ფრთხილად - სილამაზე მსხვერპლად არ დაგიჯდეთ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად - სილამაზე მსხვერპლად არ დაგიჯდეთ!

27 წლის თ. გ. ორი თვეა დერმატოლოგთან მკურნალობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, თმის სოკოვანი დაავადება ერთ-ერთ სალონში სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთების შემდეგ გაუჩნდა. თ. გ.: "მეგობრის ქორწილში მეჯვარე ვიყავი. სადღესასწაულო ვარცხნილობა და მაკიაჟი ერთ-ერთ სილამაზის სალონში გავიკეთე. შევამჩნიე, სავარცხელზე, რითაც თმას მისწორებდნენ, სხვადასხვა ფერის თმა იყო დახვეული, მაგრამ არაფერი მითქვამს. დაახლოებით ორ კვირაში თავის ქავილი დამეწყო. ექიმმა სოკოვანი დაავადება დამიდგინა და დღემდე ვმკურნალობ".

რა მდგომარეობაა თბილისის სილამაზის სალონებში? რამდენად დაცულია თმის შესაჭრელად თუ მანიკიურის გასაკეთებლად შესული მომხმარებელი? ამის გასარკვევად  ქალაქის რამდენიმე სილამაზის სალონს ვესტუმრეთ. კითხვაზე, რამდენ გრადუს ტემპერატურაზე სტერილდება მანიკიურის გასაკეთებელი ინსტრუმენტები, არაერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ. ზოგიერთ სალონში გვითხრეს, რომ 100 გრადუს ტემპერატურას იყენებს, ზოგი - 300-ს და ზოგიც  360-ს. სტერილიზაციისთვის თითქმის ყველა სალონს "კვარცის" აპარატი აქვს. როგორც სალონის თანამშრომლები ამბობენ აპარატის ჩართვიდან 5 წუთის, შემდეგ ირთვება მასზე განთავსებული ნათურა და გვაძლევს ნიშანს, რომ სტერილიზაცია დასრულებულია.

სალონებში წყალს ბოთლებით იმარაგებენ

რკინიგზის სადგურთან გადასასვლელ ხიდზე  რამდენიმე ე.წ. "სილამაზის სალონია". ეგრეთ წოდებული-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ თითოეულ მათგანს, დაახლოებით ორი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია, სადაც პარიკმახერი და კლიენტი ძლივს ეტევა. თმის შეჭრა სამი ლარიდან იწყება და თმის გასწორებასთან ერთად, ქალებს წარბების კორექციასაც სთავაზობენ. ყველა სტილისტმა გასაუბრებაზე უარი გვითხრა, ზოგმა კარი ცხვირწინ მოგვიკეტა, რაც ეჭვს ბადებს, რომ ამ სალონებში სანიტარიული მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. მაკონტროლებელი ორგანო (სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური), რომელიც წლების წინ სხვა დაწესებულებებთან ერთად სალონებს ამოწმებდა, დიდი ხანია აღარ არსებობს. ერთ-ერთი პარიკმახერისგან ვიგებთ, რომ ახლომახლო წყალი არ მოდის, ამიტომ ბოთლებით  ეზიდებიან.

სავარცხელში ჩახვეული თმები და ჭუჭყიანი მაკრატლები

სავარცხელში ჩახვეული თმები და ჭუჭყიანი მაკრატლები - ასეთ სურათს სალონებში ხშირად ნახავთ. როგორ და რა პერიოდულობით ასუფთავებენ სავარცხლებსა და მაკრატლებს? როგორც ერთ-ერთი პარიკმახერი გვეუბნება, გამოყენებისთანავე სპირტით ასუფთავებენ. არადა, ამ სალონში იმ დროს შევედით, როდესაც კლიენტი არ ჰყავდათ, ჭუჭყიანი იარაღები კი საწინააღმდეგოზე მიანიშნებდნენ. ერთმა სტილისტმა ისიც გვითხრა, სავარცხელში ჩახვეულ თმებს იმიტომ არ ვაცლით, რომ გასწორების დროს მომხმარებელს თმა არ დაეწვასო.(?!) თავის დასაბან ნიჟარაში ბინძური წყალი იყო დაგუბებული, გამოყენებულ და იქვე მიგდებულ პირსახოცზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

"უნივერსალური" "კვარცის" აპარატი

ამ ქუჩაზე მდებარე სხვა სალონის მენეჯერი გვიხსნის, რომ  ინსტრუმენტებს სტერილიზაცია ყოველი გამოყენების შემდეგ ქლოროფორმით უკეთდება. სად და რამდენ გრადუს ტემპერატურაზე სტერილდება მანიკიურისა და პარიკმახერის ინსტრუმენტები? - ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი მივიღეთ: სავარცხელი და მაკრატელი არ ვიცი,  მაგრამ აი, მანიკიურის იარაღები "კვარცის" აპარატში 100 გრადუს ტემპერატურაზე სტერილდებაო.

