"ხელოვნება ის სფეროა, სადაც ყველგან ღმერთს ხედავ" - კვირის პალიტრა

"ხელოვნება ის სფეროა, სადაც ყველგან ღმერთს ხედავ"

დავით კინწურაშვილი: "მინდა, ღვთაებრივი მუსიკა გასცდეს თეატრის არეალს და ტაძრებში თუ არა, მათ გალავანში, ეზოებში შესრულდეს..."

"თბილისის ოპერის თეატრს არ სჭირდება სცენაზე ვინმეს გაშიშვლება და სკანდალები"

განახლებული ოპერა მალე მაყურებელს უმასპინძლებს!

დასასრულს უახლოვდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის აღდგენა. ახლა სცენაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების დანადგარებს ამონტაჟებენ. ცოტაც და, განახლებული დარბაზი მაყურებელს უმასპინძლებს.

"კვირის პალიტრამ" დაათვალიერა შენობა, სადაც მეგზურობა ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ლომიძემ გაგვიწია: "2001 წელს, როდესაც საძირკველშერყეულ რუსთაველის თეატრს მხსნელად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა, მას ოპერის თეატრის შენობის მდგომარეობაც შეახსენეს და ბატონმა ბიძინამ რამდენიმე დღეში მითხრა, დავიწყოთ სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობაო.

2003 წელს ხელისუფლების შეცვლას თეატრის ხელმძღვანელების შეცვლაც მოჰყვა, მე თეატრიდან გამიშვეს. "ქართუს" დაწყებული საპროექტო სამუშაო კი გაგრძელდა და 2010 წლისთვის გადაწყდა, შენობა სარემონტოდ დაცლილიყო. ამასობაში მეც დამაბრუნეს. რემონტი დასრულებული იქნებოდა, რომ არა 2012 წლის პოლიტიკური ვნებათაღელვა. იმის გამო, რომ ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ ფონდ "ქართუს" აყადაღებდნენ, სცენის აღჭურვილობის შესყიდვისგან დროებით შეიკავეს თავი. მხოლოდ 2013 წლის მარტიდან განახლდა".

ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლახან ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი აირჩიეს, გერმანიაში მოღვაწე დირიჟორი დავით კინწურაშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი ორიოდე წლის წინ პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტით დაამახსოვრა. იმის გამო, რომ ყურადღებას ემოციური შესრულებით იქცევდა, დამტვრეული გერმანულით ლაპარაკობდა და მისი გვარის წარმოთქმა დღემდე უჭირთ ევროპელებს, კინწურაშვილს ეგზოტიკურ დირიჟორს უწოდებენ.

დავით კინწურაშვილი, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ბატონო დავით, ბოლო წლებში მაყურებელი თეატრში მხოლოდ მიწვევით დადიოდა. რითი აპირებთ ოპერაში მის "დაბმას"?

- გეთანხმებით, მოსაწვევით ყველა მოვა, მთავარია, "დაბმა". ქართველებს, ხელოვან, შემოქმედ ხალხს, აინტერესებს ოპერა და თუ დარბაზი ცარიელია, ე.ი. ჩვენ ვერ გავმართეთ შემოქმედებითი პროცესი...

- ევროპის სცენებზე უკვე ოპერის მომღერლებიც შიშვლდებიან და რა ხრიკს არ მიმართავენ მაყურებლის მისაზიდად.

- საზოგადოების სულიერი გაღარიბებისა თუ მატერიალიზაციის ეპოქამ ევროპას დიდი კრიზისი შეუქმნა - სკანდალის გარეშე პროდუქციას ვერ გაყიდი. ყველაფერი მოგებაზეა ორიენტირებული, შედეგად, ხელოვნება იკარგება. ამიტომაც იმას დგამენ, რაც იყიდება. თბილისის ოპერის თეატრს არ სჭირდება სცენაზე ვინმეს გაშიშვლება. მოაზროვნე მაყურებელი მაღალ ხელოვნებას ითხოვს.

- შემოქმედებითი დასის პოტენციალი კმარა მაღალი ხელოვნების შესაქმნელად?

-  ნამდვილად არის პოტენციალი, რომ ოპერის თეატრი საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდეს. საბალეტო ხელოვნების უდიდესი მარკა - ნინო ანანიაშვილი და ჯან ლუკა, რომელიც თეატრის მოწვეული დირიჟორია, სიმდიდრეა ევროპულ ასპარეზზე გასასვლელად.

- როგორ მოახერხეთ კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2011 წელს დაფინანსების გარეშე კონცერტის გამართვა პატრიარქისთვის? სადირიჟოროს გარდა, ჯადოქრის ჯოხიც გაქვთ?

- პატრიარქის სახელი შესაძლებელს ხდის უამრავი ადამიანი უანგაროდ გააერთიანოს.  მანანა დოიჯაშვილმა, კონსერვატორიის დიდი დარბაზი უსასყიდლოდ დაგვითმო. მან საკუთარი ხარჯით 4 იანვრის სუსხიან დღეს უამრავი ია შეიძინა და როდესაც პატრიარქი დარბაზში შემოვიდა, ბიჭები "მრავალჟამიერს" მღეროდნენ და თან გზად იებს უფენდნენ. მოსაწვევების დაბეჭდვაში მიუნხენში ქართველთა სათვისტომო დამეხმარა. თბილისში კი ხელისუფლებამაც და ბიზნესმენებმაც მითხრეს, რომ ფულს ვერ მომცემდნენ, თუმცა, კონცერტს 500 სტუმრის ნაცვლად 600 ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტი, პირველი ლედი და ის ხალხიც, ვინც უარი თქვა ამ კონცერტის დაფინანსებაზე.

- პატრიარქთან მუსიკამ დაგაახლოვათ?

- დიახ, როდესაც გავიცანი, გამაფრთხილა, ყოველი ჩამოსვლისას უნდა მნახოო. არჩევნების წინაც ვესაუბრე საოპერო ხელოვნების განვითარებაზე.

პატრიარქმა ამიკრძალა სასოწარკვეთილება, უფლება არა გაქვს, ხელი ჩაიქნიოო.

როდესაც კონკურსში გავიმარჯვე, მასთან წავედი პირველად, რომ მეხარებინა...

- რელიგიური ხართ?

- მუსიკოსებს არა მხოლოდ გვწამს ღმერთი, მუდმივად ვგრძნობთ და ვხედავთ.  ხელოვნება ის სფეროა, სადაც ყველგან ხედავ ღმერთს, სხვანაირად ვერ ჩასწვდები კომპოზიტორის სიღრმეს. მზე რომ ამოდის, ადამიანს რომ ვაკვირდებით, იქაც ღმერთს ვხედავთ.

- ემიგრაცია აგიმღერებიათ ქართულად.

- ქართველებს გვეამაყება უძველესი, სამხმიანი ფოკლორი, თუმცა, ქუჩაში ვინმე რომ შეაჩერო, ერთ საშობაო სიმღერასაც ვერ გიმღერებენ, მაშინ, როდესაც ნებისმიერი გერმანელი სულ მცირე 30-მდე საშობაო სიმღერას გიმღერებს. ამიტომაც შევქმენი პროექტი "ალილო", მიუნხენში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვასწავლი სიმღერას.  მინდა საოპერო ხელოვნება, ღვთაებრივი მუსიკა გასცდეს მხოლოდ თეატრის არეალს და ტაძრებში თუ არა, მათ გალავანში, ეზოებში შესრულდეს.