"პაკო მას!" - კვირის პალიტრა

"პაკო მას!"

პატარა უფლისწული, თოლიაც და ქარის წისქვილებთან მეომარი რაინდიც, ბევრის წარმოდგენით - არამიწიერი, საოცრად ქარიზმატული... პაკო - პოეტი, მთარგმნელი და პედაგოგი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ქართული სიტყვით, პოეზიის ძალით ებრძოდა სიკვდილს.

"გარდავალ მშვიდი, ვით შემოდგომა,/მზეო, სიკვდილს ნუ შეუშინდები,/ლომისკარელზე მსურს შემოდგომა,/მთვარის შუქით და თეთრი შინდებით."

პაკო (ამირან) სვიმონიშვილი 5 თებერვალს აღესრულა. სამთავროში, გოდერძი ჩოხელის გვერდით დაიკრძალა. ასე გადაუწყვეტია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს...

პაკომ ლექსების პირველი კრებული 15 წლისამ გამოსცა, რატომღაც "მოვსულვარ ლანდი" დაარქვა...

16 წლისა ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა შვეიცარიაში. უცებ გამოუცხადებია, აღარ მოვდივარ, შვეიცარიელი ალპინისტი ჩამოვიდა, შხარაზე უნდა ავიდეთო. არადა, მანამდე მთაზე არასდროს ასულა. წლების შემდეგ ის ალპინისტი მოუყვება დედას: პაკომ გადაგვარჩინა. შხარაზე წამოვიდა დელგმა და სამი გამოცდილი ალპინისტი კლდეს გავეკარით. მთელი ღამე ასე გავატარეთ. სახეში წვიმა გვასხამდა. შუაღამისას პაკომ ლექსების კითხვა დაიწყო. ლექსებით გაგვათენებინა და გაგვაძლებინაო.

პოეზიისა და მასწავლებლობისთვის  ცხოვრობდა, თუმცა, ბევრს მიაჩნია: უწინარეს პოეტი იყო.  მე-6 საავტორო სკოლის მე-12 კლასელები ფილმს მიუძღვნიან "პაკო მას"-ს და მასში ყველაფერს ჩატევენ ბავშვები, რომელთა თავისუფალ ადამიანებად აღზრდაზეც ოცნებობდა მათი დიდი მეგობარი.

პაკოს ერთი მოსწავლის ოჯახს ძალიან უჭირდა. ამის გამო ბავშვი ცუდად სწავლობდა და ყოფაქცევითაც არ იყო ნაქები. ერთ დღეს ბიჭს ხელი მოჰკიდა და საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა... ყველაზე მძიმე წლებში მის ოჯახში თვეობით ცხოვრობდნენ მისი ხევსური და ქისტი ძმადნაფიცები. პაკო ერთნაირად კარგად გრძნობდა თავს ევროპის ფეშენებელურ სასტუმროში და მთის ქოხში.

როცა ექიმებმა საშინელი დიაგნოზი გაუმხილეს, გამოწვევას  ვაჟკაცურად შეხვდა=. მხოლოდ რამდენიმე თვე იავადმყოფა... როცა თურქეთში მკურნალობდა, ცოლ-შვილი, მეგობრები და მისი მოსწავლეები საავადმყოფოში თავთან ესხდნენ მონაცვლეობით. მისი დაკრძალვის დღეს ყველა თაობის ადამიანმა მოიყარა თავი თბილისში...

მამუკა ჯიჯეიშვილი, პაკოს მეგობარი, რეჟისორი: - პაკო  საერთო მეგობარმა, მიშა კაკაბაძემ გამაცნო. პირველსავე შეხვედრაზე ჩამეხუტა. ასე მეგონა, ამ კაცს დიდი ხანია ვიცნობ... როცა მისი ლექსები წავიკითხე, მივხვდი, ჩინებული პოეტი ყოფილა.

ნატალია პაჭკორია, პაკოს მეგობარი, პროდიუსერი: - პაკოსთან ურთიერთობა ბედნიერებაც იყო და რთულიც. შეეძლო, ზამთარში შიშველი დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ ვიღაცისთვის ჩაეცმია და ეჭმია. ჩვენი სკოლის ბავშვებმა პროექტი გააკეთეს ბედიანის ბავშვთა სახლში. ნეტა გენახათ, რა ბედნიერი იყო. ამბობდა, აქ დავსახლდები, ბავშვებთან ახლოს ვიქნები, მინდა მათ ცხოვრება გავულამაზოო. ავად იყო და იუმორს არ კარგავდა, მაშინ თქვა, - დედას ვუტირებ, 40-ის მაინც გავხდებიო. მართლაც გახდა და... 10 დღეში გარდაიცვალა.

