ზუსტად იცოდა, რომ დასასრული სულ ახლოს იყო... - კვირის პალიტრა

ზუსტად იცოდა, რომ დასასრული სულ ახლოს იყო...

უკანასკნელი ინტერვიუ ვახტანგ რურუასთან

"ფერის აღწერა შეიძლება? არა. შეიძლება სი ბემოლ მაჟორი მოვყვე?"

ბატონ ვახტანგთან მოგონებების ჩასაწერად რამდენჯერმე მივედი, ნელ-ნელა მიამბობდა წარსულზე, კიდევ ბევრი რამის დამატება გვინდოდა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს მისი განვლილი ცხოვრებიდან და დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო მხატვრის, ვახტანგ რურუას გარდაცვალების გამო...

წარსულზე ძუნწად ლაპარაკობდა. ზოგჯერ მეგონა, ძალისძალად ვალაპარაკებდი, შიშიც კი გამკენწლავდა - ვაითუ, მითხრას, დაანებე თავი ამის დაწერასო... მაშინ ერთი ფიქრიღა მიხრავდა გულს: რაც მოვისმინე, ვერაფრით გავიმეტებ, რომ არ დავწერო-მეთქი.

ჩემი დილა

ბებიაჩემი -  ელენე ბეთანელი "ხულიგანი" ქალი იყო, ანტისაბჭოთა ელემენტი... ბავშვობის დიდი ნაწილი მასთან მაქვს გატარებული. დედა სულ მუშაობდა, მამა ჩვენთან არ ცხოვრობდა... მახსოვს, გაზაფხულობით მივყავდი აყვავებული მაგნოლიების სანახავად. ერევნის მოედანზე ორი მაგნოლიის ხე იდგა. დიდი, ლამაზი ყვავილებით ბრიალებდა, მისი სუნიც მახსოვს... გავივლიდით რუსთაველს ფეხით და ვნახულობდით მაგნოლიებს... ვთხოვე კიდეც ზაალ სამადაშვილს, ქალაქის საკრებულოში რომ იყო, იქნებ ისევ დავრგოთ-მეთქი მაგნოლიები... ვერ მოხერხდა...

აჩიკო გოგელია ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთხელ იარაღზე ვკამათობდით. უცებ ბებია ჩაერთო, - ყველა იარაღს სიმონსონი ჯობიაო. გაოცდა აჩიკო - რა იცისო... არადა, იცოდა. ბებიას და ბაბუას ბათუმშიც ჰქონდათ სახლი. 1921 წელია... ბაბუა შინ არ არის, ბებია მარტოა ოთხ შვილთან ერთად. გარეთ მაწანწალები დაძრწიან, მობოლშევიკოები ყაჩაღობენ, თურქები უტევენ ქალაქს. ბებია მიამბობდა: - ვურეკავ სადგურის უფროსს, - მუსტაფა, ხვალ მივდივარ თბილისში! ადრე მაინც გეთქვათ, ელენე ფრანცოვნა, ერთი ბილეთიც კი არ დარჩენილაო. მე - ვაგონი მინდა-მეთქი! ვიყიდე ვაგონი, ჩააბეს ეშელონს და წამოვედითო. ბებიამ ყველა ახლობელი წამოიყვანა თბილისში, მათ შორის აჭარელი შაშიკ-ოღლის ოჯახი. შაშიკ-ოღლი ერთადერთი კაცი იყო ვაგონში. ორი იარაღი მქონდა, ერთი მას გავუწოდე - რომ გაგვაჩერონ, ხელი ხომ უნდა გამოვიღოთ-მეთქი. გული კინაღამ გაუსკდა - ვერ გავეკარებიო... მატარებელი მართლაც გაუჩერებიათ, მაგრამ ვაგონებში არ ასულან და არც იარაღი დასჭირვებიათ...

ბაბუამ შემოიტანა მარსელის კრამიტის ქარხანა ქუთაისში. ქველმოქმედიც გახლდათ...

