დათარსული სახლი?! "ღამე ვერ ვიძინებთ, ყველგან ცეცხლი გველანდება"
16-06-2014
დათარსული სახლი?! "ღამე ვერ ვიძინებთ, ყველგან  ცეცხლი გველანდება"
"ხანძრის დროს მხოლოდ ის ადგილი გადარჩა, სადაც ხატებია"

"საპატრულო პოლიციამ თავად ნახა, ფარდას ცეცხლი როგორ გაუჩნდა"

"კოსმოსური ამოუხსნელი ძალა აქტიურდება, როცა ოჯახში პრობლემებია, ჩხუბობენ და აგრესიულები არიან"


25 მაისს რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უჩვეულო ამბავი დაიწყო. ალექსანდრე და მადონა ფოჩხუების სახლში ფარდებსა და ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა, რომლის ჩაქრობაც მეზობლების დახმარებით ოჯახის წევრებმა ორჯერ შეძლეს, თუმცა, 3 ივნისს მესამედ გაჩენილმა ხანძარმა ბინა მთლიანად გაანადგურა, მისი პატრონები კი მდგმურებად აქცია. მომხდარს საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებიც შეესწრნენ. ბინა ამჟამად დალუქულია და სამართალდამცავები იცავენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  

რიმა მეგრელიშვილი, სახლის პატრონის, მადონა ფოჩხუას დედა: - სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ზოგი ეშმაკებზე საუბრობს, ზოგი - რქიან და წელში მოხრილ არსებაზე, რომელიც თურმე ხანძარს აჩენს... ინტერნეტში წერდნენ, ბავშვი ხედავს, ვინც აჩენს ცეცხლს და
ამიტომ მოძღვრებთან დაჰყავთო. არ ვიცი, ვის სჭირდება ასეთი ჭორების გავრცელება. ისიც უთქვამთ, თურმე ჩვენ ვაჩენთ ცეცხლს საკუთარ სახლში.

- ასეთი ეჭვი რატომ უნდა გაჩენილიყო?

- ვალი აქვთ და სახლს ცეცხლი იმიტომ წაუკიდეს, დაზღვევის თანხის აღება უნდათ, ვალი რომ დაფარონო. მდიდრები არ ვართ, მაგრამ არც ისე გავღატაკებულვართ,  ვალის გამო ეს საშინელება ჩაგვედინა.

- რა მოხდა თქვენს სახლში და ვინ იყო იმ დროს თქვენთან, როცა ოთახებში ცეცხლი ჩნდებოდა?
-  პირველად ჩემი ქალიშვილის ოთახში ვნახე დამწვარი ფარდა, მაგრამ ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო. ხუთ წუთში ბავშვის ოთახში ტანსაცმელი აალდა და ცეცხლი ჩემი ხელით ჩავაქრე. სამივე შემთხვევის დროს ქალები ვიყავით სახლში. ორჯერ, როცა ცეცხლი გაჩნდა, გადავრჩით, მესამედ კი ყველაფერი დაიწვა. ტანზე რაც ეცვათ ბავშვებს, იმის ამარა დარჩნენ. ბოლო ხანძარი დროზე რომ ვერ ჩავაქრეთ, სახანძროს ბრალია. გასაშლელი კიბე არ ჰქონდათ და მეოთხე სართულზე დაბლიდან ასხამდნენ წყალს. ღამე ვერ ვიძინებთ, ყველგან ცეცხლი გველანდება. მეუფესთან ვიყავით,  ჩამობრძანდება და ვაკურთხებთ სახლს. პატრიარქთანაც გვინდოდა მისვლა, მაგრამ ვერ შევძელით უწმინდესის ნახვა.

- თქვენ გარდა ვინმე შეესწრო ამ ფაქტს?

- ყვირილზე მეზობლები შემოცვივდნენ, საპატრულო პოლიციაც გამოვიძახეთ. მათ თავად ნახეს, ფარდას ცეცხლი რომ გაუჩნდა. პოლიციელები ხუმრობდნენ, პირველი შემთხვევაა, როცა არ ვიცით, ოქმში რა დავწეროთო. ბოლოს ის დაწერეს, რაც ნახეს.

- როგორც ვიცით, სახლის დაწვის შემდეგ თქვენი შვილი მეუღლითა და შვილით თქვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენს სახლშიც გაჩნდა ცეცხლი...
- ვერ გეტყვით, ეს რა იყო. ფარდაზე პატარა ნამწვი მართლაც აღმოვაჩინეთ, მაგრამ ეს უნდა დავუკავშიროთ თუ არა იმ შემთხვევას, რაც ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა, არ ვიცი.

- პოლიციამაც დაგკითხათ, ეჭვობს, რომ ცეცხლს ოჯახის წევრები აჩენთ?
- დაკითხვის დროს ეტყობოდათ, რომ ეჭვის თვალით უყურებენ ამ ფაქტს. არც მიკვირს. ასეთ რამეს, ალბათ, არც მე დავიჯერებდი. თუ გახსოვთ, ერთი წლის წინ ქარელის რაიონში ხალხი ამბობდა, ღამით ვიღაც სახლს ქვებს ესვრისო. როცა ტელევიზიით მოვუსმინე იმ ხალხს, გამეცინა, ნეტავ, რამდენი გადაგიხადეს, მაგ სისულელეებს რომ ჰყვებით-მეთქი.      