ერთ სალონში გვითხრეს, რომ მაკრატლებსა და სავარცხლებს მშრალ სტერილიზატორში მოხვედრამდე სპეციალურ ხსნარში ამუშავებენ. როდესაც ხსნარის ჩვენება ვთხოვეთ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდათ. ამ სალონის მემანიკიურეს ერთი წყვილი ინსტრუმენტი აქვს. გვიხსნის, რომ ყველა მათგანს "კვარცის" აპარატში 300 გრადუს ტემპერატურაზე 3-4 წუთის განმავლობაში ასტერილებს, ქლიბს კი სპირტით წმენდს.

ამავე ქუჩაზე სალონების დათვალიერებას განვაგრძობთ. ერთ-ერთი სალონის მეპატრონე თავს იწონებს, რომ ცხრა წელია, რაც დაწესებულებას ამუშავებს და მუდმივი მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. გვეუბნება, რომ მაკრატელსა და სავარცხელს თვეში ერთხელ "გულიანად" ასტერილებენ (?!),  მანიკიურისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებს კი "კვარცის" აპარატში 360 გრადუს ტემპერატურაზე ასტერილებენ(?!).

ელზა ვაშაკიძე, ინფექციონისტი:

- სილამაზის სალონების უმრავლესობა მანიკიურის ხელსაწყოებს "კვარცის" აპარატში ასტერილებს. რამდენად სანდოა ეს აპარატები?

- ამ კითხვაზე ობიექტურ პასუხს  ვერ გაგცემთ, "კვარცის" აპარატის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი.

- ინსტრუმენტების სპირტით გაწმენდა რა შედეგს გვაძლევს?

- ეთილის სპირტი დამღუპველად მხოლოდ შიდსის ვირუსზე მოქმედებს. ჩ და B ვირუსებზე სპირტი არ მოქმედებს. მთავარია, ინსტრუმენტებზე სისხლის ნაწილაკების მოცილება. ამიტომ ინსტრუმენტები ჯერ უნდა დალბეს, გასცილდეს სისხლი, შემდეგ გამდინარე წყალში გაირეცხოს, გაშრეს და შემდეგ გასტერილდეს.

ლელა ლომიძე, დერმატოლოგი:

"დაუშვებელია ერთი და იმავე ინსტრუმენტის რამდენიმე ადამიანზე გამოყენება.

საშიშროება რომ თავიდან ავიცილოთ, კარგი იქნება, თუ  ინსტრუმენტები ამგვარი წესით დამუშავდება: ლითონის სავარცხლები და მაკრატლები საპნიან წყალში უნდა გაირეცხოს, შემდეგ ჩაიდოს ლიზოფორმინის ხსნარში ან შესაძლებელია მათი მშრალი სტერილიზაცია სპეციალურ აპარატში.

სამწუხაროდ, ბევრ სალონში ერთ სავარცხელსა და მაკრატელს იყენებენ, რაც ინფექციური, ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი წარმოშობის დაავადებების გადატანის საშიშროებას ქმნის.

მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ სავარცხელზე არ იყოს სხვისი თმა დახვეული. ასევე ერთი პირსახოცით რამდენიმე ადამიანისთვის თმების გამშრალება კატეგორიულად დაუშვებელია. პირსახოცი მექანიკურად ედება კანს და თუ მასზე არის ჩირქოვანი კერები, გამშრალების დროს შესაძლოა გაიხსნას და ჩირქი პირსახოცზე გადავა. სოკოს სპორები ყველაზე ხშირად ფრჩხილის კიდეების გასახეხად გამოყენებულ ქლიბებზე გადადის.

რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, ის არათუ აზიანებს თმას, ზრდასაც აფერხებს და შეიძლება დაზიანებულ ადგილას თმა აღარ ამოვიდეს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სოკო სახეზე ან კისერზე გადაედო, ჩნდება სოკოვანი გამონაყარი.

ასე რომ, სანამ თმის შეჭრას, სადღესასწაულო ვარცხნილობის ან მანიკიურის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიკითხეთ, სად და როგორ სტერილდება ხელსაწყოები.

თორნიკე ყაჯრიშვილი

რისკფაქტორები სილამაზის სალონებში

C  და B ჰეპატიტის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა, ძირითადად, ინფიცირებული სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ხდება. როგორც მედიკოსები ამბობენ, C ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსის გასანადგურებლად იარაღების სტერილიზაციისთვის მინიმუმ - 100, ხოლო B ჰეპატიტის შემთხვევაში - 120 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო.

იხილეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე