სტიქიური რისკ-ზონები
16-06-2014
სტიქიური რისკ-ზონები
ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი (განსაკუთრებით მთიანი) ნაწილი მიწისძვრების ზოლშია მოქცეული, კავკასიაში აღრიცხული 5 000-ზე მეტი ღვარცოფული აუზიდან ნახევარზე მეტი საქართველოზე მოდის, ამიტომაც ღვარცოფული აუზების რაოდენობის, ნაკადების წარმოშობისა და განმეორების სიხშირის, სიმძლავრის, ფორმირების სირთულის და მიყენებული ზარალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ რთულ და საფრთხის შემცველ რეგიონად ითვლება. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, ღვარცოფული აუზები ძირითადად განლაგებულია დიდი და მცირე კავკასიონის დამრეც ფერდობებზე, ჩქარი მდინარეების ხეობების გასწვრივ.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გაფრინდაშვილთან ერთად დაედგინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ცხელი რაიონები, სადაც შესაძლოა, დევდარაკის ან მსგავსი სიმძლავრის სტიქია განმეორდეს.


- ძალიან დაძაბულია მყინვარწვერის კვანძი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ახალგაზრდა, ე.წ. ვულკანების ზონა,
ისეთივე, როგორიც ქსნის სათავეებში ყელის ტბის მიდამოები, მესხეთ-ჯავახეთში - შავნაბადა, თავკვეთილი. გეოლოგიის ისტორიის მიხედვით, ბოლოს 10-12 ათასი წლის წინ გააქტიურდა თავკვეთილი ტბა ტაბაწყურთან. უფრო გვიანდელი უნდა იყოს ყაზბეგი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ამოფრქვევა მყინვარწვერზე 2700-2500 წლის წინ მოხდა. კიდევ უფრო ახალგაზრდაა ყელის ტბის მიდამოები. სტიქიური გეოლოგიური პროცესები იყოფა ორ ნაწილად: ენდოგენური, შინაგანი - მიწისძვრა და ვულკანი; ეგზოგენური, გარეგანი - მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და ნაპირის გადარეცხვა. ქვეყნის მთავარი საფრთხეა მიწისძვრები, მეწყრები და ღვარცოფები. რაც შეეხება ვულკანებს, საქართველოში დღეს ისინი საშიში არ არის.

დევდარაკის ხეობაში მოხდა მყინვარული ღვარცოფი, რომელიც დიდი აქტივობით ხასიათდება.

1832 წელს ხეობაში სამ-ოთხჯერ უფრო დიდი მოცულობის მყარი მასა ჩამოწვა, ვიდრე 17 მაისს, შეგუბებული წყალსაცავის გარღვევის შემდეგ კი ღვარცოფმა ვლადიკავკაზამდე წალეკა სოფლები. მყინვარმა მეორედ 1882 წელს შემოგვიტია. 2007 წელს, აგვისტოშიც დიდი მასა გამოიტანა. მყინვარწვერის კვანძს განეკუთვნება კოლკის მყინვარი რუსეთის ტერიტორიაზე. დევდარაკი და კოლკა ერთი სისტემაა. 2002 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კოლკის, იმავე კარმადონის სახელით ცნობილი ტრაგედიის დროს მყინვარულმა ღვარცოფმა შთანთქა სამასამდე ადამიანი და მათი ნახევარი დღესაც არ არის ნაპოვნი. მთლიანად დაიღუპა ფილმის გადამღები ჯგუფი.

- დევდარაკის ამბის შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია კავკასიონის გულში ვულკანური ბიძგების გააქტიურების შესახებ...

- რუსი მეცნიერები აკვირდებიან კავკასიას, რადგან ამ მონაკვეთში შექმნილი პრობლემები მათაც ეხებათ, მაგრამ კავკასიონი ახალგაზრდა მთათა სისტემაა და გასაკვირი არ არის, თუ მის გულში აქტიური პროცესები მიმდინარეობს.

- დევდარაკის ხეობის ზემო ნაწილში თურმე შეჩერებულია მოწყვეტილი მყინვარის დიდი მასა. ეს საშიში არ არის?

- მასის ენერგია ჩაქრა და მისი ადგილიდან დაძვრა, ალბათ, ძნელი იქნება. თუმცა, მას მუდმივად აკვირდებიან. ახლა ჩვენი სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა ყველა კრიტიკულ ზონაში დაინერგოს სტიქიური უბედურების პირველადი შეტყობინების სისტემები. თუ ზემოთ რაღაც მოხდება, სიგნალი კომპლექსურად გადაეცემა ზონას, სადაც არის ინფრასტრუქტურული ობიექტები და ხალხი მოძრაობს. ევაკუაციაც დროულად მოხდება.