- ბავშვი უკვე 11 წლის არის, ამ ასაკის მოზარდებს ხანდახან უცნაური ქცევა ახასიათებთ...
- გამორიცხულია, ბავშვი აკეთებდეს ამას. სამივე შემთხვევის დროს ერთად ვიყავით ყველა. პოლიციამ და მეზობლებმაც საკუთარი თვალით ნახეს აალებული ფარდა. როცა ცეცხლი გაჩნდა და ჩავაქრეთ, ხალხი იყო ჩვენთან. ამ დროს სხვა ოთახიდან აყვირდნენ, აქაც წაეკიდა ტანსაცმელს ცეცხლიო. უჩვეულო ის არის, რომ ხანძრის დროს მხოლოდ ის ადგილი გადარჩა, სადაც ხატებია დაბრძანებული და ბავშვის ოთახი, რომლის კარიც ჩაკეტილი იყო.

ფოჩხუების მეზობელი: - პოლიციელებთან ერთად ვიდექი, როცა ცეცხლი გაჩნდა. არ ვიცი, რა ხდება ამ ხალხის თავს. მოძღვრები ამბობენ, თუ ლოცვას არ გააძლიერებენ, სადაც გადავლენ, ყველგან ასეთი განსაცდელი გაჰყვებათო.  
ერეკლე შონია, ანომალიური მოვლენების მკვლევარი: - საქართველოში თვითაალების შემთხვევა 80-იანი წლის დასაწყისში და 90-იანის ბოლოს დაფიქსირდა. შემთხვევა ორ სხვადასხვა ოჯახში მოხდა. მაშინ იწვოდა ტანსაცმელი, დაკეცილი თეთრეული, სხვადასხვა ნივთი. ერთ შემთხვევაში ცეცხლი ხელს არ წვავდა, მაგრამ ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. ბევრს არ სჯერა, მაგრამ კოსმოსური ამოუხსნელი ძალა აქტიურდება, როცა ოჯახში პრობლემებია, ჩხუბობენ და აგრესიულები არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცით, რა მოხდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგაც გაჩნდა სახლში ცეცხლი, რაც პოლიციამ ბინა დალუქა.  დაასრულებს პოლიცია გამოძიებას და მერე დავიწყებთ მოკვლევას.

მამა საბა ტუღუში: -  ყველა პრობლემა იმის მიხედვით გვატყდება თავს, რამდენად მორწმუნეები ვართ. ყველა ადამიანს ვურჩევ, გახდეს მაზიარებელი და ჰქონდეს სინანულის გრძნობა. მთავარი რწმენა და ლოცვით გაძლიერებაა. ადამიანები რაც მეტს ლოცულობენ, მით უფრო სუსტდება ეშმაკი და ვეღარ ერევა.

ჯემალ ხუბუა, ფიზიკის პროფესორი:

- ბუნებაში თვითნებურად არაფერი ხდება - ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.  უპირველესად უნდა გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორი, ანუ ხომ არავინ აჩენს ცეცხლს შეგნებულად. მერე შეიძლება ვისაუბროთ სივრცეში არსებულ მუხტსა და ენერგიაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო აალების მიზეზი. ჭარბი ენერგიის დროს იქმნება ნაპერწკალი, რაც ოთახში დაგროვილ გაზებს გაააქტიურებს. ზოგადად ატომები და მოლეკულები ნეიტრალურია, რამდენი დადებითი მუხტიც არის, იმდენი უნდა იყოს უარყოფითიც. თუკი ბალანსი ირღვევა და ჩნდება ჭარბი მუხტი, იქმნება ველი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგნების აალება. მე არ მჯრა შავი ძალების არსებობის.  მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა საგნებს ეკიდებოდა ცეცხლი. არის მატერიები, რომლებიც მინიმალური გახურების შედეგად შეიძლება აალდეს, მით უმეტეს, თუკი კონკრეტულ სივრცეში არსებობს ჭარბი მუხტი. მზის ენერგია, ხახუნის ძალა, სინათლის ანთების პროცესი - ამ ყველაფერმა შეიძლება წარმოქმნას ელექტრონული ნაწილაკები.

თვითაალებადი ბიჭუნა

ინდოეთში ექიმები უშედეგოდ იკვლევენ ამოუცნობ მოვლენას. 3 წლის ბიჭი, მშობლების მტკიცებით, თავისთავად აალდა. შემთხვევა ოთხჯერ მოხდა, რის გამოც ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო საქმეში. პატარას სხეულზე უცნობი წარმოშობის ძლიერი დამწვრობები და იარები აქვს. უეცარ თვითაალებას მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს. ნაწილი თვლის, რომ ორგანიზმში მიმდინარე უცნობი ქიმიური პროცესების გამო ტემპერატურა მაღლა იწევს და სიმხურვალე გარეთ ალის სახით გამოდის.

ეშმაკის ცეცხლი

მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონი მოწმე გახდა ბუნების უიშვიათესი მოვლენისა, რასაც "ეშმაკის ცეცხლი”უწოდეს. მიუხედავად შემზარავი სანახაობისა, ქალი არ შეშინდა და შეჩერდა, რომ ამ მოვლენისათვის სურათი გადაეღო. ცეცხლის ალი ანომალიურ მოვლენად ჩაითვალა, რაზეც მკვლევრებმა დაიწყეს მუშაობა.

უტა ბიწაძე

ნახეთ სიუჟეტი www.palitratv.ge
nini
16 ივნისი 2014 15:13
იძახეთ ეხა მოლანდებები და გამოლოცვები, რეალურად იაზროვნეთთქო რომ დავწერე ათეისტი ხარო ბნელმა ხალხმა გამომიცხადა

რედაქტორის რჩევით