გვეთამაშე ჩვენ!
16-06-2014
გვეთამაშე ჩვენ!
"ცხენი რა შუაშია?!"

ყოველ კვირას, "პალიტრა TV"-ის ეთერში, 20.00 საათზე, ახალი სატელევიზიო პროექტი - "გვეთამაშე ჩვენ" გადის.
გადაცემაში ცნობილი ადამიანები საკუთარ ინტელექტს წარმოაჩენენ. წესების მიხედვით, ყოველ ხუთ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემდეგ მოთამაშე "ბიბლუსის" წიგნების საცავიდან წინასწარ შერჩეული წიგნით საჩუქრდება. რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა პროექტში, მათ შორის გასულ კვირას მომღერალმა დათო გომართელმა მოსინჯა ძალა. "კვირის პალიტრა" გთავაზობთ ვიქტორინის საგაზეთო ვერსიას. წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი:




რა ერქვა ძველ თბილისში წყლის
მზიდავს?


თუ არ ვცდები, ამ ხელობის ხალხს მეთულუხჩეები ერქვათ.
სწორია!


გოეთე ამბობდა, არასდროს მსმენია, რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის... დაასრულეთ კითხვა.

რომლის ჩადენასაც თვითონ ვერ შეძლებდა?

სწორია!


კარგი. გადავიდეთ საქმეზე... როგორ გგონიათ, რა ჰქვია ბუების გუნდს? ეს არის ადგილი, სადაც განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელოვან საკითხებს... ერთ მინიშნებას
მოგცემთ: ახლა თბილისში აღარ არის ბუების გუნდის ადგილი.


ალბათ, პარლამენტზე საუბრობთ. ეს სიტყვა ნამდვილად საერთაშორისოა და სხვადასხვა ენაზე საუბარს, განხილვას ნიშნავს. ბრძენი ბუებიც მანდ სხედან.

სწორია!

ქართლ-კახეთის ეს მეფე უზომო ჭამა-სმით იყო ცნობილი. რა მეტსახელით შემორჩა ის საქართველოს ისტორიაში?

შეიძლება მას საქონლის მჭამელი შეარქვეს, მეტი პასუხი ვერ მოვიფიქრე.

ცოტა არაზუსტია, მაგრამ ჩაგითვლით ამ პასუხს. მოკლედ, გიორგი  XII-ს ზაქიჭამიას ეძახდნენ...


ახლა გაჩვენებთ კლიპს და უნდა მიხვდეთ, ვინ მღერის...

ეს ესპანელი მომღერალია, ალეხანდრო სანსი, რომელიც ახლა ამერიკაში მოღვაწეობს.

(ხუთი კითხვის შემდეგ გომართელმა მოიგო შექსპირის "პერიკლე - მეფე ტვიროსისა და ციმბელინი").


რა ჰქვია ერთ პარიზულ რესტორანს, რომლის საფირმო კერძიც წითელი და შავი ხიზილალაა?

რატომღაც მახსენდება სტენდალის "წითელი და შავი". შეიძლება ასე ჰქვია მაგ რესტორანსაც....

სწორია!

მე-7 კითხვა: ბერძნული მითოლოგიის ცოდნას მოითხოვს. მითის მიხედვით, ეს იყო ბალახის მძოველი, ცხოველების მფარველი ქალღმერთი, რომლის სახელიც მეცნიერებმა ცხოველთა სამყაროს უწოდეს. რა ჰქვია მას?

მცენარეთა სამყაროს ფლორა ჰქვია. ბევრი ქალი ატარებს ამ სახელს. ალბათ მაგ ქალღმერთს ფაუნა ერქვა, ცხოველთა სამყაროს ასე მოვიხსენიებთ.

სწორია!



ამჯერად კითხვას სტუდიაში მაყურებელი ზვიად კამკამიძე დაგისვამთ. თუ მის კითხვას უპასუხებთ, კიდევ ერთ წიგნს მიიღებთ.
(ამასთან, არასწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე ვიქტორინას არ ეთიშება და აქვს შესაძლებლობა, დახუროს ტური და მე-9 და მე-10 კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში მოიგოს წიგნი). 

იაპონიის ზოგიერთ რეგიონში შენობებს ორი შესასვლელი აქვს, ერთი პირველ სართულზე და მეორე - მეორე სართულზე. რაში გამოიყენება მეორე სართულზე გაკეთებული შესასვლელი?

იაპონიისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მიწისძვრებია, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ მეორე სართულზე გასასვლელი გამოიყენება მიწისძვრების დროს ევაკუაციისთვის.

იაპონიის ზოგიერთ რაიონში დიდთოვლობა იცის, პირველი სართული ხშირად იფარება თოვლით, სწორედ ამისთვის ხდება საჭირო მეორე სართულის დამატებითი გასასვლელი (წიგნი მაყურებელს ერგო - თეოდორ დოსტოევსკის "მოთამაშე").


რა სიტყვა ითარგმნება იაპონურიდან, როგორც ცხენი გასივებული ზურგით.....

კუზი აქლემს აქვს, მაგრამ ცხენი რა შუაშია? შეიძლება ასე მოიხსენიებენ იაპონიაში აქლემს. ალბათ აქლემია.

სწორია!


თქვენ უნდა გამოიცნოთ, ვისია და რა ჰქვია ფოტოს.

როგორც ვიცი, მტრედი პაბლო პიკასოს სიმბოლოა. შორს აღარ წავალ და ვიტყვი, რომ ეს სურათი მისი შედევრი იქნება.

თქვენ უკვე შეგიძლიათ აიღოთ მეორე წიგნიც (ედგარ ალან პოს "მისტიფიკაცია") და დავიწყოთ ბრძოლა მესამე წიგნის მოსაგებად, რისთვისაც კიდევ ხუთ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა.

რომ გავჩერდე, ხომ შეიძლება?

რა თქმა უნდა, გაქვთ ამის უფლება.

თუ ასეა, მირჩევნია გამარჯვებული წავიდე და წავიღო ეს ორი წიგნი, ვიდრე დავმარცხდე. 

უტა ბიწაძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით