღარ შევიკავე და გაბრაზებულმა ვუთხარი: თუ არ გვაძლევთ ჩვენს შვილებს, დარჩნენ აფხაზეთის მიწაზე, სიცოცხლითაც იცავდნენ და სიკვდილითაც დაიცავენ თავიანთ სამშობლოს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ აფხაზი შვილდაღუპული დედა  გიული კირჩბა მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა, ჩვენი შვილები ომის მსხვერპლი არიანო და აქვთინდა. მაშინ ჩვენ შორის ყინული გალხვა, მაგრამ რა ვიცოდით, რომ შვილებს კიდევ დიდხანს ვერ დავიბრუნებდით.

...1997 წელს დაწყებული გადმოსვენების პროცესი 2001 წელს შეწყდა. სულ 56 ნეშტი გადმოასვენეს (მათ შორის 23 ამოუცნობი იყო) და დიღმის საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს (13 ნეშტი ცალკე დაკრძალეს მშობლებმა).

ცხედართა გადმოსვენების პროცესით ახალი მთავრობა დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელშეწყობით და საერთაშორისო წითელი ჯვრის ხელმძღვანელობით გადმოსვენების ახალი ეტაპი დაიწყო.

ბელა წიკლაური: -  ოცდაერთი წელი ცხადსა თუ სიზმარში იმაზე ვფიქრობდი, შვილებსა და ძმებს როგორ დავხვდებოდი ენგურის ხიდთან.  სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. შემთხვევით ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ 13 გმირის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს. \რატომ არ მიგვიშვეს დედები შვილებთან? რატომ მოგვიკლეს გული კიდევ ერთხელ?.. მერე გავიგე, რომ 13 ცხედარში ერთი ჩემი ზურიკოა!.. მას პასპორტი ჰქონდა ჯიბეში და ადვილად ამოიცნეს. ჩემმა შვილიშვილებმა - მარიმ და თათომ  ჩვენი ნაამბობით გამოძერწეს მამების პორტრეტები. აქამდე ყოველ 22 სექტემბერს გმირთა მოედანზე, მემორიალთან უნთებდნენ სანთლებს. ზურიკოს გოგო ახლა  ძალიან აფორიაქებულა, არ იცის, რას ელოდება, როგორი მამა ჩამოუვა. საფლავის ქვების შერჩევა დაიწყო, საუკეთესოს ეძებს მამისათვის!.. ჩვენთვის ომი დამთავრდა.