"ვოლგის" მდგმურები - კვირის პალიტრა

"ვოლგის" მდგმურები

"შინ წასვლას სიკვდილი მირჩევნია"

დილის 6 საათი იქნებოდა, როცა ქიაჩელის ქუჩაზე თვალი თანამედროვე ავტომანქანების გვერდით მდგარ საბჭოთა "გაზ 21"-ისკენ გამექცა, რომელსაც სიძველისგან თევზის ქერქივით აქერცლოდა საღებავი. ავტომანქანის კარი კი ვიღაცას მუყაოთი დაეგმანა. საქარე მინაში ქუდჩამოფხატული თავი დავლანდე - აშკარა იყო, ძვირად ღირებულ მანქანებს შორის მურმანის ეკალივით ჩაჭედილ "ვოლგას" ვიღაც აფარებდა თავს...

საღამოობით ქიაჩელის ხმაურიან და ხალხმრავალ ქუჩას გამთენიისას ღრმა ძილით ჩასძინებოდა, ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა, საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი მესმოდა. მანქანის უკანა სავარძელზე სიცივით მოკუნტულ ათიოდე წლის მოზარდსაც ისე ტკბილად ჩასძინებოდა, რომ ფეხაკრეფით მივეპარე და ფოტო გადავუღე. ძალიან მინდოდა "ვოლგის" მდგმურის ვინაობის დადგენა, ან იქნებ დახმარება შემეძლო, მაგრამ მისთვის ძილის დაფრთხობას მოვერიდე და იქაურობას გავეცალე. მას შემდეგ იმ ადგილას რამდენჯერმე მივედი, მაგრამ ამაოდ, ბიჭი არსად ჩანდა... რამდენიმე დღის წინ ისევ ქიაჩელის ქუჩას მივაშურე. ამჯერად გამიმართლა - "ვოლგიდან" ბიჭი გამოძვრა და ზლაზვნით გაუყვა გზას. დავუძახე, დამელოდე-მეთქი. შეშინებულმა შემომხედა და აყვირდა, - მანქანაში არაფერი გამიფუჭებიაო და ფეხს აუჩქარა. გავყევი, გზადაგზა ვარწმუნებდი, რომ მას არაფერს ვერჩოდი. ბოლოს, როგორც იქნა, დავაჯერე და პატარა ნიკოლოზი საუბარზეც დავიყოლიე.

- რატომ გაიქეცი, გიშლის ვინმე მანქანაში ძილს?

- მე მხოლოდ ორჯერ მეძინა. წუხელ წვიმდა. გარეთ ვეღარ გავჩერდი. ფანჯარა ჩამოწეული იყო და გადავძვერი, ყოველთვის კი არ მძინავს მანდ, თან არაფერი გამიფუჭებია...

ბიჭი სახეს მალავდა, ცდილობდა ჩემთვის არ შემოეხედა, მაგრამ მაინც მოვახერხე მისი შეთვალიერება. მარცხენა თვალი ჩასისხლიანებულ-ჩალურჯებული ჰქონდა და ცრემლი სდიოდა...

- ვინმემ გცემა?

- არა, დავეცი, - მითხრა და სახე ისევ მომარიდა.

- არ მეტყვი, ვინ გცემა, იქნებ დაგეხმარო?

დიდი, წყლიანი თვალებით ამომხედა და აკანკალებული ხმით ამოილუღლუღა: - დედამ მცემა...

- რატომ?

ზოგჯერ იმდენ ფულს ვერ ვშოულობ, რასაც მავალებს და ბრაზობს. იმის გამო, რომ ვერაფერი ვიშოვე, ორი დღეა, შინ არ მივსულვარ. ვიცი, ისევ დამსჯის...

- რამდენიმე დღის წინ ამ მანქანაში მგონი, სხვა ბავშვი ვნახე. ეტყობა, აქ თქვენი თავშესაფარია...

- დიდ ბიჭებს უმეტესად ბაღში სძინავთ. წუხელ ყვავილებს ვყიდდი, წვიმას რომ არ დაეცხო, მეტს გავყიდდი. შინ წასვლას სიკვდილი მირჩევნია და მანქანაში რომ არავინ იყო, იმიტომ შევძვერი.

