ჩემი მეგობარი ბელიკო - კვირის პალიტრა

ჩემი მეგობარი ბელიკო

ტკივილების უხმოდ გადამტანს საშინელი ხმით აღმუვლებდა მოახლოებული სიკვდილი

საოცრად ჭკვიან მზერაში იკითხებოდა, რომ გაბურძგნილ, ბეწვიან სხეულში უბრალოდ ცხოველი კი არა, განსაკუთრებული სული სახლობდა

სამი წლის წინ თბილისში, ზამთრის მიწურულს, ძლიერი ყინვა რომ დაიწყო, ჩემმა ძაღლმა, ალასკურმა მალამუტმა, სახელად, ბელიმ, თავდაცვის სამინისტროს წინ, სკვერში, ნახევრად გაყინული კაცი იპოვა - ვინმე მინდია, სამეგრელოდან, უსახლ-კარო, ცალი ფილტვი დახურული ჰქონია და უცნაურად, სტვენითა და ხრიალით სუნთქავდა. გაჭირვებისგან გალოთებულს იმ საღამოსაც დაულევია და გაცრეცილ პლედში გახვეული, ხის ძირას მიწოლილა. ცოტაც და, ვეღარაფერი უშველიდა.

გვიან საღამოს მე და ბელი იმ ადგილებში ვსეირნობდით. ძაღლმა ბუჩქებისკენ გაიწია, მივყევი, წკმუტუნი დაიწყო და ნახევრად გათოშილს თავზე დავადექით. თავდაცვის სამინისტროსთან მდგომ დაცვას ვთხოვე დახმარება და საპატრულო პოლიციაშიც დავრეკე... რამდენიმე ეკიპაჟი თვალის დახამხამებაში მოვარდა, სასწრაფოც ფეხდაფეხ მოჰყვა. კაცი გამოაფხიზლეს, ფეხზე დააყენეს და მიუსაფარი "კათარზისში" წაიყვანეს... ის კაცი იმ საღამოს გაყინვას გადაურჩა. არ ვიცი, მას შემდეგ როგორ წარიმართა მისი ბედი, ან ცოცხალია თუ არა, მაგრამ მისი მაშველი ძაღლი რამდენიმე დღის წინ დავკრძალე და არა მგონია, ოდესმე მოვინელო ტკივილი, რომელიც მისმა არყოფნამ გამიჩინა.

ბელის ცხოვრებაში ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როდესაც განსაცდელში მყოფს დაეხმარა. 2008 წლის შემოდგომის ერთ საღამოს, იპოდრომზე სეირნობის შემდეგ, შინ არ წამოჰყვა ჩემს ძმას, წკმუტუნით ანიშნა, გაჰყოლოდა. სანამ ექიმები არ მოვიდნენ, ბელიმ გონდაკარგული არ მიატოვა...

იმავე წლის ზამთარში, გვიან ღამით, ყაზბეგის პროსპექტზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი დაბზრიალდა და კედელს შეასკდა. ჩვენ იქვე ვსეირნობდით. ბელი მომენტალურად მიბრუნდა, ერთი ამომხედა და დამტვრეული მანქანისკენ გავარდა. გონდაკარგული კაცი საჭესთან ფეხებით ჩაჭედილიყო. სანამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია მოვიდა, ბელი კაცს  სახეს ულოკავდა...

ბელიმ ჩემშიც გააძლიერა მაშველის ინსტინქტი. ქუჩაში ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. უნდა გენახათ, კმაყოფილების ნიშნად კუდს როგორ აქიცინებდა, როცა რაღაც ამბავი კარგად დასრულდებოდა.

მალამუტები ცნობილი არიან როგორც საუკეთესო მაშველები, გადამყვანები და  ძიძები. ძალიან უყვარდა ბავშვები... ერთხელ, სკვერში, ბავშვის ტირილი გაიგონა. პატარას ქალი უწყრებოდა და ისიც უფრო უმატებდა ტირილს. ძაღლმა მიირბინა და ქალს თავის ენაზე ყეფა-ყმუილი დაუწყო, თან ბავშვს ეფერებოდა. ცოტა ხანში პატარას ტირილი სიცილად ექცა.  მცველის გამოჩენით გაოცებული ქალი კი მეკითხებოდა, რა უნდა თქვენს ძაღლს, რას ითხოვს ჩემგანო? ცდილობს, გითხრათ, რომ ბავშვი არ უნდა ატიროთ-მეთქი. უფ, ეგღა მაკლია ჭკუის მასწავლებლადო, აიმრიზა ქალი, რომელიც ბავშვის ძიძა აღმოჩნდა.

უცნაური ძაღლი იყო ბელი. მოფერებით ბელიკოს ვეძახდით. მის საოცრად ჭკვიან მზერაში იკითხებოდა, რომ გაბურძგნილ, ბეწვიან სხეულში უბრალოდ ცხოველი კი არა, განსაკუთრებული სული სახლობდა.

მე და ბელიკო ერთმანეთს "კვირის პალიტრამ" დაგვაკავშირა. ერთ დღეს სამსახურში რომ მივედი და მუშაობა დავიწყე, ყმუილი შემომესმა. ფანჯარაში გადავიხედე, ოფისის უკან, 161-ე სკოლის შემოღობილ ტერიტორიაზე ულამაზესი ძაღლი დაეტოვებინა ვიღაცას. არც წყალი ჰქონდა, არც საჭმელი, მხოლოდ ჭუჭყიანი ჯამი ედგა წინ... მოვიძიე ძაღლის პატრონი, რომელიც იქვე მუშაობდა. თურმე, შეუწუხებია ძაღლის ყმუილს ოჯახი და ასე, ღია ცის ქვეშ დასაგდებად გაუწირავთ იმ იმედით, რომ ვინც ამ ჯიშის ფასი იცის, იქნებ ყიდვა ისურვოს და სარფიანად მოვიშოროთო. საბედნიეროდ, ძველი პატრონის შვილი გულიანი ადამიანი აღმოჩნდა და დაიყოლია მამა, ბელიკო, რომელიც ორიოდე თვეში ხუთი წლის ხდებოდა, ჩემთვის მოეცა. იმ დღეს, შინ რომ მიმყავდა, ორივე ძალიან ბედნიერი ვიყავით... ძაღლი ვეტერინართან გავაქანე, რომ გადასხმებით მომესულიერებინა. მორჩილად მისცა თათი ექიმს კათეტერის ვენაში ჩასადგმელად, მეორე თათი კი ფეხზე დამადო, ჩემ გვერდით იყავიო. როცა დარწმუნდა, რომ მისი მიმტოვებელი არ ვიყავი, თავი მომადო და ტირილი დაიწყო... ორივე ვტიროდით. ამ ჯიშს უყვარს კაცთა მოდგმა, ის უბადლო მეგობარია...

ბოლო დროს ჩემი ბელიკო საშინელ სენს, ელენთის სიმსივნეს ებრძოდა. მუცლის ღრუს გაჭრის შემდეგ დადგინდა, რომ ადრეულ ასაკში პერიტონიტი ჰქონდა გადატანილი. ვეტერინარების ვარაუდით, სწორედ ის ადრეული პირობები, არანორმალური კვება და მკურნალობის გარეშე გადატანილი დაავადებები გახდა მოგვიანებით მის ორგანიზმში სენის გაჩენის მიზეზი. სიკვდილამდე 12 დღის განმავლობაში არაფერი უჭამია, გადასხმებით ვაცოცხლებდი, იმ იმედით, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ დავუბრუნდები ჯანმრთელობას. მხოლოდ ერთი დღე-ღამე გაძლო ოპერაციის შემდეგ. 29 მაისს მომიკვდა ტანჯვით, მანამდე ტკივილის უხმოდ გადამტანს საშინელი ხმით აღმუვლებდა მოახლოებული სიკვდილი. სანამ  გონზე იყო, თვალებით მთხოვდა, არ მიმეტოვებინა. უკანასკნელ წამებშიც ხელში მეჭირა მისი თავი.