მე და ბებიას ძირითადად კამათში გაგვყავდა დრო. ყოფით საკითხებში ყოველთვის მე ვიყავი მართალი, დანარჩენი - იმან იცოდა უკეთ. განსაკუთრებით კარგად ლიტერატურა ესმოდა. ხუთი ენა იცოდა. ჩამოყალიბებული გემოვნება ჰქონდა, მაგალითად, დოსტოევსკის წაკითხვას არ მირჩევდა... ზოგჯერ ისეთ მწერალს დაიწუნებდა, მთელი ქვეყანა რომ თავს უკრავდა, რაც მთავარია, ლოგიკურ არგუმენტს მოგიყვანდა თავისი აზრის დასადასტურებლად. ერთი რამ დამამახსოვრდა: VII-VIII კლასში ვიყავით. მასწავლებელი მაიაკოვსკის გვიხსნიდა. ჩემმა მეგობარმა კახა ბოლქვაძემ ჰკითხა: ფუტურისტი რომ იყო, რატომ მალავთო. მასწავლებელი გაოგნდა, მაშინ ფუტურიზმზე ვინ ლაპარაკობდა! მგონი, პირველად გაიგონა ეს სიტყვა და ფუტუროს დაუკავშირა გონებით...

გეომეტრია მიყვარდა ძალიან. ამის გამო ვსწავლობდი მათემატიკასაც.  გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა გვარად - ბახია, საიდან მოჰქონდა არ ვიცი, სარდაფში ფილმებს გვაჩვენებდა გეოგრაფიაზე... სამწუხაროდ, ბოლოს ღვინის სარდაფში მუშაობდა დამლაგებლად... გალოთდა და გარდაიცვალა..

ჩემი შუადღე

სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. 4 წლის მერე აკადემიაში მინდოდა გადასვლა, ფერწერის ფაკულტეტზე. არქიტექტურაზე დამსვეს. არ მინდოდა. ისიც მესმოდა, რომ მხატვარს არანაირი დიპლომი არ სჭირდება, მხატვარი ან ხარ, ან არა! ამიტომ დიპლომი არც ამიღია... ამას მცირე კამათი მოჰყვა ოჯახში. ჩემმა მეგობარმა ავთო ვარაზმა - ჩემს დიპლომს ვჩუქნი ვახოსო. ეს დიპლომი ახლაც ჩემთანაა.

ბებიას მოსწონდა, მხატვარი რომ გავხდი. მამამისი, ფრანც ბეთანელი ხატავდა. ამაყობდა ხოლმე: ერთი შვილიშვილი კომპოზიტორი მყავს, მეორე - მხატვარიო.

სტუდენტობისას ყველას გვიჭირდა. ფეხსაცმლის და შარვლის ყიდვა დღესასწაული იყო, გადაბრუნებული პიჯაკი და პალტო - ჩვეულებრივი ამბავი. საღებავები არ იშოვებოდა, აკადემიკოსები იღებდნენ მოსკოვიდან, მერე ნაწილს აბარებდნენ გასაყიდად. ისე ძვირი იყო, რომ ვერც ვყიდულობდით. საჭმელ-სასმელი არ იშოვებოდა. დედა უთენია იკავებდა რიგს, კვერცხი რომ ეყიდა. პირუტყვები არიან, ვინც საბჭოთა კავშირს მისტირის.

ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობდი საბჭოთა სახელმწიფოსი, "კა-გე-ბესი" რომ ეშინოდა. მე არ მშინებია. არც "პარადზე" გავსულვარ არასოდეს. ჩვენს დროს კომუნისტები დასუსტებული იყვნენ, სიბინძურე იყო, კორუფცია და ქურდობა... ტყუილია - იძულებით გაჰყავდათ ხალხიო. მაშინ შეგეძლო, არ წასულიყავი "პარადზე". ცრუობენ, ჯაზის გამო იჭერდნენ ხალხსო... ასეც არ იყო.

პირველი სამსახური გიორგი შენგელაიას "ფიროსმანი" იყო. ფილმის მხატვარი ავთო ვარაზი გახლდათ, მე მისი თანაშემწე ვიყავი.

ვმუშაობდი პოლიგრაფიაში. პირველი დამოუკიდებელი გამომცემელი ვიყავი ნანა  ჯაფარიძესა და ირაკლი ბერიაშვილთან ერთად. გამოვეცით ჟურნალი "ბაია" ოჯახისთვის და "დამანი" - ტექნიკური განხრით.

ბიბლიის ილუსტრირება შემომთავაზა პატრიარქმა. პრინციპულად არ ვემხრობი წიგნის ილუსტრაციებს, რაღაცნაირი ფუნქციური ხდება, თითქოს ამით წიგნს უკეთებ რაღაცას. ამიტომაც ილუსტრირებაზე უარი ვთქვი, თუმცა შევთავაზე, რამდენიმეწლიანი კონკურსი გამოვაცხადოთ, ვნახოთ, რა ნამუშევრები შემოვა და მერე გადაწყვიტეთ-მეთქი. პატრიარქი დამყაბულდა. ერთი წინადადებაც შევთავაზე: ერთი უნიკალური ხელნაწერია, ილუსტრაციები იქიდან ავიღოთ-მეთქი. მოეწონა ეს აზრი. ასეც გამოიცა პირველი ბიბლია საბჭოთა დროს.

