ტყემ დაბადება დაიწყო...
09-06-2014
ტყემ დაბადება დაიწყო...
"მარტივია, ეგ არი, დარგე შენი კედარი"

სასიხარულოა, რომ "კვირის პალიტრის" პროექტში, "ჩემი კედარი", უამრავი მკითხველია ჩართული.
როგორც აღმოჩნდა, აქციის პირობების მიხედვით, ბევრმა სცადა, ნაჩუქარი ჰიმალაის კედრის თესლით ნერგი გაეხარებინა.

2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, ყველა, ვინც კედრის თესლი გაახარა, ერთად შევიკრიბებით და გავაშენებთ ტყეს. სად? საამისოდ უამრავი ადგილია, მთავარია, ერთი წლის შემდეგ ამ მნიშვნელოვან დღეს მომზადებული შევხვდეთ. ამიტომაც აუცილებელია, შეგვატყობინოთ, გაიხარა თუ არა, თქვენი კედრის თესლმა,
უკვე ამოიწვერა? თუ ჯერ კიდევ გაღივების პროცესშია და არ ჩანს? იქნებ ჩვენი დახმარება გჭირდებათ? ან გსურთ თქვენი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ! ნუ დაიზარებთ და მოგვწერეთ, გადაუღეთ ფოტო თქვენს ჯერ კიდევ პატარა ამოწვერილ ნერგს, რომელიც მომავალში თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ხედ იქცევა და გამოგვიგზავნეთ.
თუ ისე მოხდა,
რომ თესლის გახარებისთვის ყველა პირობა დაიცავით და მაინც არ ამოიწვერა, გულს ნუ გაიტეხთ. სამწუხაროდ, ბუნებაშიც არ ხარობს ყველაფერი. ისე კი, თუ ღეროს ამოწვერას ცოტა დააგვიანდა, ნუ შეშინდებით - წიწვოვანი ხეები ნელა იზრდება - წელიწადში დაახლოებით 5-10 სმ.

ჰიმალაის კედარი 1000 წელს და მეტხანს ცოცხლობს. თითოეული ხე პლანეტის ფილტვებს განაახლებს და ჟანგბადით ამდიდრებს სამყაროს.

იმისათვის, რომ ამ დიდ საქმეში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, შეგვეხმიანეთ, რათა კარგად მომზადებული შევხვდეთ 2015 წლის 18 აპრილს, როდესაც ერთად გავაშენებთ კედრის უზარმაზარ ტყეს. გვერწმუნეთ, ეს საქმე რთული სულაც არ არის და როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს: "მარტივია, ეგ არი, დარგე შენი კედარი"! დარგე, რომ მომავალმა თაობამ იამაყოს და მოგბაძოს.

სანამ თქვენი პატარა კედრების შესახებ გვიამბობთ, გთავაზობთ უკვე აღმოცენებული თესლის ფოტოებს, რომლებიც ჩვენმა მკითხველებმა გამოგვიგზავნეს იმის ნიშნად, რომ ტყემ დაბადება დაიწყო, ოღონდ ჯერ მხოლოდ ქოთნებში!

აქვე ვუპასუხებთ იმ მკითხველსაც, რომელსაც აინტერესებს, ანალოგიური აქცია იქნება თუ არა შემდგომში. დიახ, იქნება! - გაისად, აპრილში, როცა დიდი ტყის გაშენება დაიწყება. ტყის გაშენება ხომ ერთჯერადი პროცესი არ არის, მას მუდმივად სჭირდება გამდიდრება, განახლება და, რაც მთავარია, მოვლა...


www.kvirispalitra.ge

ალექსანდრე: ჩემმა კედარმა გაიხარა, კარგი გრძნობაა...

მარიკო: დიდი ყურადღებით ვაკვირდები ჩემს კედარს, მაგრამ ჯერჯერობით არ ამოწვერილა.

ჯავახელი: არც ჩემი არ ამოვიდა, არადა, კარგად ვუვლიდი. "პალიტრას" ვთხოვ, იქნებ კიდევ გააკეთოს ასეთივე აქცია.

მიგელი85: 3 ცალი ჩავრგე, მაგრამ ჯერ არც ერთი არ ამოსულა. მგონი, ბევრი წყალი დავასხი...

ირინე: მე არ ვიცოდი ამ აქციის შესახებ, სად მეძინა, ნეტა? სად შეიძლება თესლის შეძენა? გთხოვთ, მიპასუხოთ.

სოფო: ჩემმა კედარმა გაიხარა!!! გულით და სულით ვუვლიდი და როცა ამოიწვერა, სიხარულით ცას ვეწიე. ვიცი, რომ ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის მოძლიერდება, რომ მომავალ წელს მიწაში გადავრგო. ასე მგონია, ამ ხით ჩემს შთამომავლობას სიკეთისა და ქვეყნის სიყვარულის მაგალითს დავუტოვებ!

ნინო:
ჩემმაც გაიხარა, ბავშვები სულ თავს დასტრიალებენ. ზუსტად ისე ვუვლით, როგორც "კვირის პალიტრაში" იყო მითითებული. წყალსაც ზომიერად ვუსხამთ... ჩემი მეზობლებიც ჩივიან, ჩვენი კედრები არ ამოწვერილაო, მე კი ვეხუმრები, - ალბათ, სიყვარული დააკელით და ამიტომაც არ გაიხარა-მეთქი. რას ვიზამთ, ზოგს გაგვიმართლებს, ზოგს - არა. ალბათ, ჩვენი საყვარელი გაზეთი გულდაწყვეტილს არავის დატოვებს და კიდევ მოიფიქრებს მსგავს აქციას, რათა ყველამ ვიამაყოთ ჩვენი ლამაზი ხით, რომელიც მომავალში ტყეში აშრიალდება...

Tamazi
29 დეკემბერი 2016 22:39
თუ შეილება მითხრათ სად შეილება ნერგის ან თეალის ყიდვა კედარის
ლაშაგიორგი
13 ოქტომბერი 2015 11:23
მითხარით სად შეიძლება ამ კედარის თესლის შეძენა?მიპასუეთ.წინასწარ დიდი მადლობა
მერი ქორიძე
19 აპრილი 2015 17:52
დიდხანს ველოდე და არ ამოვიდა მერე ქოთნის მიწა ყვავილების ბაღში დავყარე, წელს გაზაფხულზე იმ ადგილას ასანთის ღერის ოდენა წიწვოვანი ხე აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა, ახლა ისევ ქოთანში მაქვს ოთახში ვნახოთ ,ველოდები გაზრდას ნელა იზრდება,როგორ მოვუარო არ ვიცი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები