"მაჭანკალი" ერთი დღით - კვირის პალიტრა

"მაჭანკალი" ერთი დღით

ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

"სამსახურსაც ვეძებ და ქმარსაც, ვის მივმართო? თუ ვინმე გყავთ საჩემო, მაიყვათ და დამალაპარაკეთ"

ჩემი პირველი კლიენტი ნანიკო ხაზარაძეზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობს...

ჟურნალისტები ხშირად ვწერთ ამა თუ იმ პროფესიის სირთულესა თუ ხიბლზე და ინფორმაციას იმ ადამიანებისგან ვიღებთ, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობით არიან დაკავებული. ვსვამთ კითხვებს, ვიღებთ პასუხებს, შემდეგ კი მკითხველამდე მიგვაქვს. თუმცა, ბუნებრივია, ბოლომდე ვერ ვითავისებთ იმ ემოციას, რასაც რესპონდენტი გადმოგვცემს და მხოლოდ "სხვისი (ანუ რესპონდენტის) თვალებით", გარედან მაყურებლებად ვრჩებით.

ჰოდა, გადავწყვიტე, ექსპერიმენტი ჩავატარო და თავად მოვირგო სხვადასხვა პროფესიის ადამიანის როლი - ყველაფერი "შიგნიდან", ანუ "ჩემი თვალებით" დავინახო.

ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ისეთ სფეროზე შევაჩერე, რომელიც ძალზე აქტუალურია - დასაქორწინებელთა პრობლემას შევეჭიდე და დაოჯახების ცენტრებს დავუკავშირდი თხოვნით, ჩემთვის ერთი დღით მათთან მუშაობის უფლება მოეცათ. რამდენიმე თავაზიანი უარის შემდეგ ქალბატონი ლია კანდელაკი სიამოვნებით დამთანხმდა, თუმცა გამაფრთხილა, შესაძლოა, დღე ისე გავიდეს, არავინ მოგაკითხოსო, მაგრამ "მაჭანკლის" როლის მორგება ისე მინდოდა, რომ იმედით აღსავსე ოფისს ვეწვიე...

მაშ, ასე, ჟურნალისტი პროფესიას იცვლის - თქვენ წინაშეა "მაEჭანკალი" ერთიI დღით.

ჩემი სამუშაო დღე დილის 10 საათზე დაიწყო. ქალბატონი ლია ადგილზე დამხვდა და მეც მაგიდას საქმიანად მივუჯექი. პირველი "კლიენტის" გამოჩენამდე, კარგა ხანს დამჭირდა ლოდინი. მანამდე წვრილმანებში გავერკვიე და ქალბატონი ლიას მომსახურების ტარიფიც ვიკითხე. გავოცდი, როცა გავიგე, რომ მომსახურებაში ფულს არავის ახდევინებს და მხოლოდ კეთილი საქმის კეთებით არის დაკავებული...

- 2 წლის წინ დასაქმების ოფისი გავხსენი. ძირითადად, ძიძებსა და მოხუცების მომვლელებს ვასაქმებდი. სამსახურის შოვნის მსურველთა ვრცელი ბაზა მაქვს. მათი უმეტესობა პედაგოგი, ექიმი და ექთანია. ბევრს ქმარი არ ჰყავს - ქვრივია, გაშორებული ან გაუთხოვარი. ჰოდა, ვიფიქრე, რატომ არ უნდა ვიზრუნო მათ დაოჯახებაზე-მეთქი? შარშან, ნოემბერში ჩემთან ერთი მამაკაცი მოვიდა, რომელსაც თურქეთში მცხოვრები ლაზი ნათესავისთვის ოჯახში დამხმარე სჭირდებოდა. - აუცილებლად ქართველი ქალბატონი გვინდაო, - გამაფრთხილა. ჩემს ბაზას გადავხედე და თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე რამდენიმე ქალბატონი დავითანხმე. მერე ისინი ლაზ კლიენტს "სკაიპით" ვაჩვენე, მაგრამ ყველა დაიწუნა. შუამავალმა მოგვიანებით გამანდო, რომ თურმე ნათესავი ცოლს ეძებდა და არა დამხმარეს. მოკლედ, მაშინ ის საქმე არ გამოვიდა, მაგრამ ახალ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი...

საუბარი ახალგაზრდა მამაკაცის გამოჩენამ შეგვაწყვეტინა, რომელმაც კარი მორიდებულად შემოაღო.

- შეიძლება?

- მობრძანდით, - მოვიპატიჟე და  მასთან სასაუბროდ მოვემზადე.

სკამის კიდეზე მორიდებით ჩამოჯდა და დაიწყო:

- 34 წლის ვარ, უცოლო. მინდა, ოჯახი შევქმნა, მაგრამ არ გამომდის...

- რატომ? რა გიშლით ხელს?

- ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვიპოვე, - შეიშმუშნა და უხერხულობისგან შეჭაღარავებულ თმაზე ხელი გადაისვა.

- როგორ გოგოს ეძებთ?

- ცნობილს! - ისე მიპასუხა, არც დაფიქრებულა.

- როგორს?! - მეგონა, მომეყურა.

- ცნობილს! ცნობადი სახე მინდა ცოლად!

- მაინც ვინ მოგწონთ, იქნებ მისი მსგავსი შეგირჩიოთ.

- მისი მსგავსი კი არა, სწორედ ის უნდა შემირჩიოთ.

აღმოჩნდა, რომ ჩემი პირველი კლიენტი ნანიკო ხაზარაძეზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანაზე ოცნებობს...

აუცილებელი პროცედურები გავიარეთ, - ანკეტა შევავსე, ზედ მისი ფოტოც მივაკარი და "სასიძოებში" მოვათავსე.

მამაკაცი წასვლას არ ჩქარობდა - შესაფერისი ქალბატონი გამოჩნდება თუ არა, მაშინვე შეგატყობინებთ-მეთქი, - გავუღიმე და დავემშვიდობე. - დაიმახსოვრეთ, მხოლოდ ცნობადი სახე მინდა! - გამიმეორა და ოფისიდან გავიდა.

მივხვდი, რომ ამ პროფესიის პირველი სირთულე უცნაურ ადამიანებთან კონტაქტია.

- ეს ხომ არ ჩამიწყვეთ, ქალბატონო ლია? - ღიმილით მივმართე ცოტა დაბნეულმა, რადგან ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კლიენტი სწორედ ჩემი "მორიგეობის" დღეს მესტუმრებოდა. მან კი - ამაზე უარესებიც ხდებაო, - დამამშვიდა.

კლიენტის მოლოდინში დრო გადიოდა და იმედიც მეწურებოდა, მაგრამ თურმე მთავარი ამბავი წინ მელოდა...

მამაკაცმა ჯერ ტელეფონზე დარეკა, მისამართი დააზუსტა და ცოტა ხანში გამოგვეცხადა.

თავიდან ისიც მორიდებით ჩამოჯდა და ხმადაბლა დაიწყო ლაპარაკი, თუმცა, შემდეგ ისე გათამამდა, რომ მტკიცე და შეუვალი პირობები წამიყენა, როგორი უნდა ყოფილიყო ქალი, რომელსაც ეძებდა - გასათხოვარი! ქალიშვილი (ქალწულს გულისხმობდა)! სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს! შვილიც უნდა გამიჩინოს!

კაცი საკმაოდ სიმპათიური გახლდათ, რაღა დაგიმალოთ და, მისი ქონების ჩამონათვალიც მომეწონა: 4-ოთახიანი ბინა, მანქანა, ბიზნესი... ჰოდა, თავი ნამდვილ "მაჭანკლად" წარმოვიდგინე და "მუღამშიც" კი შევედი, რომ ამ მამაკაცისთვის კარგი გოგო შემერჩია. "ფეისბუკი" გავხსენი და ჩემს გასათხოვარ მეგობრებს ჩამოვუარე. ირაკლი ზურგს უკან მედგა და კომპიუტერში შემძვრალი გოგოებს გულდასმით ათვალიერებდა...

- ეს ექიმია, კარგი გოგოა, სიგარეტი ცხოვრებაში არ მოუწევია - დავიწყე მეგობრის ქება.

- რამდენი წლის არის?

- 41-ის.

- არა, დიდია, უფრო ახალგაზრდა მინდა, შვილი ხომ უნდა გამიჩინოს? 40 წლის ზევით ამის შანსი იკლებს...

- აი, ეს ნახეთ, ჟურნალისტია - შემდეგი საპატარძლოს ფოტო ვაჩვენე... მერე ასე 5-6 გოგონას ბიოგრაფია დაწვრილებით მოვუყევი, ფოტოები დავათვალიერებინე და თან ენა გადავიტყავე მათი ქებით... წუნია სასიძო დროდადრო თავს აქნევდა, ხანდახან რომელიმეზე შეაჩერებდა მზერას და კომპიუტერის ეკრანს თითს ადებდა - აი, ეს სურათი გამიხსენიო.

მოკლედ, ჩემს კლიენტს "კვირის პალიტრის" ყველა გასათხოვარი გოგო ვაჩვენე და საბოლოოდ, არჩევანი ერთ მართლაც ლამაზ გოგონაზე შეაჩერა. ძალიან მოეწონა და მის შესახებ უამრავი კითხვა დამაყარა... მეც მთელი მონდომებით მოვუყევი, როგორი კარგი გოგოა ჩემი თანამშრომელი. ისე გავერთე ჩემი საქმით, რომ გულიც კი დამწყდა, ის გოგონა თან რომ არ მახლდა და მათი შეხვედრა იქვე არ შედგა... ირაკლის მთელი 2 საათი დავუთმე და ბოლოს იმედიანად დამემშვიდობა. მეც კმაყოფილი დავრჩი, რომ "მაჭანკლად" გარდასახვის მცდელობამ არცთუ ურიგოდ ჩაიარა, გამოგიტყდებით და, რომ წარმოვიდგინე, ჩემი დაწყებული ამბავი შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. ის კი არა, წამით პროფესიის შეცვლაზეც კი ვიფიქრე... ამ ფიქრებში გართული ტელეფონის ზარმა გამომარკვია. ქალბატონი იყო, საოცრად აღშფოთებული გახლდათ.

- ეს ვის შემახვედრეთ, ტაქტი მაგას არ აქვს და ზრდილობა, სიმპათიური კაცი კი იყო, კარგი ჯიპითაც მოვიდა, ინტელიგენტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ გაჩერებასთან ველოდი, მანქანა მომაყენა, არც გადმოსულა, შიგნიდანვე გამიღო კარი და - დაბრძანდიო, მითხრა. იმას მანქანაში როგორ  ჩავუჯდებოდი, მაგას მერეც ბევრი რამ შეეშლებოდა და ჯობდა, ნერვები არ მომეშალაო...

გავარკვიე, რომ თურმე იმ მამაკაცს მანამდეც შეახვედრეს 3 ქალბატონი და მათაც იგივე პრეტენზიები გამოუთქვამთ. მამაკაცი 52 წლის გახლავთ, კარგი პირობებით, მაგრამ როგორც ჩანს, ქალებისთვის მთავარი მაინც მამაკაცის ქცევაა და არა - ქონება.

შემდეგი კლიენტი 57 წლის, მხიარული და ენერგიული ქალბატონი გახლდათ, კახეთიდან. შემოვიდა და მხიარულება შემოიტანა.

- სამსახურსაც ვეძებ და ქმარსაც, ვის მივმართო?

- მე-მეთქი, - უკვე ისე ვუთხარი, როლში შესვლა არ დამჭირვებია.

- მამისმინე, გენაცვალე, ახალგაზრდა გოგო რო აღარა ვარ, ხო ხედავ, მარა განა მოვლილი არა ვარ?…

მართლაც, მშვენივრად გამოიყურებოდა, გემოვნებითაც ეცვა.

- ჰოდა, კახეთში ვცხოვრობ და თბილისში მინდა გადმოსვლა. ქვრივი ვარ, ერთი ბიჭი მყავდა და ცოლი მაიყვანა, დაბინავდა უკვე, ახლა ჩემს თავსაც უნდა მივხედო, სახლ-კარ იმათ დავუტოვ, მე კი აქეთ გადმოვალ. მთელი ახალგაზრდობა იმის ოცნებაში ვიყავ, თბილისში მეცხოვრა და ახლა მაინც ავისრულებ ოცნებასა. ვიცი, ძიძებად უშვებთ ხალხსა, ჰოდა, ისეთი ოჯახი მამიძებნეთ, დღედაღამ რო სჭირდებოდეს ძიძა. სახლის ქირაობა აღარ დამჭირდება, იმათთან ვიცხოვრებ, კაი კაცსაც თუ გავიცნობ, მაგას რა ემჯობინება.

-  შვილმა თუ იცის, თქვენი გეგმების შესახებ?

- როგო არ იცის, გენაცვალე, იმის გარეშე როგორ ვიზამდი რამეს.

- კარგი და, როგორი მამაკაცი გინდათ?

- მაღალი უნდა იყოს, ლამაზი და ჩემზე ახალგაზრდაც. ჩემნაირი ბებერი რად მინდა?! …

- მერე, არ გეშინიათ, რომ ახალგაზრდამ არ ისურვოს თქვენზე დაქორწინება?

- ძაანა ვარ მოწადინებული, იგრე ძაან რომა, ვიცი, მოვანდომებ იმ ახალგაზრდას და თუ ვინმე გყავთ საჩემო, მაიყვათ და დამალაპარაკეთ...

ქალბატონის მონაცემები დავიტოვე, მცირე ფოტოსესიაც ჩავატარეთ და დავემშვიდობე, თუმცა, წასვლამდე რამდენჯერმე გამიმეორა, - ძაანა ვარ მოწადინებულიო...…

სამუშაო საათები დამთავრდა და წამოსვლას ვაპირებდი, რომ სოლიდური გარეგნობის მამაკაცი მოვიდა.

- ცოლს ვეძებ და მითხრეს, რომ თქვენ მაპოვნინებთ, სწორ მისამართზე მოვედი?

- ცოლი დაკარგეთ-მეთქი? - შევწუხდი.

- არა, ცოლის მოყვანა მინდაო, - თავადაც გაეცინა.

კლიენტი 55 წლის გახლდათ,  უმაღლეს სასწავლებელში ლექტორად მუშაობს, ცოლი გარდაცვლილი ჰყავს, შვილები - დაოჯახებული და ახლა "სამანიშვილის დედინაცვლის" პირობებით ეძებს ქალს - განათხოვარსა და უშვილოს. არც თავისი უნდა ჰყავდეს და არც მასთან უნდა იყოლიოს...

- ასეთი ქალის პოვნა გაგიჭირდებათ-მეთქი, - წინასწარ გავაფრთხილე.

- თქვენთან იმიტომაც მოვედი, რომ იქნებ ასეთი მომაძებნინოთ, თორემ თუ მოვინდომებ, 25 წლის გოგოსაც შევაბამ.

- და რატომ არ გინდათ, შვილი რომ გააჩინოს?

- ჩემი შვილები გადაირევიან. ერთმანეთში ვერ იყოფენ ჩემს ქონებას და ახლა კიდევ მეწილე რომ გაჩნდეს, სულ გადაირევიან. თანაც, რაღა დროს ჩემი შვილია, იმას რომ გზაზე დაყენება დასჭირდება, მაშინ უნდა გამოვეცალო ხელიდან და რა აზრი აქვს? მეგობარი ქალის ყოლა შემიძლია, მაგრამ ცოლი მინდა, უცხოეთში მიწევს ხშირად სიარული და შინ რომ დავბრუნდები, მინდა, ვიღაც დამხვდეს, კარი გამიღოს, თბილი კერა დამახვედროს...…

საუბარში ქალბატონი ლია ჩაერია და იქვე მოძებნა რამდენიმე შესაფერისი კანდიდატი და…სავარაუდო საპატარძლოების სურათებიც აჩვენა. 50 წელს ქვევით ასაკის ყველა ქალბატონი დაიწუნა და ბოლოს არჩევანი 2 ქალბატონზე შეაჩერა.

მე კი ის კახელი გამახსენდა, ცალი ფეხით რომ გაასწრო დავითს და ლიას მისი კანდიდატურაც შევახსენე, თუმცა, მისი ფოტოს ნახვის შემდეგ დავითმა ტუჩი აიბზუა. არადა, როგორ მინდოდა, იმ "ძაან მოწადინებულ" ქალბატონს გამართლებოდა...

სასიძომ არჩეული საპატარძლოების ტელეფონის ნომრები ჩაიწერა და წავიდა...

ჩემი სამუშაო დღეც დასრულდა. საინტერესო აღმოჩნდა ხანუმას როლი. მართლაც გულით ვიყავი მოწადინებული, რომ ბედის მაძიებელ ადამიანებს დავხმარებოდი.

ქალბატონი ლია ამბობს, რომ ქალები უფრო იშვიათად აკითხავენ დაოჯახების მიზნით, ისინი უფრო სამსახურს ეძებენ. მამაკაცებს კი არ ერიდებათ იმის აღიარება, რომ მეორე ნახევარს ეძებენ. ქალბატონი ლიას არქივში უამრავი ანკეტა ინახება, რომლის პატრონებიც იმედით ელიან ბედის გამოჩენას. ერთ საქაღალდეს აწერია: "სასიძოები", მეორეს - "საპატარძლოები" და ერთმანეთის გვერდით აწყვია. ვინ იცის, იქნებ ცხოვრებაშიც გვერდიგვერდ მოუწიოთ ამ საქაღალდეებში ჩამოწიკწიკებულთ ცხოვრებამ...

ასე დასრულდა ჩემი "მაჭანკლობის"  1 დღე. სიკეთის კეთება სასიამოვნოა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ სასიძოებს ვერაფერი გავუგე - ერთს ახალგაზრდა და ქალწული უნდა, მეორეს - მოხუცი და რამდენჯერმე განათხოვარი. ძნელია, ამ ყველაფერში გაერკვე და ფაქტობრივად, სხვა ადამიანების ცხოვრებით იცხოვრო...

P.S. ექსპერიმენტი გრძელდება. კიდევ რომელ პროფესიას მოვირგებ, ამას მალე  შეიტყობთ. მანამდე კი იქნებ ჩემმა მოწადინებამ შედეგი გამოიღოს და ჩემი გასათხოვარი მეგობარი მაინც ვწიო ბედს...

მარი ჯაფარიძე