ჩემი საღამო

ჩემს მიმწუხრზე არ ვფიქრობ. არც სიბერეზე. ჯანმრთელობა რომ არ მახსენებდეს თავს, მშვენიერი შუადღე მაქვს ისევ... ვფიქრობ, ვმუშაობ. ფიროსმანს ისევ თუ ვიკვლევ? კვლევა არ ვიცი, რა არის. აღტაცება არ დასრულდება! ფიროსმანი და "ვეფხისტყაოსანი"... ფიროსმანზე, სამარცხვინოა, რომ ბევრი რამ ისევ არ ვიცით. დერმატინზე ხატავდა და არა მუშამბაზე... მუშამბაზე ზეთი არ ჯდება. დერმატინს ცარიცინიდან იწერდა. ერასტ კუზნეცოვი წერს: თავის ტექნოლოგიურ ხელწერას ჩაავლო ფიროსმანმა, პრიმიტივისტები მაგას ვერ აკეთებენ. ის არ იყო პრიმიტივისტიო. რამდენჯერ ვიფიქრე, ეკუთვნის კუზნეცოვს რუსთაველის პრემია იმ საქმის გამო, რასაც ფიროსმანისთვის აკეთებს-მეთქი. ახლა ღრმად მოხუცებულია და კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი გამოსცა ფიროსმანზე. საქართველოს მოქალაქე არ არის და პრემიას ვერ მივცემთო. ჩემთვის ეს მიუღებელია.

ჩვენი ნაკლია, რომ ზარმაცები ვართ ქართველები... კიდევ ნაციონალიზმის ტკბილ ილუზიაში გავეხვევით ხოლმე. ასე გაბრუებული ყველაფერს დაკარგავ. შრომაა საჭირო, შეიძლება რაღაც ვერ მოასწრო, მაგრამ უნდა გინდოდეს, რომ მოასწრო.

ახლობლებთან სამუდამო განშორება როგორ გადამქონდა? ამაზე ლაპარაკი და წერა არ შეიძლება. ფერის აღწერა შეიძლება? არა. შეიძლება სი ბემოლ მაჟორი მოვყვე? სხვა რამეს გეტყვით სანაცვლოდ. ეს სკულპტურა ნახეთ, რომელზეც ვმუშაობ? კარმენია, ხელში მებიუსის (მებიუსი, ავგუსტ ფერდინანდ - გერმანელი მათემატიკოსი (1790-1868), - ლ.ჯ.). სარტყელი უჭირავს. სათაურად ეწერება: "კარმენი, მებიუსი, ნიცშე, ვაგნერი და შ. ჩანტლაძე". რატომ ჩანტლაძე? ნიცშეს თარგმნიდა. ვკამათობდით, ვმსჯელობდით...  გახსოვთ, ნიცშემ ვაგნერს რომ უთხრა, ბიზე ჯობიაო? "კარმენი" მართლა სხვა რამაა.

P.S. დრო ბევრ რამეს ცვლის და ასხვაფერებს. ყველაზე მართალი იქნებ ასე ნათქვამი სიტყვაა: კარმენი, მებიუსი, ნიცშე, ვაგნერი და შ. ჩანტლაძე... ავთო ვარაზი და გურამ დოჩანაშვილი, არჩილ გოგელია და ვახტანგ რურუა... ის, რაც ამ სახელების შიგნით, არსში იყო და რაც შეიძლება ბევრმა ვერასოდეს გაიგოს...

"არც ის იყო მართალი, რომ ამბობდნენ, ავთო ვარაზი თავაწყვეტით სვამდაო: ჩემს სახელოსნოში მუშაობდა ერთხანს და ზუსტად ვიცი, ლოთი არ ყოფილა", - ამბობს ვახტანგ რურუა და ვხვდები, კიდევ ბევრია სათქმელი, სხვაგვარად დასანახი და აღსაქმელი...

უმძიმესი ავადმყოფობის ჟამს ვნახულობდი. არასოდეს დამტოვებს გაოცებისა და აღტაცების განცდა - როგორ იბრძოდა, როგორი უშიშარი ჩანდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ დასასრული სულ ახლოს იყო... ბოლო ამოსუნთქვამდე იშრომა... 19 მაისს გარდაიცვალა...