პირველ რიგში რა უნდა შეცვალოს თბილისის მერმა - კვირის პალიტრა

პირველ რიგში რა უნდა შეცვალოს თბილისის მერმა

"კვირის პალიტრა" ქართველი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების აზრით დაინტერესდა.

გიგა ბათიაშვილი: - ალბათ, აჯობებს, მერმა ყველა საკითხი შეათანხმოს პროფესიონალებთან, ნებისმიერი საკითხი კარგად შეისწავლოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში არ მივიღებთ იმ სავალალო მდგომარეობას, რომლის შედეგსაც დღეს ვიმკით. შესაცვლელი კი ბევრი რამეა.…

ნიკო ლეკიშვილი: - უპირველესად შესაცვლელია ქალაქის მერის ურთიერთობა მოსახლეობასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთშეთანხმებით. მაგალითად, ადრე არსებობდა მოსახლეობის წარმომადგენლობითი სათათბირო, რაც ცუდი ფორმა არ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაფერი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით კეთდებოდა. არადა, მეფის რუსეთის დროსაც კი ინტერესდებოდნენ მოსახლეობის აზრით, ვიდრე რამეს ააშენებდნენ და გააკეთებდნენ.

მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა თბილისს განვითარების კონცეფცია საერთოდ არ გააჩნია. ასეთი კონცეფცია არსებობდა 90-იანი წლებიდან 2000 წლამდე, რომელიც სადღაც გადააგდეს. მნიშვნელოვანია მტკვრის ზონის განვითარება, ის, თუ  სად უნდა არსებობდეს კულტურული ცენტრი და სად - სახელმწიფო, ასევე, გასართობი დაწესებულებები - ეს ყველაფერი დასადგენია. ამის განსაზღვრას ვერც საკრებულო შეძლებს და ვერც მერი, თუკი ამ საქმეში არ ჩართავენ სპეციალისტებს, არქიტექტორებს, ურბანისტებს, კულტუროლოგებს. ერთპიროვნულად, გენიოსიც რომ იყოს, ვერავინ გადაწყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. და კიდევ, უმჯობესი იქნებოდა, მერის არჩევნებზე გვყოლოდა დამოუკიდებელი კანდიდატი. ახლა ყველა კანდიდატი პარტიის წარდგენილია, რაც თბილისისთვის მთლად კარგი არ არის.

რეზო ესაძე: - უპირველესად მერს უნდა ჰქონდეს იერი ადამიანისა, რომელიც პატრონობს ქალაქს. მისი ყოველი ქმედება თბილისისადმი და ადამიანებისადმი სიყვარულით უნდა იყოს სავსე. ეს არის ის მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს და მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. მერი არ უნდა იყოს ფარისეველი, არავის სჭირდება მისი მოჩვენებითი ან გათამაშებული სიკეთე, ის ამას ბუნებრივად უნდა ასხივებდეს. რაც შეეხება შესაცვლელს, ბევრი რამ, რაც აშენებულია და კარგიც კი გვგონია, მაინც სანახევროდ არის გაკეთებული. სანახევროდ გაკეთებული საქმეები არავის სჭირდება.

გოგა ხაინდრავა: უპირველესად გზები და სისუფთავეა მისახედი ჩვენს ქალაქში. მივესალმები გამწვანების ინიციატივას, რადგან ეს ბაღივით დედაქალაქი მახინჯ ურბანისტულ ცენტრად გადავაქციეთ.… წინა მერებმა არც ერთი პარკი და ბაღი აღარ დაგვიტოვეს. ის, რაც თბილისში ხდება, ეკოლოგიური კატასტროფაა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ უჰაერობით არ მოიწამლონ ჩვენი შვილები...…