მჯერა, ბელიკო ჩემს ცხოვრებაში იმიტომ გამოჩნდა, რომ ადამიანი გაეზარდა ჩემში; ადამიანი, რომელსაც მისგან უნდა ესწავლა ზრუნვა, მოწყალება, თანადგომა, უსიტყვოდ გაგება, მოთმენა და კიდევ უამრავი რამ. სამწუხაროდ, ისე გავაცილე უკანასკნელ გზაზე, რომ ბოლომდე ვერ ჩავაბარე ყველა გამოცდა. ვიღაცას შესაძლოა გადამეტებულად სენტიმენტალური ეჩვენოს ჩემი ძაღლისადმი  დამოკიდებულება იმ დროში, როდესაც ადამიანი ადამიანისთვის მგლად არის ქცეული, შვილი მშობელს არ ინდობს, მშობელი - შვილს, ცოლ-ქმარი ერთმანეთს, მეგობარი მეგობარს წირავს... ძაღლები უბრალოდ არ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში... ამიტომაც, სანამ ხელს მოუღერებთ, დაფიქრდით, იქნებ მათში თქვენი სულის იმ ნაწილს შეურაცხყოფთ, რომელიც ცდილობს უფრო ადამიანური გაგხადოთ და მიგახვედროთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, მარადიული კი მხოლოდ სიყვარულია. ამბობენ, ძაღლი მხოლოდ ერთხელ გტკენს გულს - როდესაც კვდებაო. ეს გულისტკენა მოუშუშებელია.

ჰაჩიკო - ყველაზე ერთგული ძაღლი

1935 წლის 8 მარტს იაპონიაში აკიტას ჯიშის ლეგენდარული ძაღლი ჰაჩიკო გარდაიცვალა. მისი ნეშტი იაპონიის ეროვნულ სამეცნიერო მუზეუმში ინახება (ტოკიოში). შჰიბუყა-ს სადგურში კი ძეგლი დაუდგეს, როგორც ერთგულების სიმბოლოს. 1924 წელს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა  აკიტას ჯიშის დაკარგული ლეკვი შინ წაიყვანა და ჰაჩიკო უწოდა. პატრონზე შეყვარებული ძაღლი მეგობარს ყოველ დილით აცილებდა სადგურზე და უკან დაბრუნებულს იქვე ხვდებოდა, რომ ერთად წასულიყვნენ შინ. ასე გრძელდებოდა 1925 წლის მაისამდე, ვიდრე სამსახურში წასული პროფესორი მოულოდნელად არ გარდაიცვალა. ის სადგურზე აღარ დაბრუნებულა, ჰაჩიკო კი 10 წელი ერთგულად ელოდა...

ყოველი წლის 8 აპრილს Shibuya-ს სადგურთან იმართება ჰაჩიკოსადმი მიძღვნილი დღესასწაული, რაც ძაღლის მოყვარულებისთვის ეროვნულ დღესასწაულად ითვლება.

ჯონი და შეპი  - 2012 წლის ყველაზე პოპულარული ფოტო

ძაღლი შეპი 20 წლის გარდაიცვალა... კადრი, რომელზეც პატრონთან, ჯონ ანგერთან არის გადაღებული, 2012 წელს ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ ფოტოდ იქცა: შეპს ტბაში ცურვისას ჯონის მკერდზე მშვიდად სძინავს. მაშინ ძაღლი19 წლის იყო და ართრიტი ტანჯავდა. ტკივილით გამოწვეული ტანჯვის შესამცირებლად ჯონის შეპი 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ტბაზე დაჰყავდა, ხელში იყვანდა და წყალში შედიოდა, სადაც ძაღლს ტკივილები უამდებოდა და პატრონის მკერდზე ჩაძინებას ახერხებდა... მათი მეგობრობა კი ასე დაიწყო:

ჯონ ანგერმა შეპი თავშესაფრიდან მაშინ აიყვანა, როცა საცოლეს დაშორდა... "ძალიან განვიცადე მასთან განშორება, თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდი. შეპიმ ეს აზრები ჩემგან განდევნა... ახლა მისთვის ტკივილის შემსუბუქება ის მცირედია, რაც ერთგულებისა და სიყვარულისთვის შემიძლია დავუბრუნო"”- აცხადებდა ჟურნალისტებთან საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცეული ანგერი. მან "ფეისბუკში" გვერდიც კი შექმნა, სადაც შეპის ფოტოებს ათავსებდა. ძაღლს კი მთელი მსოფლიოდან მოსდიოდა საჩუქრები და ფულიც - მკურნალობისთვის.

"უამრავი ადამიანი წერდა, რომ ერთგული მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი დღემდე არ განელებიათ. ამ ფოტოს დანახვისას კი ტიროდნენ", - იხსენებს ჯონი.

"ვეტერინარმა გვითხრა, რომ ნაგაზის დაავადება პროგრესირებდა და მისი დაძინება სჯობდა... ჯონმა მთხოვა სამახსოვრო ფოტო გადამეღო მათთვის", - იხსენებს ანგერის მეგობარი.

შეპიმ მე-20 დაბადების დღემდე იცოცხლა.