პატარა ნიკოლოზს გული აუჩუყდა და მწარედ ატირდა. ბავშვს მოვეფერე, შევეცადე დამემშვიდებინა. მერე იქვე ახლოს კაფეში შევედით... ვუყურებდი დამშეულ პატარას და ფილმი "ერთხელ ამერიკაში" მახსენდებოდა, ის ცნობილი კადრი მედგა თვალწინ, მაწანწალა ბიჭუნა ნამცხვარს ჯერ რომ ეპარება და მერე მადაგაღვიძებული ერთიანად სანსლავს... მინდოდა ფოტო გადამეღო და აპარატი მოვიმარჯვე, მაგრამ თვალებით მანიშნა, არ გინდაო... მეც უხმოდ დავემორჩილე...

იმ დღეს მე და ნიკოლოზი დავმეგობრდით, შევპირდი, რომ ხშირად ვინახულებდი... მერე ბავშვს დავემშვიდობე და გულდამძიმებულმა ისევ იმ ავტომანქანას მივაშურე... იქ ახლა არავის ეძინა, თუმცა, სავარძელი სავსე იყო სხვადასხვა ფერის ბინძური ტანსაცმლით.

ლურჯი მონასტრისკენ მრევლი მიიჩქაროდა, ერთ-ერთს მოკრძალებით ვკითხე, - ხომ არ გინახავთ უსახლკარო ბავშვები-მეთქი.

ლევან ჟივიძე, გამვლელი: - ეს ბავშვები მთელი ღამე მათხოვრობენ, ან ყვავილებს ყიდიან, გამთენიისას კი იშლებიან. ვინც ჩაეტევა, მანქანაში იძინებს, რომ განახათ სიცივეში როგორ ეხუტებიან ერთმანეთს, გული მოგიკვდებათ...

მერე ქუჩის მობინადრეებსაც გავესაუბრე - ბებია-შვილიშვილს. ბავშვმა მეტი იცოდა თანატოლების უჩვეულო ცხოვრების შესახებ:

- დილით, როცა სკოლაში მივდივარ, მანქანაში მკვდრებივით სძინავთ. აგრესიულები არ არიან, მაგრამ, როცა აქვე მდებარე ბარში ყვავილების გაყიდვას ცდილობენ, მეპატრონეები გარეთ ყრიან... ერთხელ მანქანაში სამიოდე წლის პატარაც ჰყავდათ. მარტო მას ეღვიძა და ტანსაცმელში გახვეული ფანჯრიდან იყურებოდა. ჩანთაში შოკოლადი მქონდა და მივეცი.

ჩემი რესპონდენტის ბებიამ ავტომანქანის პატრონის მისამართი მითხრა. შორს წასვლა არ დამჭირვებია, იქვე, ძველი სახლის სადარბაზოში კიბეს ავუყევი და ზარი დავრეკე. ზღურბლზე შუახნის მამაკაცი გამოვიდა. როცა ვუთხარი, ვინ ვიყავი და რა მაინტერესებდა, ღიმილით შემიძღვა ძველებური წიგნებითა და ნივთებით სავსე ოთახში და მიამბო, როგორ აქციეს ღამის სტუმრებმა მისი ძველი "ვოლგა" სასტუმროდ.

თემურ თუმანიშვილი, ავტომანქანის მფლობელი: - დილით ხშირად ვნახულობ ჩემს მანქანაში ჩაძინებულ ბავშვებს. ერთხელ ვესაუბრე კიდეც და  მადლობა გადამიხადეს, მანქანაში ძილის ნებას რომ ვაძლევ. ვუთხარი, მონასტრებს კარგი თავშესაფარი აქვს, იქ რატომ არ მიდიხართ-მეთქი. იქ ვცხოვრობდით, მაგრამ წამოვედითო, - მიპასუხეს და გაიქცნენ...

მთელი ღამე ყვავილებს ყიდიან. ეტყობა, ვიღაც ამუშავებს ამ ბავშვებს, დილით კი დაქანცულები მანქანაში იძინებენ. სამწუხაროა, მაგრამ ამ ბავშვებზე არავინ ზრუნავს. ხომ გახსოვთ, როგორი ყინვები იყო ზამთარში. ესენი კი ქუჩაში დაძრწოდნენ, მერე კი გაყინულებს და მოკუნტულებს მანქანაში ეძინათ. რა სითბო უნდა იყოს შიგნით, მხოლოდ რკინაა დარჩენილი. მეც მყავს შვილიშვილები და ხშირად დავფიქრებულვარ ამ მოზარდების ბედზე... ამიტომაც

ვერსად მიმაქვს ეს ჯართი, ასე მგონია, ამ ბავშვებს სახლ-კარს წავართმევ.

როგორ გვიცავს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება ისჯება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვების ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება ხშირად ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო სამსახურები ასეთ ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებენ.

უტა ბიწაძე