ნუ მოკლავ შვილს!!!
16-06-2014
ნუ მოკლავ შვილს!!!
"აბორტი უნდა დაისაჯოს ისევე, როგორც ნებისმიერი მკვლელობა"

პარლამენტში განსახილველად შედის საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის წესს შეცვლის. თუ დღემდე სამი დღის განმავლობაში მხოლოდ გინეკოლოგს ევალებოდა ქალის დარწმუნება, რომ აბორტი არ გაეკეთებინა, კანონის ცვლილების მიხედვით, საქმეში ჩაერთვება ფსიქოლოგიც, მოსაფიქრებელი ვადა კი სამიდან ხუთ დღემდე გაიზრდება. დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, როგორც კი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყება, მოსალოდნელია არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო გამოსვლები მოთხოვნით, რომ აბორტის წინა, მოსაფიქრებელი ვადა
კი არ შეიცვალოს, საერთოდ გაუქმდეს(?!).

ანზორ თოთაძე: - არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მოთხოვნას ქალის უფლებების დაცვით ხსნიან. მოსაფიქრებელი პერიოდის ხუთ დღემდე გაზრდით ქალი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან თურმე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ქალს აქვს აბორტის გაკეთების უფლება, მაგრამ ამ უფლების გამოყენებისას
შეიძლება დაირღვეს სხვისი უფლებები, ამიტომ საჭიროა ამ პროცესის დაბალანსება.

ხშირად ქალს მთელ ცხოვრებას უმრუდებს აბორტი და ერთ დროს დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი უხდება. ხომ ცნობილია შემთხვევები, როცა პირველი აბორტის შემდეგ ქალი კარგავს შვილოსნობის უნარს? როდესაც ახალგაზრდა ქალი (არცთუ იშვიათად 13-17 წლის გოგონები) აბორტს იკეთებს,
გამაოგნებელია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავგამოდება აბორტის წინა, მოსაფიქრებელი ვადის გაუქმების შესახებ - კანონით ხომ მხოლოდ დროის ხანგრძლივობა იზრდება!

ამასთან, თუკი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში ბავშვის მკვლელობის თავიდან ასაცილებლად რაიმე მექანიზმი გამოდგება, ქალი რატომ არ უნდა დაეკითხოს ჭკუას გინეკოლოგს და ფსიქოლოგს და რატომ უნდა უსმინოს საეჭვო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციებს? ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ თურმე მოსაფიქრებელი ვადის გაზრდის შემთხვევაში ორსულობა არა კანონით ნებადართულ 12 კვირამდე, არამედ უფრო გვიან შეწყდება. ეს ხომ აბსურდია - რა, ყველა ქალი მაინცდამაინც მეთორმეტე კვირას დაელოდება?   

სელექციური აბორტები

იმის შესაძლებლობამ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში დადგინდეს ნაყოფის სქესი, სელექციური აბორტების ტალღა წარმოქმნა. აბორტს ხშირად იკეთებენ იმიტომ, რომ ნაყოფი მშობლებისთვის არასასურველი სქესისაა(!). ასეთი ძალადობის მსხვერპლი ძირითადად გოგონები არიან - მშობლებს მათი დაბადება არ სურთ. ეს მანკიერი მიდრეკილება დემოგრაფების, მედიკოსების, სოციოლოგების ყურადღებას იქცევს, რადგან ხელოვნურად სქესთა თანაფარდობის რეგულირებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება - შემცირდება შობადობა.

სელექციური აბორტის შედეგად, უხეში გაანგარიშებით, 1995 წლის შემდეგ დაახლოებით 25 ათასი ქალით ნაკლები დაიბადა, ე.ი. 25 000 აბორტი გაკეთდა მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებს გოგონას დაბადება არ სურდათ. და ეს უმძიმესი სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ აბორტის გაკეთებამდე ქალს მოსაფიქრებელი დრო მიეცეს? ჩვენთან ჩამოყალიბებული სქესთა თანაფარდობის თავისებურების გათვალისწინებით
ქალმა უნდა მიიღოს სპეციალისტის რჩევა. მას უნდა ჰქონდეს მოსაფიქრებლად დრო, რათა შეძლოს, გააანალიზოს, რაოდენ მძიმე ცოდვას სჩადის, როდესაც სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ სპობს, რომ ნაყოფი მისთვის სასურველი სქესის არ არის. ქალი უნდა მიხვდეს, რა სახიფათოა საზოგადოებისთვის სქესთა თანაფარდობის ხელოვნურად შეცვლა.

მამის უფლება

ხშირად ქალები ისე იშორებენ ნაყოფს, მეუღლეს არც უმხელენ, არადა, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, "საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". ქალიც ვალდებულია, ეს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღოს. განქორწინების დროსაც კი მეუღლეებს მოსაფიქრებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთ თვეს აძლევენ.

აბორტი და ნაადრევი სქესობრივი კონტაქტი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საქართველოშიც უაღრესად გაახალგაზრდავდა სქესობრივი ცხოვრების დაწყების პერიოდი და მოზარდობის ასაკში არასასურველი ორსულობის რაოდენობამაც იმატა. მოზარდი, რომელმაც ნაადრევად დაიწყო სქესობრივი ცხოვრება და დაორსულდა, მარტო დავტოვოთ და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას მივანდოთ?
როდესაც ოპონენტები უფლებებზე ლაპარაკობენ, რატომ ავიწყდებათ იმ ბავშვის უფლება, რომელიც მხოლოდ იმის გამო უნდა მოკლან, რომ მშობლებისთვის არასასურველი სქესის არის, ნაადრევი სქესობრივი კონტაქტის თუ არაოფიციალური ურთიერთობის ან სხვა მიზეზით ჩაისახა?

მთავარი სწორედ ამ ბავშვების სიცოცხლის უფლებაა და ჩვენ ბევრი მათგანის გადარჩენა უნდა შევძლოთ. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ აბორტი საერთოდ უნდა აიკრძალოს და თუ უფლებების კუთხით განვიხილავთ ამ თემას, მთავარი უფლება მუცლადმყოფ, უდანაშაულო არსებას - ბავშვს აქვს:

-  ქალს უფლება აქვს, არ დაორსულდეს, მაგრამ თუ ნაყოფის აბორტით მოცილებას განიზრახავს, ის შვილის მკვლელია.
რა მნიშვნელობა აქვს, ერთი დღისას მოკლავს, თუ ათი წლისას,
გაზრდილს? დღეს, როდესაც უამრავი დოკუმენტური მასალა, ფილმი გვიჩვენებს, რას გრძნობს აბორტის დროს მუცლად მყოფი ბავშვი, როგორ ემალება ექიმის იარაღს, ცდილობს, თავი გადაირჩინოს, ნუთუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს ვინმეს? აბორტი უნდა დაისაჯოს ისევე, როგორც ნებისმიერი მკვლელობა.

კულტის დილემა

კანონზომიერების მიხედვით, ყოველ 100 გოგონაზე 103-105 ვაჟი იბადება. ეს ბუნებრივი თანაფარდობა საქართველოში დაირღვა სწორედ სელექციური აბორტების გამო. 1995 წლიდან, რაც ექოსკოპიით შესაძლებელი გახდა სქესის დადგენა, საქართველოში ყოველ 100 გოგონაზე 110-114 ვაჟი იბადება. ასეთი ვითარება გამოიწვია ვაჟის კულტის გავრცელებამ. ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ ახალდაქორწინებულთა 80%-ს სურდა, სამი შვილიდან ორი ვაჟი და ერთი გოგონა ყოფილიყო, ხოლო 6%-ს სამივე ვაჟი უნდოდა. ვაჟის კულტი გავრცელებულია ჩინეთში, კორეაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. აშშ-შიც კი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს, გაიგოს მომავალი შვილის სქესი, სოციოლოგიური გამოკვლევის დროს გამოკითხულთა 39% აღიარებს, რომ პირველი შვილი ვაჟი სურს.

საშინელი სტატისტიკა

თუ 2003 წელს 14 000 აბორტი აღირიცხა, 2013 წლისთვის უკვე 40 000 შეადგინა. სოციოლოგების განმარტებით, არაოფიციალური აბორტების რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება და ბოლო წლებში 100-150 ათასს შორის მერყეობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაშიც ფიქსირდება, 2012 წლის მონაცემებით ასეთი აბორტის 20 შემთხვევაა აღრიცხული (მათ შორის - 11 ხელოვნური). საქართველოში აბორტს, ძირითადად, მეორე და შემდგომ ორსულობაზე იკეთებენ.

მუცლის მოშლა კანონით ისჯებოდა

წერილობითი წყაროების მიხედვით საქართველოში კანონით ისჯებოდა მუცლის მოშლა: "დედაკაცმან რომ ქნას რამე წამალი და თავის მუცელში შვილი მოიკლას, დედაკაცსა მას ცოტა ხანს ექსორია (გაძევება-განდევნა) უყონ. რომელმან დედაკაცმან ანუ მამაკაცმან მისცეს წამალი დედაკაცსა და მუცელში შვილი მოუკლას, უკეთუ ღირიბი იყოს, მეფემ შეიპყრას, სცეს, გაკრიჭოს, ლაფი დაასხას, ვირზე შესვას და გააგდოს ("ქართული სამართლის ძეგლები")".
maknatuna
28 ივნისი 2014 01:41
იმ კაცის თუ ქალის დედაც .... ვინც შვილს იმიტომ იმეტებს მოსაკლავად, რომ სქესი არ მოსწონს..რამდენი წყვილი ნატრობს შვილს და ზოგი უგუნური კიდე სქესის გამო კლავს, გამოდის რომ შვილის დაბადება კი არ უხარია, ბიჭის დაბადება ახარებს და დადგება მერე ასეთი ვითომ კაცი და ქალის სადღეგრძელოს ლექსად იტყვის, მეორე დღეს კიდე ცოლს გოგოს მოაშლევინებს...გული მერევა თქვენზე პატარა კაცუნებო
davit
23 ივნისი 2014 22:37
ხოოდა უკვე აიკრძალა სქესის დადგენა და ექიმებს გამოუჩნდათ ახალი დამატებით ფულის შოვნის საშვალება . ეჰო თუ გირს 50 ლარი დამატებით სქესის დადგენაზე ითხოვენ, თუ არადა აკრძალული მააქოო ესე მითხრეს.
კახა
23 ივნისი 2014 13:53
სამოქალაქო კოდექსით, სიკვდილი თავის თვინის ფუნქციის შეწყვეტაა. აქედან გამომდინარე, აბორტიც ჩვეულებრივი მკვლელობაა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები