რატომ ვიტყუებთ თავს?!
09-06-2014
რატომ ვიტყუებთ თავს?!
თემის გაგრძელება

სამწუხაროდ,  დაბალი ფასის გამო ქუჩაში გამოფენილ პროდუქტს მომხმარებელი ისევ მრავლად ჰყავს...

სანამ ყველის ქუჩაში შეძენას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, ღირს თუ არა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ამგვარი პროდუქტის  ფასად


რამდენიმე კვირის წინ "კვირის პალიტრა" ქალაქში არსებულ ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე წერდა. სამწუხაროდ, მცხუნვარე მზეზე ქუჩაში გამოფენილი რძის ნაწარმი თუ სხვა პროდუქტი დღესაც ისეთივე პირობებში იყიდება, როგორც მაშინ - ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით სახელდახელოდ გაშლილ დახლებს, ასფალტზე დაყრილ პროდუქტს თუ ცელოფანში
გამოკრულ რძის ნაწარმს. სამწუხაროდ, ამ პროდუქტებს დაბალი ფასის გამო მომხმარებელი ისევ მრავლად ჰყავს. არადა, მალფუჭებადი პროდუქტი სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა ინახებოდეს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, "მომხმარებელთა ფედერაციამ"  კვლევის შედეგები გაავრცელა და სავალალო სურათი გამოვლინდა - 50-მდე ყველის ნიმუშიდან, რომელიც ორგანიზაციამ ლაბორატორიული კვლევისთვის შეიძინა, 35-ში სხვადასხვა დარღვევა
დაფიქსირდა - 30 ნიმუშში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ხოლო 5-ში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოჩნდა.

რა საფრთხე ემუქრება ასეთი პროდუქტის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას? - ამ კითხვით სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ქეთევან დადიანს მივმართეთ:

-  კოლიფორმული მიკროორგანიზმები ადამიანისა და ცხოველთა ნაწლავების მუდმივბინადარი ბაქტერიებია, რომლებიც ჰიგიენური პირობების დაუცველობის გამო ხვდებიან პროდუქტებში. შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება, რადგან საკვებისმიერ ინტოქსიკაციას იწვევს. დამამზადებლის ხელებზე არსებული ჭრილობის ან ჩირქოვანი გამონადენის შემთხვევაშიც არსებობს საშიშროება, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი  მოხვდეს რძის პროდუქტებში.

რაც უფრო სუსტია ორგანიზმი, ავადობის ალბათობაც მეტია. დაბინძურებული პროდუქტის 100%-დან 90% იწვევს კვებით ინტოქსიკაციას.

თორნიკე ყაჯრიშვილი

xatuna
12 ივნისი 2014 22:06
ეს პრობლემა პირველ რიგში სახელმწიფოს მოსაგვარებელია და ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეობრივი თვითშეგნების იმედად უნდა დატოვოს მთავრობამ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება?!

რედაქტორის რჩევით