რუსუდან მეგრელიშვილი, მე-6 საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე: - პაკო იყო ძველი ტრადიციული ღირებულებებისა და ძალიან თანამედროვე აზროვნების მატარებელი. ამიტომ ვეძახი ძალიან ქართველს და ძალიან ევროპელს. ამ ბუნებით ბობოქარი კაცის პოეზიიდან საოცარი სიმშვიდე მოდის... ერთხელ მისი მოსწავლე  ცუდად გახდა. პაკომ ბავშვი ექიმთან წაიყვანა, უყიდა წამლები, უმკურნალა. ყველა გაკვეთილის მერე მეკითხებოდა, - რუსიკო, ტატომ რამდენჯერ დაახველა? როგორი ხველა ჰქონდა, ღრმა თუ ზედაპირულიო და ა.შ.

პაკოს ერთ მოსწავლეზე ჰქონდა დიდი ამაგი. გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე, როცა გაიგო, ბავშვს პრობლემები ჰქონდა, კლინიკაში დაიბარა. მერე ბიჭი გამენდო:' პაკომ ისეთი რამეები მითხრა, მეორედ დავიბადეო. პაკოს გარდაცვალების დღეს მქონდა გაკვეთილი მის კლასთან. განადგურებულები ვისხედით. უცებ შემოვარდა ბიჭი. თვალებით იკითხა, რა ხდებაო. თვალებითვე ვუპასუხე, პაკო აღარ არის-მეთქი. ბავშვი მაგიდაზე დაემხო, შემდეგ გაიქცა. მერე მითხრა, სკოლაში რომ შემოვედი, მივხვდი, პაკო აღარ იყო, სხვანაირი სიცივე მოდიოდა კედლებიდანო...

P.S. პაკო სვიმონიშვილმა 2010 წელს გამოსცა ლექსების კრებული "სამკვიდრო" და მასში მხოლოდ ის ლექსები შეიტანა, რომელიც ძალიან მოსწონდა. ბოლო წიგნი, "ნასესხები შუქი", თარგმანების კრებულია. მასში გოეთეს, მანცევიჩის, რილკეს, მაიერის, თრაქლის და სხვათა სევდიან ლექსებს მოუყარა თავი. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე თარგმნილი როზე აუსლენდერის ერთი ლექსი მეტაფორულად პაკოს ამჟამინდელ ნავსაყუდელზე მიანიშნებს:

"დამიდასტურე, ღმერთო, ქებულო,/რომ მხოლოდ შენი ასრულდა ნება,/მე დამამსგავსე ვარსკვლავთა კრებულს/გალობასავით ცას რომ ადნება".

ამონარიდები მოსწავლეთა წერილებიდან:

"არასდროს დამავიწყდება პაკო მასი, მისი "ხევსურული იავნანა" ჭიუხებში მის მიერ მოყოლილი ლეგენდები, ლექსები. პაკო ჩემი ბავშვობის უთბილესი მოგონებაა"...

..."ბოლოს, როცა ვინახულე, ერთი სიტყვით მოახერხა ისევ ჩემი ტკივილის დავიწყება. ეს ის სიტყვა გამოდგა, რომელიც არასდროს დამავიწყდება და რომელმაც, შეიძლება ითქვას, მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. "ცხოვრებაში მთავარია, გიყვარდეს და თუ სიყვარულით ცხოვრობ, ყველაფერი უმნიშვნელოა. იცხოვრე ხელოვნებით, თუმცაღა, სხვანაირად ვეღარც შეძლებ ცხოვრებას, რადგან ერთხელ თუ ეზიარე ხელოვნებას, მუდამ მის მრევლად დარჩები"... ამ სიტყვებით მოვახერხე გამოფხიზლება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა დავიწყე..."

"პაკო მასი არის "მერანის" ის რაინდი, რომელმაც დაანგრია მითი, რომ უკვდავება არ არსებობს. მან მოკვდავივით იცხოვრა და თავისი ცხოვრებით უკვდავი გახდა. ასეთი არის ჩემი თვალით დანახული ჩემი მასწავლებელი, პოეტი და მეგობარი პაკო მასი".

ნანა ფიცხელაური