- კიდევ სად არის ყველაზე კრიტიკული ზონები?
- არაგვის ხეობაში, სადაც ყველა მდინარე ღვარცოფულია. ალბათ, მათაც აღვჭურავთ საჭირო ტექნიკით. სენსორულ მიმღებებს ასევე დავაყენებთ ლაგოდეხში, ყვარელში, ალაზნის და ივრის შენაკადების ღვარცოფმატარებელ დურუჯზე, კაბალზე და ა.შ.
1989 წლის გაზაფხულზე აჭარაში, სხალთის ხეობაში, სოფელი წაბლანა დაიმარხა, ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ასეთი კატასტროფები ყოველთვის ხდებოდა საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი მთიანი რეგიონია.
ბოლო 20-25 წლის განმავლობაში კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც გააქტიურებულია სეისმური ბიძგები,რაც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. მეწყრების და ღვარცოფების გააქტიურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უხვი ნალექი, რაც კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე უფრო ხშირია. ამ ყველაფერს ემატება ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევა, არასწორი სამეურნეო საქმიანობა. ისე ჩამოჭრიან ფერდობს და ააშენებენ საცხოვრებელ სახლს, არც ფიქრობენ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ბუნების უნდა გესმოდეს, უნდა შევძლოთ პროცესებთან ადაპტირება; მზად უნდა ვიყოთ - როგორ, სად, რა გვემუქრება, რა მასშტაბის შეიძლება იყოს საფრთხე და რა ღონისძიებაა ჩასატარებელი.

- მონიტორინგის შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით ყურადღებით სად უნდა ვიყოთ?
- ვიწრო ტერიტორიულ ერთეულს ვერ შეარჩევ, რეგიონების ჩამოთვლა კი შეიძლება. ეს რეგიონებია: მთიანი აჭარა, ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთის ზონა, დარიალისა და არაგვის ხეობები, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სამეგრელო, გურიისა და იმერეთის მთისწინეთი. 15-20 წლის წინ კახეთის რეგიონი საშუალო დონის საფრთხის წინაშე იდგა, ბოლო წლებში კი კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ მაღალი რისკის ზონაში გადავიყვანეთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იქმნება ღვარცოფების მოვარდნის დროს. გვაქვს სტაბილური ტერიტორიებიც, სადაც არასოდეს არაფერი მოხდება. ასეთია იმერეთის ქვემო ზონა, ქვემო ქართლის ნაწილი, ჯავახეთის ზონა. ზემო სვანეთში ერთ-ერთ ურთულეს ზონად ითვლება ლახამულა... ხევების, წყალსადინარების უმრავლესობა ღვარცოფულია, მაგრამ იქ დევდარაკის მასშტაბის კატასტროფა გამორიცხულია, საამისო პირობები არ არის.


საქართველოში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფები

1991 წლის 29 აპრილს საქართველო მიწისძვრამ შეარყია. მაგნიტუდა 6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში (რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში) - 9 ბალი იყო. დაიღუპა 200-მდე ადამიანი. რაჭაში, იმერეთში, შიდა ქართლის რაიონებში დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1 000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი.

1992 წლის ოქტომბერში მოხდა კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.5, ეპიცენტრში, ბარისახოსთან ინტენსივობა - 8 ბალი იყო. 

1988 წელს აჭარაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 1989-94 წლებში ძლიერი მეწყრები გამოიწვია. ფაქტობრივად, ყველა სოფელსა და რაიონში დაზიანდა გზები, საცხოვრებელი სახლები. 5 ათასზე მეტი ოჯახი ეკოემიგრანტის სტატუსით აჭარის მაღალმთიანეთიდან გადმოასახლეს. 1811-12 წლებში მდინარე რიონზე მომხდარმა წყალდიდობამ დაანგრია საცხოვრებელი სახლები, გაჩანაგდა სავარგულები, რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 30%-ით. რიონზე ამგვარი წყალდიდობები განმეორდა 1839, 1912, 1922, 1962, 1982, 1987 წლებშიც. რამდენჯერმე წყლის დონემ თითქმის 10 მ-ით აიწია. განსაკუთრებით დიდი წყალდიდობა დასავლეთ საქართველოში მოხდა 1987 წელს, როცა დაიტბორა 20 000 ჰა-ზე მეტი ფართობი, დაზიანდა და დაინგრა 2 000 საცხოვრებელი სახლი, მწყობრიდან გამოვიდა 1,1 ათასი კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები, ევაკუირებული იქნა 16 ათასი ადამიანი და საერთო ზარალმა 300 მლნ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
მდ. მტკვრის აუზში 1939 წელს მოხდა წყალდიდობა, რომლის დროს წყლის დონემ მეტეხის ხიდთან 9,6 მეტრით აიწია.
ნინო
23 ივნისი 2014 13:29
სამწუხაროა მაგრამ ეს ყველაფერი რეალობააა! რად გვინდა ამდენი წყალსაცავები თუ ფასები იგივე (ძალიან ძვირი) იქნება..?
ana
20 ივნისი 2014 04:13
მერაბ მეტრეველს.. საქარტველო რომ დღეს ბუნებრივი კატასტროფის წინ დგას ამაში უსირცხვილოდ ისევ ქარტველ მოსახლეობას დებტ ბრალს.და ერტი არ გიხსენებიატ ტუ რა დიდი წვლილი მიუძღვის ტქვენს სამინისტროს.. ისევ ტქვენი სამინისტროების და სატყეო მეურნეობების მიერ გაიჩეხა და მიწისაგან პირისა აღიგვა ხარაგაულის ტყე პარკად წოდებული,და ტურქეტში იქნა გატანილი.. ბორჯომის სატყეო მეურნეობაშიც იგივე მდგომარეობა, ყველგან ერტი და იგივე ხდებოდა და ხდება რა გააკეტა ან ადრე ან ეხლა ტქვენმა სამსახურმა?? ტუ ტქვენ ახალი მოსულიხარტ ...??რა საჭირო იყო ამდენი ჰესები,ტუკი ქარტველი ხალხი ენერგიას გაძვირებულ ფასად მიიღრებდა?? აჰ ბიუჯეტის შესავსებად?მერე რად გაქვტ გარღვევა ბიუჯეტში?? ხედავტ რომ აშავებტ და მაინც ტავს იმარტლებტ, და ისევ გლეხს აბრალიტ,ტურმე სახლი რომ ააშენა ფერდობი ჩამოჭრა ტურმე, ის დაგავიწყდა რომ იმ გლეხმა სახლტან ერტად ხეხილიც გააშენა და ხეც დარგო,მან იცოდა რომ უნდა გაფრტხილებოდა იმას რასც ასაზრდოებდა ანუ ტყეს..ტქვენ რა იციტ სოფლის ცხოვრების ,გლეხების უმეტესობა მტიან ზონაში ტყის იმედიტ ცხოვრობენ,,ტქვენ რომ სოფლები დატბორეტ ჰესებისატვის ,ეს რად ახსენეტ,მტავრობას უფრტხიტ?ტუ გლეხი დაბალი ღობეა და ადვილად გადახტებიტ?ფრტხილად იმგლეხმა დაგსვატ მაგსკამებზე. რად არ გაგახსენდატ ლარსის ხეობაში რაც მოხდა ,ეგეც გლეხის აშენებული სახლის ბრალი იქნება,გლეხისა რომელიც ისევ ტქვენაიდზულეტ დაეტოვებინა სოფელი მტა იმიტომ რომ ტავზე ქუდივიტ ჩამოაცვიტ დატბორილი ხელოვნური ტბები,სწყალსაცავები,და მარწუხებში მოაქციეტ მდინარეები,შედეგიც სახეზე გვაქვს,ტქვენ კი ტავს იმარტლებტ...სად არის ის ინვესტორი ხაიშის დატბორვა რომ სურს და ჰესის აშენება,..იქნებ კალაძემ ეხლა მაინც დაინახოს ის რაც გველოდება მსგავსი ჰესების გამო..ნუტუ ყველაფერი ფულიტ იზომება?? როდემდის ასეტი ტყუილები და განუკიტხაობა საკუტარი ხალხისა და მიწაწყლის.. უფლის ტქვენ არ გწამტ,და ხატის,ხალხი ტქვენ არად მიგაჩნიატ და ფულისატვი დედასამშობლოს 30 ვერცხლად ყიდიტ,როდემდის ივანიშვილო??იოცნება ალბატ ერტ დროს მტავრობანას ტამასჰი და აგისრულდა,მაგრამ ეხლა უკანაც მიიხედე რა კვალს ტოვებტ..

რედაქტორის რჩევით